უპირატესობა უბრალოებაშია

უპირატესობა უბრალოებაშია

კურორტებზე დასვენება განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. “ფორბსი” წარმოგიდგენთ მსოფლიოს საუკეთესო სპა-კურორტებს, სადაც ტრადიციულ დასვენებასთან ერთად შეგიძლიათ გამაჯანსაღებელი, სარელაქსაციო ან გამაახალგაზრდავებელი პროცედურებით ისიამოვნოთ.

HOHENWART. იტალია.

ნაკლებად ცნობილი, ჯილდოს მფლობელი მთის კურორტი.

დაქანცული მუშა ფუტკრებისა და გადაღლილი ქალაქელების საყურადღებოდ – ეს ადგილი ნამდვილი განძია მათთვის, ვისაც ბუნებაში დასვენება და სიმშვიდის მოპოვება სურს. ჰოენვარტი ხმაურიანი ვერონიდან ორი საათის სავალზე მდებარეობს. აქ ჩამოსული სტუმრები გაღვიძებიდან რამდენიმე წუთში მსოფლიოში ცნობილ საფეხმავლო ბილიკებს ლაშქრავენ, ან უცებ ღრუბლებში ამოყოფენ თავს და სახურავზე მდებარე მშვიდი ზღვის წყლით სავსე აუზიდან ტკბებიან დოლომიტის მწვერვალების 360-გრადუსიანი ხედებით. კურორტი 2011 წელს გაიხსნა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან რამდენიმე ჯილდო აიღო როგორც იტალიის საუკეთესო კურორტმა, თუმცა ამის შესახებ ბევრმა არ იცის.

კურორტების მოყვარულებს განსაკუთრებით ხიბლავს ტრადიციული ალპური საუნა, ვარდის ორთქლის საუნა, ინდივიდუალური სპა-კაბინები, კინემატოგრაფიული მინით მოპირკეთებული სარელაქსაციო ოთახი, ღია ცის

ქვეშ მდებარე მინერალური წყლების აუზები და საუნა, ასევე ბიბლიოთეკა, სადაც ჯანმრთელობის თემით დაინტერესებულებს შეუძლიათ სამედიცინო სიახლეებს გაეცნონ. არ უნდა დაგვავიწყდეს სამხრეთ ტიროლის ბუნებრივი, ადგილობრივად მოპოვებული ბალახებისა და ესენციებისაგან დამზადებული პროდუქტებით მკურნალობის ხსენებაც. რა ჯობია დამღლელი ლაშქრობის შემდეგ ვარდის ზეთის მასტიმულირებელ მასაჟს? ყურძნის წიპწისგან მიღებული ზეთით მასაჟი კი არაჩვეულებრივი აპერიტივია სადილის წინ! ვისაც პრობლემური კანი აქვს, დამამშვიდებელი და ძალზე ეფექტიანი სახის წმენდა დიდი ხნით მოუხსნის ამ პრობლემას.

უპირატესობა უბრალოებაშია: კურორტის სასტუმროს 80 ნომერი აქვს, სადაც მთის კურორტის შესაფერისი მოკრძალებული ფუფუნება იგრძნობა. სასტუმროს ნომრებს აქვთ ყვავილებით გაფორმებული და შეზლონგებით აღჭურვილი დიდი აივნები, საიდანაც ეკლესიის თაღებისა და ზურმუხტისფერი ეჩოს ხეობის ხედი იშლება. ამ კურორტის კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ღირსება გახლავთ რესტორანი, რომელიც დამსვენებელს სამხრეთ ტიროლის სამზარეულოს სთავაზობს. ტიროლის სამზარეულო კი ალპური და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს უგემრიელეს ნაზავს წარმოადგენს. მათთვის, ვინც თავის წონას აკონტროლებს და რიზოტოსა და პელმენს გაურბის, რესტორანი სთავაზობს არანაკლებ გემრიელ დიეტურ მენიუს. დააგემოვნეთ ხრაშუნა სალათები და მზეზე დამწიფებული უგემრიელესი ხილი. სასტუმროს ტრადიციულ ფორმებში გამოწყობილ კომპეტენტურ და კეთილგანწყობილ პერსონალს ზედამხედველობას უწევს მხიარულებით გამორჩეული კურორტის მფლობელი ოჯახი.

რჩევა: აქ თქვენ საშინაო ხალათშიც მშვენივრად იგრძნობთ თავს. ასე რომ, ძალიან გამოპრანჭვას ნუ შეეცდებით.

î www.hohenwart.com

ჯანმრთელობის სახლი LAS DUNAS. ესპანეთი.

წონის დაკლების გამოცდილი ხერხი და ამავდროულად სანაპიროზე ნებივრობა

კილოგრამების დაკლება ასე ადვილი რომ იყოს, ყველანი 8 ზომის ჯინსის შარვლებით ვივლიდით. შემზღუდავი დიეტის დაცვა მხოლოდ ვინმეს ზედამხედველობის ქვეშ არის შესაძლებელი. შიმშილის გრძნობის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ კვების რეჟიმი ზედმეტად მკაცრი არ იქნება. შესაბამისად, სახლში დაბრუნებულსაც აღარ გაგიჭირდებათ იმავე რეჟიმის შენარჩუნება.

დაჯავშნეთ ადგილი ერთი კვირით (შესაძლებელია ასევე სამდღიანი ექსპრეს-პროგრამა), აქ დღეში სამჯერ გამოიკვებებით, ორჯერ წაიხემსებთ და სახლში რამდენიმე კილოგრამით ნაკლები დაბრუნდებით.

ჯანმრთელობის სახლის პერსონალი ჩაგიტარებთ სისხლის, შარდისა და ძვლის სიმკვრივის ანალიზს. თქვენ ასევე ხელზე შეგაბამენ სამაჯურს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გააკონტროლებს თქვენს ფიზიკურ აქტიურობას. სასტუმრო მარბელასა და ესტეპონას შორის მდებარე სანაპიროზე ზოლზეა განლაგებული. სასტუმროს ყველა ოთახში იატაკი მკრთალი მარმარილოთი არის დაგებული, ხოლო ჭერს ბრწყინვალე ჭაღები ამშვენებს. სასტუმროს გამწვანებული ბაღიდან ბალახიანი ბილიკით პირდაპირ ქვიშიან სანაპიროზე გადიხართ. სასტუმროს ნომრები საკმაოდ დიდი და დახვეწილია თავისი მოოქრულ ჩარჩოებში ჩასმული ნახატების, ნეტარების მომგვრელი საწოლისა და დიდი მარმარილოს აბაზანის წყალობით.

ჯანმრთელობის სახლი გახლავთ 1985 წელს კოსტა-დელ-სოლის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, Las Dunas-ის, თანამედროვე განსახიერება. იმ დროს ესპანეთში სანაპიროზე სასტუმროების შენება ჯერ კიდევ ნებადართული იყო. სასტუმროს რემონტზე, რომლის მფლობელიც ესპანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახია, €40 მილიონი დაიხარჯა. მისი მეპატრონეები იმედოვნებენ, რომ სასტუმრო გამაჯანსაღებელი კურორტების გლობალურ ქსელს ჩაუყრის საფუძველს. ამ ოჯახმა უკვე დიდ წარმატებას მიაღწია თავისი ცნობილი Naturhouse დიეტითა და ვიტამინების მაღაზიებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი რამ აქ, ცოტა არ იყოს, გაღიზიანებას იწვევს. დიეტოლოგი, რომელთანაც ჩასვლისთანავე კონსულტაცია გავიარე, ძალიან მომხიბვლელი იყო. მან საკმაოდ კარგად გამოთვალა ჩემი სხეულის მასის ინდექსი, ცხიმის რაოდენობა და სითხის შეკავება ე.წ. DEXA-ს აპარატით. მაგრამ წიგნი, რომელიც მან სახლში წასაღებად გადმომცა, Naturhouse-ის პროდუქციას მოიცავს, წიგნში ჩამოთვლილი დიეტური პროდუქცია კი მოძველებულ, 1970-იანი წლების მიდგომას ეფუძნება და ბოჭკოვანი შემადგენლობის უცხიმო, დაბალკალორიულ ორცხობილებს გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ 18-ოთახიან ჰოლივუდის დონის დახვეწილ სასტუმროში ნამდვილად სახალისოა ცხოვრება, მკურნალობა აქ საშუალო ხარისხისაა. მაგრამ თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევთ, თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ მზიან ამინდში ერთკვირიანი დასვენებით.

