სატელიტურმა ფოტოებმა ბელარუსში „ვაგნერის“ ბაზაზე სამშენებლო აქტივობები დააფიქსირა

სატელიტურმა ფოტოებმა ბელარუსში „ვაგნერის“ ბაზაზე სამშენებლო აქტივობები დააფიქსირა

მედიაში გავრცელებული სატელიტური ფოტოებით ირკვევა, რომ ბელარუსის დედაქალაქ მინსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, „ვაგნერის“ სამხედრო ბაზაზე ახალი ნაგებობები გამოჩნდა. რუსული მედიასააგენტოების ინფორმაციით, ბელარუსში წასული ევგენი პრიგოჟინი მინსკიდან 50 კილომეტრში, ქალაქ ოსიპოვიჩისთან ახლოს სამხედრო ბაზას განაახლებს.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ Sentinel 2 სატელიტებით გადაღებული სურათებით ირკვევა, რომ სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარე სოფელ ცელში გრძელი ნაგებობების რიგები ჩნდება. 14 ივნისის მონაცემებით კი ეს არეალები სრულად ცარიელი გახლდათ. თუმცა სატელიტურ ფოტოებზე აღბეჭდილი ნაგებობების დანიშნულება რთულად გასარკვევია.

შეგახსენებთ, წარუმატებელი ამბოხის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინს შორის დადებული შეთანხმებით, ეს უკანასკნელი რუსეთიდან ბელარუსში გადავიდა და საკუთარი კერძო სამხედრო კომპანიისათვის საჭირო საქმიანობას სწორედ ბელარუსიდან გააგრძელებს.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „ვაგნერის“ მებრძოლებს რამდენიმე ვარიანტი აქვთ: შეუძლიათ წავიდნენ ბელარუსში, შეუერთდნენ რუსეთის რეგულარულ არმიას ან წავიდნენ სახლში.

„ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული ამბოხება რუსეთში რამდენიმე დღის წინ ჩაიშალა. პრიგოჟინის განმარტებით, მისი ქმედებების მიზანი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ცვლილება გახლდათ.