ვიეტნამელი ფოლადის მაგნატი მილიარდერის სტატუსს იბრუნებს

ვიეტნამელი ფოლადის მაგნატი მილიარდერის სტატუსს იბრუნებს

ვიეტნამელი ფოლადის მაგნატი თრან დინ ლონგი მილიარდერის სტატუსს იბრუნებს. ამის მიზეზი კი ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა გახდა. Forbes-ის ცნობით, ვიეტნამში უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელი კომპანია Hoa Phat Corporation-ის აქციების ფასი გაორმაგდა მარტის შემდეგ, რის შედეგადაც მისი თანადამფუძნებლის და ხელმძღვანელის ქონება კვლავ მილიარდამდე გაიზარდა.

თრან დინ ლონგი კორპორაციაში აქციების 34%-ს ფლობს თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად. ის ბოლოს მილიარდერთა სიაში 2018 წელს იყო, შემდეგ კი მისი ქონება შემცირდა. ორწლიანი შესვენების შემდეგ, ის კვლავ იბრუნებს ძველ დიდებას.

Hoa Phat Corporation-ის შემოსავლები წელს 40%-ით გაიზარდა და $2.8 მილიარდი შეადგინა. წმინდა მოგება კი 56%-ით გაიზარდა და $385 მილიონს მიაღწია 2020 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში.

ანალიტიკოსების პროგნოზით, მას შემდეგ რაც 2021 წლის დასაწყისში კომპანიის ახალი კომპლექსი, რომელიც ვიეტნამის ცენტრალურ პროვინციაში მდებარეობს, ფუნქციონირებას დაიწყებს, კომპანიის საბაზრო წილი ფოლადის ინდუსტრიაში 30-დან 35%-მდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ თრანმა, რომელიც დაიბადა და გაიზარდა დედაქალაქ ჰანოიში, Hoa Phat-ი 1992 წელს დააარსა და ის სხვადასხვა ნაწილების დისტრიბუციას ახორციელებდა. შემდეგ მან გაზარდა ბიზნესი და ფოლადის აღჭურვილობის წარმოება დაიწყო. 2015 წელს კომპანიამ ბიზნესების დივერსიფიკაცია გადაწყვიტა სოფლის მეურნეობის სფეროშიც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.