სასტუმროს თავისი ექიმი და ფსიქოლოგი ჰყავს. სტუმრებისათვის ეწყობა ჯგუფური სეირნობა, აკვა-აერობიკა და ზღვის ნაპირზე, ხეების ჩრდილში გამაჯანსაღებელი ვარჯიშები. იოგას გაკვეთილებს აქ გამოცდილი რუსი ინსტრუქტორი ანტონინა რამსი უძღვება.

ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მზარეული ანდონი ლუის ანდურიზი (მიშლენის 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს El Bulli-ს ყოფილი შეფმზარეული და მიშლენის 2-ვარსკვლავიანი სასტუმრო Mugaritz-ის მფლობელი). საკვები ბრწყინვალედაა მომზადებული და ასევე დახვეწილად მორთმეული. ამაზე გემრიელ საჭმელს ვერც კი ინატრებთ. რა თქმა უნდა, ალკოჰოლური სასმელები აქ არ არის. სამაგიეროდ, თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ მწვანილით შეკაზმული ზღვის პროდუქტები, იხვი მსხლით, საქონლის ხორცი შავი ქლიავით, ხოლო დესერტად დააყოლოთ პუდინგი და სურნელოვანი ყავა. ეს არის იდეალური ადგილი მათთვის, ვისაც წონის დაკლება უპრობლემოდ სურს.

რჩევა: დაჯავშნეთ ნომერი სასტუმროში და წინასწარ ჩაეწერეთ მასაჟზე ცნობილ ამერიკელ თერაპევტ ტერეზა ბეისლისთან. ეს ქალბატონი რეფლექსოლოგიის, ზურგის, ბეჭებისა და კომპიუტერთან ჯდომისაგან ჩამოყალიბებული კუზის მკურნალობის უბადლო ოსტატია.

î www.healthousenaturhouse.com

MANDARIN ORIENTAL HYDE PARK. ლონდონი.

განახლებული სასტუმრო ლონდონელების საყვარელ დასასვენებელ ადგილას.

ეს დიდებული აზიური სარეკრეაციო სასტუმრო კიდევ უფრო კარგი გახდა მას შემდეგ, რაც აქ უჟანგავი ფოლადის ახალი აუზი, საუცხოო გამოსაცვლელი ოთახები და უახლესი მაღალტექნოლოგიური ტრენაჟორებით აღჭურვილი სპორტული დარბაზი გაიხსნა. ფასებიც, შესაბამისად, გაიზარდა. მობრძანდით დილით ადრე და მოდუნდით საუნაში, ამეთვისტოსა და ბროლის ორთქლის ოთახებში ან მატონიზირებელ პატარა აუზებში, სადაც ჰიდროთერაპიულ ნაზ მასაჟს ჩაგიტარებენ. აქ დროებით მაინც შეძლებთყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევას.

ეს ძალზე მოდური და დახვეწილი დაწესებულებაა. თქვენ წინასწარ შეგიძლიათ შეიძინოთ ე.წ. ჟეტონები და იქ მისვლისას სასურველი გამაჯანსაღებელი პროცედურა თქვენი განწყობის მიხედვით შეარჩიოთ. ნებისმიერი პროცედურის დაწყება ტინგშას თეფშების ჟღარუნით იწყება. მაღალი კვალიფიკაციის მქონე აქაური თერაპევტები ინტუიციით ხვდებიან კლიენტის სურვილებს. აქ გაკეთებული ნებისმიერი მასაჟი ღვთაებრივ ნეტარებას მოგგვრით. ორსულებისათვის არის სპეციალური ბალიშები, რაც მათ საშუალებას აძლევს, მუცელზე დაწვნენ და მხრებში დაძაბულობის მოსახსნელი მასაჟით ისიამოვნონ. თუ თქვენ რაიმე განსაკუთრებული პროცედურის მოსინჯვა გსურთ, მაშინ სცადეთ Utopia Ad­vanced ანტიასაკობრივი სახის წმენდა. ამ პროცედურისათვის გამოიყენება ინოვაციური ავსტრალიური კოსმეტიკური კომპანია Gaylia Kristensen-ის ბუნებრივი და შედეგზე ორიენტირებული პროდუქტები, რომლებიც ნაზი მასაჟით ავსებს თქვენს სახეზე წარმოქმნილ ხაზებს. ყველა საძინებელში იოგასთვის განკუთვნილი საფენი დაგხვდებათ. რთული დასაჯერებელია, რომ ნაიტსბრიჯის ხმაურიანი ქუჩების თავზე ხართ. ეს ნამდვილად საუკეთესო ადგილია.

რჩევა: პროცედურების შემდეგ შეგიძლიათ ჩახვიდეთ ბურგერების ნამდვილ სამოთხეში – Boulud-ბარში, ან ისადილოთ Heston Blumenthal-ის რესტორანში, სადაც დაუვიწყარი სიამოვნება გელით. დარჩით სასტუმროში ორი ღამით და ეწვიეთ ბარსაც და რესტორანსაც.

î www.mandarinoriental.com

THE CHEDI ANDERMATT. შვეიცარია.

მთის ფერდობებიდან ერთი ჩამოსრიალება და ალპების უახლეს კურორტზე აღმოჩნდებით

ეს არის შვეიცარიის ალპებში მდებარე ახლად გახსნილი კურორტი, სადაც თქვენ წარმოუდგენელი ფუფუნება გელით. მთებით გარშემორტყმული კურორტი ციურიხიდან 90 წუთის სავალზე, ურსერენის ხეობაში მდებარეობს.

არაჩვეულებრივი ხედითა და ადგილმდებარეობით განთქმულ, ძალიან ლამაზ The Chedi Andermatt-ში საუკეთესო შესაძლებლობა გეძლევათ, იშვიათი მინერალური წყლებით გაწმინდოთ თქვენი ორგანიზმი.

სასტუმროს არქიტექტორმა – ჟან-მიშელ გეტიმ ნამდვილი შედევრი შექმნა. ეს არის მოდერნიზმისა და აზიური დახვეწილობის ძალზე კომფორტული ნაზავი. შეგახსენებთ, რომ ჟან-მაიკლ გეტისმიერ პროექტირებული და აშენებულია აგრეთვე Aman-ის, One&Only-სა და Cheval Blanc-ის გასაოცარი სასტუმროები. The Chedi Andermatt-ი შედგება 105 ნომრისგან, სადაც არის ქვის იატაკი გათბობით, ბუხარი, ქაშმირის ფარდაგები, iPad-ის პულტები (გისოსების, მუსიკის, შუქისა და ბუხრის დისტანციურად მართვისათვის) და Acqua di Parma-თი გავსებული ზღაპრული აბაზანა. საკვები საოცრად გემრიელია – სასადილო ოთახის შუაში უზარმაზარ მინის ლანგარზე ყველის ნაირსახეობაა წარმოდგენილი. სასტუმროს აქვს 10 სხვადასხვა ტიპის სამკურნალო ლუქსი, რომელთა ზომა ლონდონის ბინების უმეტესობაზე გაცილებით დიდია. აქვე არის უზარმაზარი გასახდელი და კერძო ორთქლის საშხაპეები. ამ სასტუმროს სპა ნამდვილი საოცრებაა.

