ვინ ჩაანაცვლებს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტზე ბორის ჯონსონს?

ვინ ჩაანაცვლებს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტზე ბორის ჯონსონს?

გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. პრემიერ მინისტრის პოსტის დაკავების სურვილი კი მალევე ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის 10-მა წევრმა გამოთქვა.

კანდიდატების მარათონს ყველაზე ბოლოს დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანი, ლიზ ტრასი შეუერთდა. საზოგადოებას ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუშინ საღამოს ამცნო. ლიზ ტრასის განცხადებით, პრემიერმინისტრობის პირველივე დღეს გადასახადების შემცირებით დაიწყებს.

გუშინ დილით პრემიერმინისტრობის სურვილი კონსერვატიული პარტიის კიდევ ერთმა ქალმა ლიდერმა, საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრმა, პენი მორდონტმა გამოთქვა. მისი განმარტებით, დიდი ბრიტანეთის შემდეგი პრემიერმინისტრის მართვის მოდელი ნაკლებად უნდა იყოს აწყობილი ინდივიდუალიზმზე.

მთავარ კანდიდატებს შორის ფინანსთა ყოფილი კანცლერი, რიში სუნაკიც იმყოფება. გასულ სამშაბათს მან დაკავებული თანამდებობა უეცრად დატოვა, რაც ბორის ჯონსონთან ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული უთანხმოებით ახსნა.

პრემიერმინისტრობის მარათონს ორი ყოფილი ჯანდაცვის მდივანი, საჯიდ ჯავიდი და ჯერემი ჰანტიც შეუერთდებიან. ლიზ ტრასის მსგავსად, საკუთარ კამპანიაში აქცენტს ისინიც გადასახადების შემცირებაზე აკეთებენ.

თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის პირობას პრემიერმინისტრობის ორი კანდიდატი დებს. ახლადდანიშნული ფინანსთა მინისტრი ნადიმ ზაჰავი და ტრანსპორტის მინისტრი გრანტ შაპსი კამპანიაში ყურადღებას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე გაამახვილებენ.

გარდა ამისა, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენეს თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენდატმა და თანასწორობის ყოფილმა მინისტრმა, კემი ბადენოქმა. პრემიერმინისტრობის კანდიდატურა ჯერ კიდევ ბორის ჯონსონის გადადგომამდე, დიდი პატივით წამოაყენა გენერალურმა პროკურორმა სუელა ბრეივერმანმა.

ცნობისათვის, ახალი პრემიერმინისტრი კონსერვატიულმა პარტიამ უნდა აირჩიოს. ეს პროცესი კი ბიუროკრატიის გამო, შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს.