აქციონერი (ინგლისურად Shareholder) არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კომპანიის აქციებს ან თუნდაც ერთ აქციას ფლობს. თავის მხრივ, აქცია არის კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, რომლის მფლობელი ამ კომპანიის მეწილე ხდება. აქციის მფლობელი კომპანიის მოგებიდან იღებს სარგებელს ანუ დივიდენდს. მისი სარგებელი დამოკიდებულია იმაზე, თუ კომპანიის რამდენ აქციას ფლობს. აქციის მფლობელს შემოსავლის მიღება ასევე შეუძლია აქციის იმაზე ძვირად გადაყიდვით, ვიდრე თავად შეიძინა. ხშირად აქციებს სწორედ ვაჭრობის მიზნით ყიდულობენ.
მსხვილ აქციონერებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ კომპანიის მართვაში, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში. აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის საკუთარი ქონებით. კომპანიის მოგების (დივიდენდის) განაწილების წესი, კომპანიის მართვის წესი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები კომპანიის წესდებით დგინდება.