სასტუმროს თერაპევტები გამოირჩევიან თავიანთი კეთილგანწყობითა და შვეიცარიისათვის დამახასიათებელი მაღალი კვალიფიკაციით. მასაჟისათვის Ila, Ren-ისა და Alpienne-ს ორგანულ პროდუქციას იყენებენ: მასაჟის შემდეგ თავს მსუბუქად და ბედნიერად იგრძნობთ.თქვენი არჩევანი Chedi Oriental Ritual-ზე შეაჩერეთ და მთელი სხეულისა და თავის რეფლექსომასაჟით ისიამოვნეთ. ამ პროცედურაში ასევე შედის სახის წმენდა Ren-ის პროდუქციით, ჰიმალაის ბროლით სხეულის გაპრიალება, საბანაო პროცედურა და კიდევ ბევრი რამ შუალედებში. თუკი ეს თქვენთვის მეტისმეტია, მაშინ აირჩიეთ ბალინური, ტაილანდური, შვედური ან აიურვედას სამკურნალო თერაპია. სამკურნალო პროცესების გარდა აქ კიდევ ბევრი ზღაპრული რამ გელით. სასტუმროში არის ჰიდროთერაპიის ზონა დაუჯერებელი რაოდენობის აბაზანებითა და საუნებით. აქვე გელით შუშით გადაფარული საცურაო აუზი, სადაც წყალი ისეთი მშვიდია, რომ შეხებაც მოგერიდებათ. ფრთხილად იყავით. სასტუმროს დერეფნიდან პირდაპირ ჩანს აუზი. ასე რომ, ქალბატონებო, მთლიანი საცურაო კოსტიუმის ჩაცმა არ დაგავიწყდეთ.

სპორტული დარბაზი თანამედროვე აღჭურვილობით გამოირჩევა, მაგრამ აქ ნამდვილად არ ღირს შენობაში ვარჯიში – ჯობს მთის ფერდობებზე ისრიალოთ. მთები აქ ძალიან ციცაბოა და სლალომისათვის იდეალური. მოთხილამურეებისთვის მხოლოდ 13 ბილიკია გაკვალული, მაგრამ ეს ადგილი მაინც არაჩვეულებრივია თხილამურებით სასრიალოდ (თოვა არის საშუალოზე მაღალი). სათხილამურო აღჭურვილობის თან წაღება საჭირო არ არის, ამისათვის არსებობს სკანდინავიურ სვიტერში გამოწყობილი სათხილამურო „მსახურთუხუცესი”. მას შეუძლია თვალის დახამხამებაში აღჭურვოს სტუმრები და დაბურულშუშებიანი შავი მანქანით ხუთ წუთში მიიყვანოს ისინი საბაგიროსთან. სასტუმროს მფლობელი ეგვიპტელი ბიზნესმენი სამიჰ სავირისია. მან £1.2 მილიარდი დახარჯა ქალაქ ანდერმატის აღმშენებლობაზე. სავირისი კიდევ ხუთი სასტუმროს, სახლებისა და კოტეჯების მშენებლობას გეგმავს. ასე რომ, ჯობს ახლავე გაემგზავროთ იქ, ვიდრე სენ-მორიცისა და ვერბიერის ხშირი სტუმრები შეიტყობენ ამ სენსაციური ადგილის შესახებ.

რჩევა: სასწრაფოდ შეიძინეთ Alpienne-ს არნიკას რძე მასაჟისათვის. ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება, რომელიც მთელი დღე თხილამურებზე დგომით დაღლილ კუნთებს დაგიამებთ.

THE SIAM. სიამი, ტაილანდი.

გამოეთიშეთ რეალობას და გაანებივრეთ საკუთარი თავი ამ ურბანულ სამოთხეში

მეგასასტუმროების ქალაქში წამოჭიმული ეს არაჩვეულებრივი ბუტიკი ნამდვილი აღმოჩენაა. მისი მფლობელი უზადო გემოვნების მქონე ტაილანდური წარმოშობის ამერიკელი როკვარსკვლავი გახლავთ.

სიამი აზიის ნამდვილი ურბანული სავანე და შესანიშნავი დასასვენებელი ადგილია მათთვის, ვისაც გეზი აღმოსავლეთისკენ აქვს აღებული. 20-წუთიანი მგზავრობა კატერით და თქვენ უკვე ამ გასაიდუმლოებულ ოპიუმის სპაში აღმოჩნდებით.

აქაური თერაპევტები ორი ტიპის მასაჟის გაკეთებას შემოგთავაზებენ: როგორც ნაზსა და სასიამოვნოს, ასევე ძალზე ენერგიულსა და უხეშსაც – თქვენი გამძლეობის უნარის მიხედვით. იკითხეთ მასაჟისტი პანიტა კალჯაკი. მას ნამდვილად შეუძლია თქვენი სხეულის „წაკითხვა” და, შესაბამისად, ყველა დაძაბულობისა და დაჭიმულობის მოხსნა. მასაჟის დროს მხოლოდ ნატურალური Sodashi-ს პროდუქციას იყენებენ. სპორტულ დარბაზში ტრადიციული ტაილანდური კრივის – მუაის რინგი დგას.

დატკბით მოციმციმე ლამპიონებით და მოწრუპეთ პიკანტური ლაიმის კოქტეილი მდინარის პირას Bathers Bar-ში. შეუკვეთეთ შემწვარი იხვის წითელი კარი ან ნაკვერჩხალზე შემწვარი მდინარის კრევეტები ტრადიციულ, ტექტონას ფორმის ტაილანდურ რესტორან Chon-ში. ბილ ბენსლის მიერ შექმნილ თანამედროვე ინტერიერის დიზაინში იგრძნობა დეკოს სტილი, რომელიც მეფე რამა V-ის მმართველობის დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა ტაილანდში. ინტერიერს დაემატა ხის, ქვის, ტყავისა და მინის დეტალები. ყველგან გაფანტულად აწყვია ანტიკვარული ნივთები სასტუმროს მფლობელის პირადი კოლექციიდან: ძველი სამოგზაურო პოსტერები, მინისა და ტანის დინასტიების დროინდელი კერამიკული ნაკეთობები, ძველი გრამოფონის სპილენძის საყვირები და ნიანგის ფიტულები. თუკი ძილი მოგერიათ, ჩაწექით უნატიფესი ნაჭრისაგან შეკერილი თეთრეულით გაწყობილ საწოლში და დაისვენეთ. სასტუმროს ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მისი მდებარეობაა – დუსიტის მშვიდი, მდინარისპირა რაიონი, Grand Palace-ის სასტუმროს სიახლოვეში. აქ ყოფნით იმდენად კმაყოფილი დარჩებით, რომ მოგზაურობის გაგრძელება აღარ მოგინდებათ.

რჩევა: ჩაეწერეთ სახის წმენდის პროცედურაზე შესანიშნავ სურტარატ პულსავატთან. იგი ადგილობრივების რჩეული კოსმეტოლოგია.

î www.thesiamhotel.com

საკურორტო სოფელი TEMBOK, ბალი.

განმტვირთველი გარემო, სადაც შეგიძლიათ დაალაგოთ თქვენი ცხოვრება და გადააფასოთ ღირებულებები

ბალის კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე კურორტი იმავე სახელწოდების პროგრამას სთავაზობს თავის სტუმრებს, რასაც ლონდონში მდებარე ელეინ დე ბოტონის „სიცოცხლის სკოლა”. მაგრამ ეს ორი განსხვავებული პროგრამა ერთმანეთში ნუ აგერევათ. ბალის სანატორიუმის პროგრამა სტუმრების ხელახლა „დატენას” და „გადატვირთვას” ახდენს. აქ ჩამოსულ სტუმრებს მათი პრობლემების, სტრესისა და დარდისაგან გათავისუფლების ხერხებს ასწავლიან. პროგრამის მიზანი რელაქსაცია და გაახალგაზრდავებაა. შესაბამისად, პროცედურები არჩევითაა და ძირითადად მოიცავს მასაჟს, თიხის ტალახით შეფუთვას დეტოქსიფიკაციის მიზნით და სხეულის წმენდას სკრაბის საშუალებით.

