Visa: 2022 წლის სამი მთავარი ტრენდი გადახდების ინდუსტრიიდან

Visa: 2022 წლის სამი მთავარი ტრენდი გადახდების ინდუსტრიიდან

როგორც წესი, დეკემბერი შეჯამებისა და ახალი გეგმების ჩამოყალიბების თვეა, რაზეც სხვადასხვა კომპანიის მიერ გავრცელებული ანგარიშები და მოხსენებები მიუთითებს. ამ ტრენდს არც გადახდების მსოფლიო გიგანტი, Visa ჩამორჩა – კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელის (CEMEA-ს რეგიონში), გოდფრი სალივანის აზრით, მომავალ წელს გადახდების ინდუსტრიას ჩაშენებული ფინანსური ინსტრუმენტები, მეტავერსი და კრიტიპტოვალუტები განსაზღვრავენ.

ჩაშენებული ფინანსური ინსტრუმენტები

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ტენდენცია არახალია: არსებობს ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ მსოფლიოს გარშემო არსებული ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანიები პარადიგმულ ცვლილებას განიცდიან: ფინანსური ინსტიტუტები – ტექნოლოგიურ კომპანიებად ყალიბდებიან, ხოლო ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც ტრადიციულად  სტარტაპებად ითვლებოდნენ – ფინანსურ ინსტიტუტებად ჩამოყალიბებას განაგრძნობენ.

ამ ცვლილების თავი ისტორიაში უნდა ვეძებოთ: საქმე ისაა, რომ ისტორიულად, საბანკო ინფრასტრუქტურა – საკმაოდ შეზღუდული, ხოლო სერვისების მიღება რთული და ძვირი იყო, ხანდახან კი – საერთოდ შეუძლებელი. თუმცა ბოლო დროს  ეს ასე არ არის: დეცენტრალიზებულმა ფინანსურმა კომპანიებმა, ისევე როგორც ტრადიციულმა მსხვილმა მოთამაშეებმა არაერთი ახალი ტექნოლოგია შექმნეს, რამაც ადრე არსებული ბარიერები, უბრალოდ, გააქრო. ამას თან ერთვის სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ გამოთქმული მზაობა ამ ახალი სფეროს რეგულირების შესახებ, რომელიც მას კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის და ინვესტორთა და მომხმარებელთა ნდობას გააღრმავებს.

ფოტო: Visa

თავისთავად ცხადია, რომ ეს ცვლილებები აუცილებლად აისახება ტრადიციულ საბანკო სფეროზე: სრულიად ახალი საბანკო სერვისების მომწოდებლები მათთვის კონკურენტებიც იქნებიან და პარტნიორებიც, ეს სინერგია კი მთელ ინდუსტრიაზე დადებითად აისახება. ამგვარად, მომხმარებლებიც იხეირებენ, რადგან ისინი მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს მიიღებენ.

მეტავერსი

აღარავის გვეუცნაურება, რომ რთულად მოიძებნება ისეთი კომპანია, რომელიც მეტავერსზე არ ფიქრობს – უფრო მეტი კი ისეთი კომპანიაა, რომელიც დღეს-ხვალ  მეტავერსში საკუთარ ბიზნესს გადაიტანს. მეტავერსის დღეს არსებულ პლატფორმებზე გამართულ ღონისძიებებს შორის ორი განსაკუთრებულად საინტერესოა: ამერიკელი მომღერლის, არიანა გრანდეს კონცერტი, რომელიც შემოდგომაზე, Fortnite-ში გაიმართა და რომელსაც მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო და მოდის გიგანტის, Gucci-ს მიერ ვიდეოთამაშ Roblox-ში შექმნილი ბაღი, რომელიც ფლორენციაში არსებული ბაღის ზუსტი ციფრული ანალოგია – ამ ადგილის სტუმრობა მომხმარებლებს $10 დაუჯდებათ.

ფოტო: Visa

Visa-ში ფიქრობენ, რომ ციფრული ეკონომიკა, რომელიც დღეს, უმეტესწილად, ვიდეოთამაშების ინდუსტრიის გარშემო არის აღმოცენებული, მომავალ წლებში უფრო და უფრო განვითარდება, რაც წარმოუდგენელ შესაძლებლობებს შექმნის: ბიზნესები საკუთარი პროდუქტებისა და სერვისების პორტფელის დივერსიფიცირებას შეძლებენ – Gucci-ს ციფრულ ბაღში, მაგალითად, NFT-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ციფრული ჩანთა $4100-ად გაიყიდა, რაც ფიზიკურ ჩანთაზე ძვირიც კი არის. ამასთანავე, ბიზნესებს ახალ სამყაროსთან ადაპტაციაც მოუწევთ, რადგან შეიძლება, რომ მათი ბიზნესმოდელები ამგვარი კომერციისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდეს.

კრიპტოვალუტები

დროთა განმავლობაში კრიპტოვალუტები, რომლებიც თავდაპირველად რევოლუციურ აქტივებად მოიაზრებოდა, სულ უფრო და უფრო მალე იმკვიდრებს თავს ყოველდღიურობაში როგორც მომხმარებლების, ასევე ბიზნესების, ფინანსური ინსტიტუტებისა და სახელმწიფოების ძალისხმევით. ამ ტენდენციის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორი ის არის, რომ მსოფლიოს გარშემო არსებული რეგულატორები ამ სფეროს დარეგულირებას იწყებენ, რითაც, რეალურად, მას ტრადიციული ფინანსური სისტემისაკენ გზას უხსნიან. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს რიგ ქვეყნებში უთქმელი კონსენსუსი ჩამოყალიბდა: კრიპტოვალუტები არსად გაქრება.

ფოტო: Visa

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოსამყაროსთან დაკავშირებით, Visa საკმაოდ გაბედულად მოქმედებს: ცოტა ხნის წინ კომპანიამ კრიპტოსაკონსულტაციო სერვისების დანერგვის შესახებ განაცხადა. Visa-სთვის კრიპტოვალუტები მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროც არის: 2020-2021 წლებში კომპანიამ საკუთარი კრიპტოდაკავშირებული  ბარათების მეშვეობით $3.5 მილიარდის ეკვივალენტი მოცულობის ტრანზაქციები განახორციელა.

ამგვარად, Visa ერთ-ერთი ტრადიციული კომპანიაა, რომელიც ამ ახალ სამყაროში საკუთარ სათქმელს ამბობს: სხვა სერვისებთან ერთად, ისინი საკუთარ მომხმარებლებს ისეთ ბარათებსა და API-სერვისებს სთავაზობენ, რომლებიც მათ საშუალებას აძლევთ, გარკვეული სერვისები და პროდუქტები კრიპტოვალუტების მეშვეობით შეიძინონ ან გაყიდონ. ამასთანავე, სულ უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით ისეთ საბონუსე სისტემებს, რომელთა შემთხვევაში, მომხმარებლები ქეშბექს კრიპტოვალუტების საშუალებით იღებენ. მომავალ წლებში ამ ტრენდს კრიპტოვალუტებით გასესხების ფუნქციონალიც დაემატება, რომელსაც გამოიყენებენ როგორც უშუალოდ დაკრედიტების ვალუტად, ასევე როგორც სესხის უზრუნველსაყოფად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.