დილით ადრე გაიღვიძეთ და მიიღეთ მონაწილეობა ჯგუფურ მედიტაციაში შავი ქვიშის სანაპიროზე. დატკბით მზის ამოსვლით ქაფიანი, მღელვარე ჯავის ზღვიდან და შეიგრძენით მზის სითბო თქვენს სახეზე. „სიცოცხლის სკოლის” დირექტორი – შერონ ჰოპლი თანაბრად ასხივებს სიმშვიდესა და გასაოცარ ხიბლს. შერონი ასწავლის ე.წ. ხუთელემენტიან პროგრამას, რომელიც მოიცავს იოგას, ტაი-ჩის და ციგუნს (Qigong არის უძველესი ჩინური ჯანმრთელობის შენარჩუნების სისტემა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ფიზიკურ პოზასა და სუნთქვის ტექნიკას). პროგრამაში ასევე შედის რეიკის სახელწოდებით ცნობილი სტრესის მოსახსნელი და სარელაქსაციო იაპონური ტექნიკა, ჯანმრთელი საკვების მომზადების გაკვეთილები, მთებზე ველოსიპედით სეირნობა და ხელოვნების გაკვეთილები (ხატვა, პალმის ფოთლებით ქსოვა და ხეზე კვეთა). საღამოობით აუზის მოტივტივე პლატფორმაზე წამოწოლილი სტუმრები, სანთლებისა და მშვიდი მუსიკის ფონზე, ვარსკვლავებს აკვირდებიან. გამაჯანსაღებელ პროგრამაში ასევე შედის წიგნის კითხვა, ცურვა და გარუჯვა.

სტუმრები საკვებს მიირთმევენ მზიან ტერასაზე, რომელიც აუზს გადაჰყურებს. ქარიზმატული ავსტრიელი მზარეული მარტინ ბუშელი ნეპალის ბუდისტთა მონასტერში მოღვაწეობდა, ვიდრე აქ ჩამოვიდოდა სამუშაოდ. ამიტომაცაა, რომ ის სტუმრებს გამორჩეულად სასარგებლო კერძებით უმასპინძლდება: ბანანის ყვავილის სალათით, ნაკვერჩხალზე შემწვარი კრევეტებით, მწიფე პაპაიათი და მანგოთი. ყველაზე ჯანსაღი არჩევანი თვალსაჩინოდ არის მონიშნული მენიუში. პირდაპირ ოკეანიდან მორთმეული სკუმბრია, თინუსი და ქორჭილა მუდმივად შედის აქაურ მენიუში. ქოქოსის რძე, ბალახეული ჩაი და გამაახალგაზრდავებელი კოქტეილები – სვით რამდენიც გსურთ.

მეამბოხე სულებისათვის, ვისაც მხოლოდ დიეტური ჯანსაღი საკვები არ აკმაყოფილებს, აქ უხვად არის საქონლის სტეიკი, კარტოფილის ჩიფსები, კვერცხში შემწვარი ბრინჯი და ვაშლის შტრუდელის ულევი მარაგი. აქ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ძილის ხარისხს (საწოლში ტელევიზორის ყურება აკრძალულია) – სტუმრები ყოველ საღამოს ადრე მიდიან დასაძინებლად. საძინებლები ბალისათვის დამახასიათებელ სტილში არის მოწყობილი. ყველა ოთახს აქვს თავისი აივანი, რომელიც ულამაზეს ბაღს გადაჰყურებს. მოწრუპეთ ბალახეული ჩაი და ისიამოვნეთ სარელაქსაციო აბაზანით. ეს ადგილი მისალოცი ბარათიდან ამოჭრილ სურათს ჰგავს. აქ შეგიძლიათ ხმის ჩასახშობ ღილაკს დააჭიროთ ხელი თქვენს გონებაში და თანდათან გააცნობიეროთ, საიდან გაჩნდა იქ ამდენი „ხმაური”.

რჩევა: აქ ყოველთვე ჩამოდიან მოწვეული ექსპერტები – შიაცუსა და კინესიოლოგიის სპეციალისტებით დაწყებული და ე.წ. ცხოვრების პირადი მწვრთნელებით დამთავრებული. ეცადეთ, თქვენი მგზავრობა დაამთხვიოთ თქვენთვის სასურველი სპეციალისტის იქ ყოფნის პერიოდს.

î www.spavillageresort.com

LEFAY, იტალია.

სასწრაფო დახმარება მათთვის, ვისაც ზურგის ტკივილი, უძილობა და ზედმეტი წონა აწუხებს

ეს მშვიდი ადგილი დაგეხმარებათ გაიმართოთ წელში, გამოიმუშაოთ ჯანსაღი კვების ჩვევები და დაიბრუნოთ ჯანმრთელი, ღრმა ძილი, რომელიც ასე ძალიან გჭირდებათ. აქ მოქმედი ყველა პროგრამა კლასიკური ჩინური მედიცინისა და დასავლური ტექნიკის ერთგვარი სინთეზია. თქვენი მკურნალობა დაიწყება მომხიბვლელ ექიმ მაურიციო კორადინისთან კონსულტაციით. ეს პიროვნება გახლავთ გამართული ხერხემლის უძლიერესი სპეციალისტი, რომელმაც ამ თემაზე არაერთი ნაშრომი დაწერა. ექიმი მაურიციო კორადინი თქვენ საკუთარი შვილიშვილივით მოგეპყრობათ. მას აინტერესებს თქვენი ცხოვრების წესი, როგორ გძინავთ, ვარჯიშობთ თუ არა და ასევე თქვენი ბავშვობის ოცნებები.

შემდეგ შეამოწმებენ, თუ რომელი საკვების მიმართ გაქვთ გადაუტანლობა და ასევე ჩაგიტარებენ ე.წ. მოძრაობის ტესტს: ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან, ადგილზე მარში და კონსულტაციაც დასრულებულია. გულის გასახეთქი დიაგნოზი დასმულია (აქ თქვენ არავინ დაგინდობთ) და სპეციალური პროგრამაც მზად არის.

პროგრამა წარმოადგენს მასაჟის, ფიზიოთერაპიისა და ვარჯიშების კომბინაციას. გაიუმჯობესეთ სუნთქვა მოჩუქურთმებულ, ბუნებრივი ქვისაგან დამზადებულ მარილიან აუზში. შემდეგ დაიმუხტეთ ენეგიით აკუპუნქტურის მსგავსი მოქსითერაპიით (მოწვის თერაპია) და შეიგრძენით რეფლექსოლოგიის (წერტილოვანი მასაჟის) დადებითი შედეგები. იმისდა მიხედვით, თუ სხეულის რომელ ნაწილზე ხდება მანევრირება, მასაჟი შესაძლოა იყოს რბილი ან საკმაოდ მტკივნეული. შეგიძლიათ ტაი ჩისა და ციგუნის ვარჯიში ტბის ნაპირას. სასტუმროში არის 93 დიდი, კომფორტული და ნათელი ოთახი, საიდანაც ტბის ხედი მოჩანს. განსაკუთრებულ ფუფუნებას ნუ ელით.

საკვები აქ ბევრად უფრო საინტერესოა. მიირთვით ლანჩი ლიმონის ხეებით დამშვენებულ ტერასაზე, ხოლო სადილად გაემართეთ რესტორან La Grande Limonaia-ში, სადაც შემოგთავაზებენ რიგატის მაკარონს ხბოს რაგუთი, შავ ტრიუფელს ან კატალონიურ ლობსტერს მანგოს წვენში, სალათის ფურცლებითა და ბერგამოტის სოუსით. მათ, ვისაც წონის დაკლება სურს, რესტორანი დიეტურ მენიუს შესთავაზებს. ერთი ულუფა არ აღემატება 300 კალორიას. დიეტურ მენიუში შედის შემწვარი ორაგული სტაფილოს ნაღებითა და ტერიაკის სოუსით. აქ გატარებული დრო ნამდვილად შედეგიანი იქნება. სახლში დაბრუნდებით ვარჯიშის ცხრილებით და აღარასოდეს გაგიჩნდებათ მხრებში მოხრის ან მაღალკალორიული შოკოლადის ტორტის ჭამის სურვილი.

რჩევა: სასტუმროში წამოწოლა და დასვენება იოლია, მაგრამ ჯობს უფრო მეტი ისეირნოთ და დაათვალიეროთ ვენახები, ზეთისხილისა და ლიმონის ბაღები.

î www.lefayresorts.com

კურორტუ კუ (KU). ესპანეთი.

საერთო ინტერესებით მჭიდროდ შეკრული ვეგეტარიანული თავშესაფარი ფართო ჰორიზონტით

კურორტი კუ იბიცას შუაგულში, სანტა-გერტრუდის აყვავებულ მწვანე ხეობაში მდებარეობს. ეს არის იოგას თავშესაფარი, სადაც განუწყვეტლივ ისმის ჭრიჭინების ხმა და სადაც ცხოვრების წესის ძირფესვიანად შეცვლაა შესაძლებელი. ნუ ელით, რომ აქ ფუფუნებით გაგანებივრებენ. მოემზადეთ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანსაღი კვებისათვის.

კურორტის მფლობელები არიან ცოლ-ქმარი მიგელ და დომინიკა სილვები. მათ მთელი მსოფლიო მოიარეს შთაგონებისა და განათლების ძიებაში. ამ ძიებამ ისინი ფეხით მოსიარულე „ჯანმრთელობის გურუებად” აქცია. სილვების დუეტი კარგად ერკვევა ისეთ მიმდინარეობებში, როგორიცაა: რეფლექსოლოგია, აღმოსავლური დიაგნოსტიკა, ჰატა-იოგა, ტაი-ჩი, ციგუნი, მედიტაცია, ჩინური მედიცინა და ტუი-ნას მასაჟი. ასე რომ, თუ თქვენ სულიერი ან ფიზიკური განათლების მიღება გსურთ, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან ამაში.

თქვენ გასწავლიან ე.წ. მაკრობიოტიკურ (ვეგეტარიანულ) დიეტას, რომელიც დააბალანსებს თქვენს ორგანიზმს და გაწმენდს მას თანამედროვე კვების ნეგატიური შედეგებისგან. ყოველდღიური მენიუ მოიცავს მთელ მარცვლეულს, ბოსტნეულს, პარკოსნებსა და ადგილობრივად მოყვანილ პროდუქტს. რძის ნაწარმი, კოფეინი, ალკოჰოლი და შაქარი ამოღებულია მენიუდან. ნახშირწყლების მაღალი შემადგენლობის მქონე პროდუქტებით კვება არ არის სწორი არჩევანი მათთვის, ვინც წონაში დაკლებას ცდილობს. თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მაკრობიოტიკური მიმდინარეობა შინაგან ჯანმრთელობაზე არის ორიენტირებული და არა გარეგნულ ესთეტიკაზე.

სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა ერთ ჯერზე არ აღემატება შვიდ ადამიანს. ეს არის ოჯახური ტიპის აგარაკი, რომელიც ამავდროულად გამაჯანსაღებელი კურორტიც არის. მისი მფლობელები გეგმავენ გაფართოებას, რათა ორჯერ მეტი სტუმრის მიღება შეძლონ.

საუზმისა და სადილის დროს საშუალება გაქვთ დანარჩენ სტუმრებს დაუმეგობრდეთ და მასპინძლებისაგან პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა-დარიგებები მოისმინოთ. ხანგრძლივი საუზმე და სადილი სანთლების შუქზე აქ ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილია. სტუმრებისათვის ტარდება ტაი-ჩის, მედიტაციისა და თეორიის გაკვეთილები. არ გამოტოვოთ დილის იოგას ვარჯიში. როდესაც მზის სხივები თქვენს ზურგს გაათბობს იოგას თავდაღმა პოზის დროს, შესაძლოა სწორედ ის სულიერი გამოცდილება შეიძინოთ, რომელსაც ასე გულდასმით ეძებდით.

ნაშუადღევს აქ ყველა ძალზე დაკავებულია. შეგიძლიათ ფეხით დალაშქროთ მიმდებარე ფიჭვნარის ტყეები, კაიაკით იცუროთ იბიცას თვალწარმტაც სანაპიროებზე ან აუზიდან დატკბეთ მთის ხედებით. საღამოთი შეგიძლიათ დაისვენოთ თქვენს აივანზე და მშვიდი, საკმევლის სუნით გაჟღენთილი ჰაერით ისუნთქოთ, ან წახვიდეთ Las Dalias-ის ცნობილ ჰიპების ბაზრობაზე და შეიგრძნოთ 60-იანი წლების გემო. კურორტი Ku არის მათთვის, ვისაც არა მხოლოდ დროებითი გაჯანსაღება სურს, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება. კურორტის მასპინძლების გამოცდილება და ცოდნა ზემოქმედებს თქვენს გონებაზე, სხეულსა და სულზე და ამ დიდ ცვლილებებს მალევე შეიგრძნობთ. მიგელ და დომინიკა სილვების მშვიდი აურა და გულწრფელი ყურადღება ამ ადგილს ძალზე მიმზიდველს ხდის.

რჩევა: აუცილებლად გაიკეთეთ მასაჟი სახელწოდებით Ku. თქვენ გაკვირვებული დარჩებით იმით, თუ რამდენი „გაუჟღერებელი ცოდვის” გამოვლენა შეუძლია თქვენს სხეულს. მასაჟი მტკივნეულია, მაგრამ ამად ღირს.

î www.retreatsibiza.com

BODHIMAYA. საფრანგეთი.

გონებისა და სხეულის გაახალგაზრდავება და დეტოქსიფიკაცია, რომელსაც უამრავი მსურველი ჰყავს

მე-16 საუკუნის შატო-დე-რობერნიეს კოშკი სტუმრებს ბალდახინით გადაფარებულ საწოლებს სთავაზობს, მაგრამ ბალიშზე ფილა შოკოლადის ნაცვლად, ევიანის მინერალური წყალი დაგხვდებათ. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ აქ დეტოქსისათვის ჩამოხვედით!

ჟღარუნა ჭაღების, მარმარილოს კიბეების, მოოქრული ავეჯისა და ძველი აბჯრების დანიშნულებაა, რომ თქვენ თავი სულ სხვა სამყაროში იგრძნოთ. აქაურობის მფლობელები მუდმივად მოღიმარი ძმები დანიელ და კორნელიუს ო’შონასები არიან (კორნელიუსი ჰარლის ქუჩაზე მდებარე დიეტოლოგიის ცენტრის ექსპერტია). მათი ტრანსფორმაციული პროგრამა წარმოადგენს სხეულის დეტოქსიფიკაციისადმი მეცნიერულ მიდგომას, რომელიც იოგასა და მედიტაციას აერთიანებს. შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ რებეკა ადლინგტონი ამ დაწესებულების დიდი გულშემატკივარია.

სხვა მსგავსი დაწესებულებებისაგან Bodhimaya განსხვავდება თითოეული სტუმრისადმი თავისი ინდივიდუალური მიდგომით. პირველი ორი დღის განმავლობაში თქვენ დღეში სამჯერ მოგართმევენ წვენებს, ხოლო საღამოს გირლანდებით მორთულ ბაღში ლამაზად გაწყობილ მაგიდასთან მიირთმევთ წვნიანს. მესამე დღიდან ნებადართულია ხილისა და იოგურტის კოქტეილი. წვენები და საკვები დანამატები მომზადებულია თითოეული სტუმრის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით – იქნება ეს დუნე მონელება თუ მოუსვენარი ძილი. ვერცხლის ლანგარზე მორთმეულ მწვანე, იისფერ და კიდევ სხვა მრავალი საოცარი ფერის სასმელს საკმაოდ კარგი გემო აქვს და ყოველი მათგანი ინდივიდუალურად მზადდება თითოეული სტუმრისათვის. ქერათმიანი, კოხტა, მოხდენილი ტანის დიეტოლოგი ოლგა ჰამილტონი ყოველთვის მზად არის, დეტალურად აგიხსნათ, თუ რა ბოსტნეულისგან აკეთებენ ამ წვენებს. ისინი ძირითადად წითელი კომბოსტოს, ისპანახისა და ანანასისგან მზადდება.

აქ დღე ადრე იწყება. დილის 7 საათზე ოთახში მოგართმევენ ერთ ფინჯან ცხელ წყალს ლიმონით. საღამოს, ძილის წინ, მედიტაციის სესია იმართება. იოგას გაკვეთილები ჯერ სამეჯლისო დარბაზში ტარდება, ხოლო დღის მეორე ნახევარში – სასტუმროს ეზოში, ბალახზე. პროგრამაში შედის ასევე ორსაათიანი მედიტაციის გაკვეთილი კორნელიუსთან (რომელიც ძალიან მშვიდი და ამავდროულად ძალიან მხიარული პიროვნებაა), ველოსიპედით სეირნობა ვენახებში და კულინარიის გაკვეთილები, სადაც თქვენ მოგიწევთ სახელოების აკაპიწება და პრობიოტიკებით მდიდარი კომბოსტოს მწნილის მომზადება.

აქაური რეჟიმი სულაც არ არის მკაცრი. ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. შეგიძლიათ აუზთან ინებივროთ ან შავი მარმარილოთი მოპირკეთებულ სამკურნალო კაბინეტში Ren Guérande-ის მარილის გამამხნევებელი ტანის სკრაბი ჩაიტაროთ. სხვა დეტოქს-დაწესებულებებისაგან განსხვავებით აქ ჩვეულებრივი საკვებიც ბრუნდება მენიუში. შაქრის, რძის პროდუქტებისა და ცომეულის გამომრიცხავი დიეტის ფონზე, მეოთხე დღეს ყველას სასიამოვნო სიურპრიზი ელის: უგემრიელესი ხილი ქოქოსის იოგურტით და ყვავილის მტვრით; კამა, ზეთისხილი და ფორთოხლის სალათი მზესუმზირის პაშტეტით. ამგვარი კონტროლირებადი მეთოდი ნიშნავს, რომ სტუმრები ჯანმრთელი კვების საკუთარი გეგმით დაუბრუნდებიან რეალურ სამყაროს. კვირის ბოლოსთვის ყველა თანხმდება იმაზე, რომ მათი კანი ასეთი სუფთა უკვე წლებია, რაც არ ყოფილა, ხოლო გონება – ასე ნათელი და მშვიდი. აქ ყოფნის შედეგებს თქვენ მომდევნო თვეების მანძილზე თანდათანობით უფრო შეიგრძნობთ.

რჩევა: იმისათვის, რომ კოფეინისა და შაქრის დეფიციტით გამოწვეულმა თავის ტკივილმა არ შეგაწუხოთ, ეცადეთ, აქ ჩამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე შეამციროთ მათი მიღება.

î www.bodhimaya.com

სასტუმრო ELOUNDA MARE. საბერძნეთი.

დეტოქსის ყველაზე კვალიფიციურ ექსპერტებთან მოხვედრის იშვიათი შესაძლებლობა

Elounda-ს სასტუმროს „ექვსი გრძნობის სპა” თავის სტუმრებს ე.წ. IMMOT-ის (IM­MOT იშიფრება როგორც Intelligent Medi­terranean Metabolic Homeostasis Therapy ანუ „გონიერი ხმელთაშუა მეტაბოლური ჰომეოსტაზის თერაპია”) სრულ პროგრამას სთავაზობს. აქ ჩამოსვლამდე ორი თვით ადრე თქვენ ჩაგიტარებენ თმისა და ნერწყვის ანალიზს იმისათვის, რომ დაადგინონ თქვენს ორგანიზმში ტოქსინების დონე და საკვების გადაუტანლობა. ეს პროგრამა შეიმუშავა ძალზე თავმდაბალმა ექიმმა, ბერძენმა ჯორჯ ლეონმა, რომელსაც საკუთარი კლინიკა აქვს ათენში და ერთგვარ სუპერვარსკვლავად არის აღიარებული. მზად იყავით იმისათვის, რომ თქვენ ჩაგიტარებენ სრულ დიაგნოსტიკურ ანალიზს და სპეციალურად თქვენთვის შეიმუშავებენ სავარჯიშო პროგრამას, ასევე ფსიქოსომატური ცნობიერების ამაღლების ტრენინგს. ეს უკანასკნელი იკვლევს გონებისა და სხეულის კავშირს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ. პარალელურად თქვენ ჩაგიტარებენ დამამშვიდებელ და ძილის მომგვრელ ინდურ თავის მასაჟს (აუცილებლად იკითხეთ ფიზიოთერაპევტი მანოლის ნიკიტაკისი, რომელიც კუნძულზე ცხოვრობს და გარეული იხვივით ჯანმრთელი იერი აქვს).

აქაური საკვები მთლიანად ორგანული და ანტიოქსიდანტებით გაჯერებულია: სალათებთან ერთად მოგართმევენ თევზს ან მოთუშულ ბატკნის ხორცს. აქ ყველა მიმტანი ძალზე გამოცდილი და თავაზიანია. ჩვეულებრივი სამკურნალო კლინიკებისაგან განსხვავებით, აქ თქვენ გაღვიძებისთანავე შეგიძლიათ დატკბეთ ზღვისა და მთების უმშვენიერესი ხედით. მკურნალობის პროგრამა იწყება დილის 7 საათზე. თქვენ გიტარდებათ სისხლის ანალიზი, სხეულის ანალიზი და ფსიქოლოგიური შემოწმება. სწორედ აქ მოხდება პირველად ექიმ ლეონისა და მისი 20-კაციანი ენერგიული გუნდის წარდგენა. მათ შორის არის პირადი ტრენერი როულა სტრატაკი (ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი მძლეოსნობაში). ექიმი სტავრულა კოკინოუ არის დნმ-ის ანალიზის ოსტატი, ხოლო ექიმი დიმიტრიოს კოურეტასი ბიოქიმიის პროფესორია.

აქ თქვენ მუდმივი ზრუნვისა და ყურადღების ობიექტად იქცევით. სამედიცინო კოლექტივი ყოველთვის თქვენთან ერთად ისადილებს და თქვენც საშუალება გექნებათ, თქვენთვის საინტერესო თემებზე გაესაუბროთ მათ. დღის განრიგი ზედმიწევნით დატვირთულია. სავარჯიშო პროგრამა ძირითადად ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს: მთების დალაშქვრა, სანაპიროზე სეირნობა, კლდეებზე ცოცვა და ა.შ. თქვენთან ერთად მუდმივად იქნება ფიტნესის სპეციალისტთა მთელი არმია. თქვენ ასევე სხეულზე კარდიომონიტორს დაგიმაგრებენ. მონაცვლეობით ჩაგიტარებენ იოგას, ტაი-ჩის, ციგუნისა და აკვააერობიკის გაკვეთილებს. სახლში დაბრუნებულებს თქვენ გექნებათ ყოველდღიური ვარჯიშების საკუთარი გეგმა და კვების განრიგი, რომელიც უნდა დაიცვათ სამი თვის განმავლობაში, ვიდრე განმეორებით შემოწმებას გაივლიდეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ განუზომელი შინაგანი სიმშვიდის შეგრძნებით დაუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას.

რჩევა: ეს პროგრამა ასევე მოიცავს ციფრული აპარატურის დეტოქსსაც. ტელეფონების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თქვენს ოთახებში, მაგრამ ვინაიდან თქვენ დილის 7-დან საღამოს 10 საათამდე გარეთ ხართ, თქვენს ტექნიკას პრაქტიკულად ვერ გამოიყენებთ.

î www.eloundamare.com

AYURVEDA RESORT SONNHOF. აიურვედას კურორტი, ავსტრია.

მისაღები ფასი და ადვილად ხელმისაწვდომი აიურვედა

ტიროლის მთის სოფლებში ევროპაში ყველაზე ხელმისაწვდომ სპა-კურორტებს აღმოაჩენთ. აქ პატარა ოჯახური ტიპის სასტუმროებმა დიდი სახეცვლილება განიცადეს. მათ მიამატეს სამკურნალოდ განკუთვნილი შენობები, საუნები და ორთქლის ოთახები. მათ შორის ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი 30-ოთახიანი სამკურნალო სასტუმრო Sonnhof-ი გახლავთ. 2012 წელს სასტუმრო მთლიანად გარემონტდა და აიურვედას სამკურნალო ცენტრად იქცა.

ყოველ დილით თქვენ გეგებებათ მთიანი მწვერვალების სულისშემძვრელი ხედები, თქვენ სუნთქავთ სუფთა ჰაერს, იკვებებით ჯანსაღი პროდუქტით და კვირის ბოლოს მოგართმევენ ჩეკს, რომელიც სულაც არ გაგიხეთქავთ გულს.

ამ ადგილის ყველაზე დიდი ხიბლი ის არის, რომ იგი სახლთან ახლოს მდებარე იმ მცირერიცხოვან სასტუმროთა რიცხვს მიეკუთვნება (თუ არ ჩავთვლით ბევრად უფრო ძვირად ღირებულ Parkschlössen-ს გერმანიაში, Kempinski-ს სასტუმროს გოზოში, მალტაზე, და Hotel de France-ს ჯერსიში), სადაც აიურვედას მაღალი დონის მკურნალობის ჩატარება ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი.

ექიმი ალაეტინ სინოპი გახლავთ ინდოელი ნატუროპატი და ზოგადი პრაქტიკის მქონე ექიმი.საკმარისია, თქვენი ხელი დაიკავოს და მან უკვე იცის თქვენი დაძაბულობის დონე და სულიერი მდგომარეობა. აიურვედას სპეციალისტ ექიმ გაურავ შარმასთან ერთად, აქ მაღალკვალიფიციურ ექიმთა ცამეტკაციანი გუნდი მუშაობს. სამკურნალო პროგრამაში შედის: shirodhara – საოცარი ეფექტის მქონე დამამშვიდებელი და სარელაქსაციო მკურნალობა, რომლის დროსაც შუბლზე თბილ ზეთს გასხამენ, ასევე ტრადიციული პანჩაკარას დეტოქსი – საუკეთესო საშუალება წონის დასაკლებად; მკურნალობაში შედის საკვების მინიმალური რაოდენობა, ნაწლავების გაწმენდა უძველესი ინდური მეთოდით თბილი ზეთის გამოყენებით, იოგას ვარჯიშები, სუნთქვის ვარჯიშები და ახლახან დანერგილი აკუპუნქტურის პროცედურები.

აქვე იმართება სამდღიანი კულინარიული სემინარი, რომელსაც აიურვედას მიმდევარი შვეიცარიელი მზარეული – იოჰან ბაუმგარტნერი უძღვება. იგი წლების განმავლობაში ამზადებდა საკვებს ინდოელი ბერებისთვის. აქ თქვენ შეიტყობთ სხვადასხვა სანელებლისა და მათი სამკურნალო თვისებების შესახებ – კამის თესლი სუნთქვის გასაწმენდად, თბილ წყალში გახსნილი ჯავზი ძილის მოსაგვრელად და ა.შ. აქვე გასწავლიან, როგორ მოამზადოთ სამ წუთში ბანანის კარი კვლიავის, კოჭას, წიწაკის, დარიჩინისა და ნაღების გამოყენებით, ან როგორ მოამზადოთ მწვანე ლობიოს წვნიანი, რომელიც სხეულის ტოქსინებისაგან გაწმენდისა და ენერგიის მომცემი საოცარი საშუალებაა.

აიურვედას სამკურნალო სპას იდეა ეკუთვნოდა სასტუმროს მფლობელის, იოჰანის გარდაცვლილ მეუღლეს – ბრიჟიტ მორაშერს. მათ ორი ძალიან ენერგიული და თავაზიანი ქალიშვილი ჰყავთ – ლიზა და ქრისტინა. სამწუხაროდ, ბრიჟიტი სასტუმროს გახსნიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა და ახლა მისი ქალიშვილები ცდილობენ დედის გეგმების განხორციელებას. ლიზა ასწავლის იოგას და მედიტაციას, ხოლო ქრისტინამ აიურვედას მეცნიერების ხარისხი მიიღო და ახლა Sannhof-ის სტუმრებს ეხმარება ჯანმრთელობის აღდგენასა და შენარჩუნებაში. „დედის ხსოვნის პატივსაცემად ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი ისეთივე მშენიერი იყოს, როგორც ამას თავად ახერხებდა”, – ამბობს ქრისტინა. შესაძლოა, ასეთი სენტიმენტალურობა განაპირობებს იმ ემოციურ კავშირს, რომელიც აქ ჩამოსვლისთანავე გიჩნდებათ და რაც უდავოდ ხელს უწყობს მკურნალობის წარმატებას.

რჩევა: წინასწარ დაჯავშნეთ აიურვედას ლუქსი, საიდანაც მთებისა და მიმდებარე ხეობის თვალწარმტაცი ხედი იშლება. აუცილებლად გაისეირნეთ ფეხით მთებში, რადგან ეს შესაძლოა თქვენთვის საუკეთესო თერაპია აღმოჩნდეს.

î www.sonnhofayurveda.at

LA RESERVE (ნაკრძალი). ჟენევა.

ადვილად ხელმისაწვდომი სრული კლინიკური კვლევა და დიაგნოსტიკა

ბევრმა ჩვენგანმა იცის, რომ ორგანიზმში სეროტონინის ნაკლებობა დეპრესიას იწვევს. მაგრამ იცოდით, რომ მონელების სისტემაში არსებულმა პრობლემებმა შესაძლოა სეროტონინის გამოყოფა დაბლოკოს და მათი მკურნალობა შესაძლებლია პრობიოტიკებით და არა პრეპარატ პროზაკით, რომელიც ანტიდეპრესანტთა ჯგუფს მიეკუთვნება? იცოდით, რომ სტრესის დროს ორგანიზმში გამოიყოფა კორტიზოლის სახელით ცნობილი ჰორმონი, რომელიც ხელს უშლის ცხიმების წვას? ის კი ყველასთვის ცნობილია, რომ სტრესის მოხსნა უმთავრესი ფაქტორია წონის კლებისათვის! თქვენ აქ უამრავ ასეთ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობთ და, რაც ყველაზე მთავარია, თქვენ გეცოდინებათ საკუთარი გენეტიკური კვლევის, სამედიცინო შემოწმებისა და სისხლის ანალიზის შედეგები, სადაც მითითებულია სეროტონინისა და კორტიზოლის დონე, კონკრეტული დაავადებების რისკი და რჩევები, თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

აქ შემოგთავაზებენ ე.წ. „უკეთ დაბერების პროგრამას” (ოთხდღიანი, შვიდდღიანი, ინტენსიური და პროგრამა-პლუსი). თითოეულ ამ პროგრამაში შედის კერძო კონსულტაციები ჯანსაღი დაბერებისა და გენური მედიცინის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვან სპეციალისტთან – პროფესორ ჟაკ პრუსტთან. იგი ამავდროულად არის ახლომდებარე de Genolier-ის კლინიკის ხელმძღვანელი.

გარდა ამისა, აქ ყოველდღე ხუთი საათის განმავლობაში გიტარდებათ მკურნალობა და ვარჯიში, მათ შორის მასაჟი, ვარჯიში პირადი ტრენერის ზედამხედველობით და იოგას გაკვეთილები ხალისიან საბელთან, რომელიც ასეთ რჩევებს გვაძლევს: „მხრები უკან და ნიკაპი ზევით. გახსოვდეთ, თქვენი ფილტვები ლავიწის ძვლის ქვეშ არის განლაგებული, ასე რომ მიეცით მათ საკმარისი სივრცე სუნთქვისათვის”.

ნაკრძალის საკვები საოცრად კარგი და ჯანსაღია – Café Lauren-ში თქვენ მოგართმევენ ბარდის წვნიანს თხის ყველის ნაჭრებით. ლანჩის დროს აქ თავს იყრიან ადგილობრივი სპას სტუმრები და ახლომდებარე გაეროს შტაბის წევრები. მაგრამ ამ დაწესებულების პოპულარობას, რასაკვირველია, ცნობილი სტუმრები კი არა, აქაური სპეციალისტების მაღალკვალიფიციურობა განაპირობებს.

ოსტეოპატი სებასტიან დუკასი შეისწავლის თქვენი ძვლის სტრუქტურას და გამოგიწერთ სპეციალური ვარჯიშების პროგრამას. დიეტოლოგი ოლივიე ბურქინი გაგაცნობთ თქვენს ორგანიზმში ანტიოქსიდანტებისა და ანთებითი პროცესების დონეს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ყურადსაღებია, რადგან მისი მაღალი დონე ორგანიზმში მიმდინარე დაავადებაზე მიანიშნებს. იგი აუცილებლად მოგიყვებათ „სპირულინას” დადებითი თვისებების შესახებ, რომელიც მდიდარია პროტეინებით, ვიტამინებითა და მინერალებით. იგი აგრეთვე გირჩევთ პრობიოტიკს სახელწოდებით Lactibiane. თქვენ ასევე შეგიძლიათ ფეხის სპეციალისტან კონსულტაცია, თუმცა ეს დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. მომხიბვლელი ექიმი ვალერი ლედუცი CoolSculpting-ის აპარატის ლაზერით გააქრობს ობობის ქსელის მსგავს ვენებს თქვენს ფეხებზე. ასევე შეგიძლიათ მუხლისთავებზე, ან სხეულის სხვა ადგილას წარმოქმნილი ცხიმოვანი უჯრედების მოყინვა.

ნებისმიერი რევოლუციური აღმოჩენა ჯანმრთელობის სფეროში – იქნება ეს ახალი საოცარი საკვები დანამატი თუ სასწაულებრივი დიეტა ან ვარჯიში – აუცილებლად ბადებს გარკვეულ სკეპტიციზმს. მაგრამ ყველა აღფრთოვანებულია გენური მედიცინით ისევე, როგორც CoolSculpting-ის აპარატით. ზემოთ ჩამოთვლილი კონსულტაციებისათვის სულაც არ არის სავალდებულო ერთკვირიანი სამკურნალო პროგრამის ჩატარება. თქვენ ნებისმიერ ექიმთან შეგიძლიათ ჩაეწეროთ პირად კონსულტაციაზე, მაგრამ ეს ვერ შეედრება იმ შვიდდღიან პროგრამას, რომელსაც ეს სამკურნალო დაწესებულება გთავაზობთ.

რჩევა: არ შეგაშინოთ ამ 1970-იან წლებში აშენებული სასტუმროს ფასადმა: ლეოპარდისხალიჩებიანი შიდა ინტერიერის დიზაინი ეკუთვნის ჟაკ გარსიას – ცნობილი Hôtel Costes-ის სასტუმროს დიზაინის ავტორს. ხუთი წუთის სავალზე ჟენევის ტბა მდებარეობს, ხოლო აეროპორტში მანქანით სულ რაღაც 10 წუთში მიხვალთ. მარტიდან ოქტომბრამდე აქ მუშაობს ე.წ. წყლის შატლი (მატარებელი), რომელიც ჟენევის ტბით სწრაფად ჩაგიყვანთ ქალაქის ცენტრში. აქაური მომსახურებით კმაყოფილი დარჩებით.

î www.lareserve.ch

KEMPINSKI HOTEL BARBAROS BAY . სასტუმრო KEMPINSKI ბარბაროსას ყურეში, თურქეთი.

ძალების აღსადგენი, მოსახერხებელი კურორტი ძალიან გადაღლილი მშობლებისათვის

ღამით ჩამოსულ სტუმრებს აქ სრიალა მინის კარები და ნეონით განათებული პალმის ხეები მოხვდება თვალში, რაც, ცოტა არ იყოს, ლოს-ანჯელესს მოგაგონებთ. სამაგიეროდ, მეორე დილას დაინახავთ იმას, რაც წინა დღეს გამოგრჩათ: უსაზღვროდ ნათელი ცისა და ცქრიალა ეგეოსის ზღვის პანორამულ ხედს, რომელიც შესანიშნავ ფონს უქმნის ამ მეტად თანამედროვე, მეგობრულ და მოდურ სასტუმროს.

Kempinski ერთდროულად არის ხმაურიანი შეკრების ადგილი და მყუდრო, ოჯახური კურორტი. ბავშვებს შეუძლიათ მიირთვან სასტუმროს ოთხ რესტორანსა და ბარში (ერთი რესტორანი მხოლოდ უფროსებისთვის არის განკუთვნილი). მათ ასევე შეუძლიათ იცურაონ გარე და დახურულ აუზებში. სასტუმროში არის ე.წ. ბავშვთა კლუბი, რომელიც ბავშვებს სპეციალურ გასართობ პროგრამას სთავაზობს. აქვე არის ბავშვთა ოთახიც, სადაც თქვენი პატარა ნაკლებად დაძაბულ და მშვიდ გარემოში შეძლებს გართობას. ბავშვთა ოთახში ეწყობა მუსიკის, კულინარიის, ხელოვნებისა და წიგნის კითხვის გაკვეთილები. ბავშვთა კლუბში მოქმედებს ასევე ძალიან სახალისო სახელწოდების მქონე რესტორანი „ბარბაროსას მეკობრეები”. ეს არის თემატურად გაფორმებული სივრცე, სადაც მხიარული და ენერგიული პერსონალი მუშაობს.

მთელი მომსახურე პერსონალი ბავშვების მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩევა. აქ იმდენად ყურადღებიანი ხალხი მუშაობს, რომ თუ თქვენი სამი წლის შვილი უცებ მსხალს მოინდომებს, თქვენს საძინებელში დაუყოვნებლივ აღმოჩნდება მსხლებით სავსე კალათი.

სასტუმროს ყველაზე დაბალ სართულზე მოქმედებს მსოფლიო დონის სპა, რომელსაც 5,500 კვადრატული მეტრი ფართი უკავია. საერთო დარბაზები აქ ბუნებრივად არის განათებული. სპაში მოქმედებს ულამაზესი დიდი თურქული აბანო, აუზი, რომლის სიმშვიდეს ვერაფერი არღვევს, და შესანიშნავი ორთქლის ოთახები და საუნა. სამკურნალო პროცედურათა სია აქ საკმაოდ ვრცელია და მოიცავს: რეფლექსოლოგიას, აიურვედას მასაჟს, ლომი-ლომი-ნუის და აი-ჩის (წყალში შესრულებული ტაი-ჩის სახეობა). ნუ დაგაბნევთ ამგვარი მრავალფეროვნება. Ligne St Barth-ის სხეულის გამამხნევებელი სამკურნალო პროცედურები აქ საუკეთესო შემოთავაზებად ითვლება, ისევე როგორც Watsu-ს უჩვეულო თერაპია, რომლის დროსაც თქვენი სხეულის გაჭიმვა ხდება. ეს პროცედურა ტარდება წყალში, როდესაც თქვენი სხეული მოდუნებული და უწონადობის მდგომარეობაში იმყოფება. ყველაზე მნიშვნელოვან თერაპიულ სეანსებს აქ ატარებს სასტუმროს სპას კონსულტანტი დენიზ სუსევერი. იგი თავისი საქმის ნამდვილი ოსტატია. თუ დროს გამონახავთ, აუცილებლად დაესწარით მის მედიტაციის გაკვეთილებს და ე.წ. EFT სესიას (იშიფრება როგორც Emotional Freedom Techniques – ემოციური თავისუფლების ტექნიკა).

ასევე გირჩევთ, ესტუმროთ სანაპირო რესტორან „ბარბაროსას”, სადაცშეგიძლიათ მიირთვათ ახლად დაჭერილი ზღვის მოლუსკები, შეშის ღუმელში გამომცხვარი პიცა და განუმეორებელი ბერძნული მეზე. ამ არაჩვეულებრივ ადგილას ბავშვებთან ერთად მშვიდ გარემოში ისადილებთ.

რჩევა: წინასწარ დაუკავშირდით სასტუმროს და სთხოვეთ, გამოგიგზავნონ ბავშვთა კლუბის განრიგი და სამკურნალო პროცედურების ბროშურა. ამგვარად თქვენ შეძლებთ დაგეგმოთ, თუ რომელ ღონისძიებებში იქნებიან ჩართული თქვენი შვილები, ვიდრე თქვენ სხვა რამით იქნებით დაკავებული. გირჩევთ, წინასწარ ჩაეწეროთ ყველაზე პოპულარულ სამკურნალო პროცედურებზე, რათა რიგში დგომამ არ მოგიწიოთ.

î www.kempinski.com/en/bodrum/ hotelbarbarosbay

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *