საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის კავშირში, უფრო ზუსტად, შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლამდე მხოლოდ ფორმალობებია დარჩენილი. სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში ევროპის კავშირის საბჭო საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ფინალურ წერტილს დაუსვამს, ხოლო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების გამოქვეყნებიდან ოცი დღის გასვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპასთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.
შენგენის ხელშეკრულების სახელმწიფოებთან თავისუფალ მიმოსვლას საქართველოსთვის ღრმად პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ჯერ მოკლედ შევეხოთ ისტორიას. პროცესის წარმატებით დასრულებას წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი რუტინული მუშაობა.
2011 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა ევროპის კავშირთან სავიზო ფასილიტაციის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 24 კატეგორიის საქართველოს მოქალაქეს გაუმარტივდა შენგენის ვიზის მიღება, ხოლო დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. იმავე დღეს ძალაში შევიდა ევროპის კავშირთან რეადმისიის ხელშეკრულება, რაც სავიზო რეჟიმის დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების ევროპიდან სამშობლოში დაბრუნებას ითვალისწინებდა. აღებული ვალდებულებების წარმატებით შესრულება გახდა 2012 წლის ივნისში საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგის გახსნაზე შეთანხმების საფუძველი. საქართველომ ე.წ. VLAP – სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა – 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო, კერძოდ, 2013 წლის თებერვალში.
VLAP მოიცავდა ოთხ ბლოკად დაყოფილ ტექნიკურ დავალებებს, რომლებიც ეხებოდა დოკუმენტების უსაფრთხოებას, საზღვრის ინტეგრირებულ მართვას, მიგრაციის მენეჯმენტს, თავშესაფრის პოლიტიკას, საგარეო ურთიერთობებსა და ადამიანის ძირითად უფლებებს, რომელთა შეფასებაც ხდებოდა კომისიის მიერ და მათი შესრულება ევროპის კავშირთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნიდა.
2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ საქართველოს მიერ VLAP-ის შესრულების საბოლოო (მეოთხე) ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დადებითად იყო შეფასებული საქართველოს ძალისხმევა, ხოლო 2016 წლის მარტში კომისიამ ევროპის პარლამენტსა და ევროპულ საბჭოს # 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის საკანონმდებლო პროცედურის ინიცირების რეკომენდაციით მიმართა, იმავე წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას შორის შეთანხმდა რეგულაციის საბოლოო ტექსტი, რომელიც 20 დეკემბერს დაამტკიცა ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა, ხოლო 2017 წლის 12 იანვარს – ევროპარლამენტის LIBE კომიტეტმა.
2017 წლის 2 თებერვალს კი ევროპის პარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი შესაძლოა უფრო ადრე დამთავრებულიყო, რომ არა საქართველოსგან დამოუკიდებელი გარე ფაქტორები, კერძოდ, ევროპის კავშირისთვის უპრეცედენტო მიგრაციის ტალღა ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან და მასთან დაკავშირებული მიგრაციის კრიზისი; სხვა სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სურვილი “შეხტომოდნენ” ან “ჩაბმოდნენ” ევროპაში მიმავალ ქართულ მატარებელს, რაც ირიბ დაბრკოლებას წარმოადგენდა ევროპელებისთვის მხოლოდ საქართველოს თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად და რაზეც ხმამაღლა ვერც ერთი მხარე ვერ ისაუბრებდა; დავა ევროპის კავშირის ინსტიტუციონალურ ერთეულებს შორის კომპეტენციების გამიჯვნაზე, თუ ვის კომპეტენციაში უნდა ყოფილიყო უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი; ზოგადი არახელსაყრელი ვითარება ევროპის კავშირის შიგნით, რაც წევრ- სახელმწიფოებში არჩევნებს და ევროსკეპტიციზმისა და რადიკალური ძალების პოპულარობის ზრდას უკავშირდებოდა.
ევროპის კავშირთან სავიზო ლიბერალიზაციით საქართველო ფაქტობრივად მოიპოვებს იმ ოთხი თავისუფლებიდან სამს, რაც მოქმედებს ევროპის კავშირში. ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალმა სავაჭრო შეთანხმებამ (DCFTA) უზრუნველყო პროდუქტების, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება ევროპაში, ხოლო ადამიანების თავისუფალი გადაადგილება შესაძლებელი გახდება უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ. საქართველოს მოქალაქეებისთვის რჩება მხოლოდ ერთი შეზღუდვა – ევროპის კავშირში შრომის უფლება, რომელიც არც ერთი აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის და საქართველო-ევროპის კავშირის მომავალი დიალოგის ნაწილი უნდა გახდეს.
ევროპის კავშირთან თავისუფალ ვაჭრობასთან ერთად თავისუფალი გადაადგილება მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მისცემს საქართველოს.
მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მქონე ქართველ მეწარმეებს, რომლებსაც აქამდე ხანგრძლივი და დამღლელი პროცედურის გავლა სჭირდებოდათ ვიზის მისაღებად (ან სულაც უარს ეუბნებოდნენ ვიზირებაზე), საშუალება ექნებათ, გაემგზავრონ ევროპის ქვეყნებში ახალი ბაზრების ასათვისებლად, საერთაშორისო გამოფენებზე დასასწრებად, გამოცდილების შესაძენად თუ ბიზნესპარტნიორების მოსაძებნად, რაც წარმატების შემთხვევაში განავითარებს მათ წარმოებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გააუმჯობესებს წარმოების ხარისხს, მოიზიდავს ინვესტიციებს.
უვიზო რეჟიმის პირობებში მოიმატებს ევროპაში გამგზავრების მსურველთა რიცხვი, რაც, ერთი მხრივ, გამოიწვევს სხვადასხვა ავიაკომპანიის ქართული ბაზრით დაინტერესებას და ბაზარზე შემოსვლას, ახალი მიმართულებებით ფრენების გახსნა გაზრდის მგზავრების რიცხვს საქართველოს აეროპორტებში, განსაკუთრებით – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში; გამოიწვევს მგზავრების ნაკადის ზრდას მეზობელი სახელმწიფოებიდანაც, გააჩენს საქართველოს მინი-ავიაჰაბად ქცევის პერსპექტივას; ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს; მეორე მხრივ, გაიზრდება იმ ტურისტული ოფისების სამუშაო მოცულობა, რომლებიც ევროპაში მოგზაურობის ბიზნესს აწარმოებენ, რაც ასევე, საბოლოო ჯამში, ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს.
ახალი ავიაკომპანიები და ფრენები ბუნებრივად გაზრდის კონკურენციას, ეს კი მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და მოგზაურობის ხარჯებს შეამცირებს.
ევროპასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური თვალსაზრისით. VLAP-ით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებამ და რეფორმებმა დააჩქარა ევროპულ კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი, უზრუნველყო დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრების ინტეგრირებულ მართვაზე გადასვლა, თავშესაფრისა და მიგრაციის პოლიტიკის რეგულირება და სხვ. საქართველო ინსტიტუციონალურად კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპის კავშირს.
ევროპასთან უვიზო რეჟიმი არის საქართველოს “რბილი ძალა” ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით, კომპეტენტური ხელისუფლების პირობებში ის შეიძლება გახდეს ეფექტიანი იარაღი როგორც ოკუპირებულ ზონებში დარჩენილ მოქალაქეებთან, ისე დე-ფაქტო რეჟიმებთან მოლაპარაკების მაგიდასთან. კონფლიქტების საერთაშორისო გამოცდილება იცნობს მსგავს შემთხვევებს. ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის რუსეთთან საქართველოს შედარებითი უპირატესობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით.
ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გაზრდის საქართველოს მოქალაქეების დასვენების ხარისხს, ამასთან ბევრ ევროპულ სახელმწიფოში დასვენება ხშირად უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოს კურორტებზე. ახალი რეალობა არა მარტო მოქალაქეთა თანხებს დაზოგავს, არამედ ქართული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დამატებით სტიმულადაც იქცევა.
საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ ევროპაში დროებით მცხოვრები ოჯახის წევრები, რომლებიც არალეგალური სტატუსის გამო წლებია, ვერ ახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას და შვილების თუ მეუღლეების ნახვას. საქართველოს ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ, იაფად დაისვენონ ევროპის ქვეყნებში, ამავდროულად ადგილზე გაეცნონ სწავლის გაგრძელების პერსპექტივებს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც, ალბათ, უვიზო მიმოსვლისგან უნდა ველოდეთ, არის მენტალური გარდატეხის დაჩქარება, რასაც ევროპის ღირებულებათა სისტემის, ევროპული ცხოვრების საკუთარი თვალით ნახვა გამოიწვევს. საქართველოს მოქალაქეებს, პირველ რიგში ახალგაზრდებს, საშუალება ექნებათ, შეადარონ ერთმანეთს, ერთი მხრივ, თავისუფლების, დემოკრატიის, კეთილდღეობის, სამართლიანობის, მერიტოკრატიის, წესრიგისა და, მეორე მხრივ, კორუფციის, უკანონობის, ორგანიზებული დანაშაულის, დიქტატურის, ძალადობის სივრცე და ისე გააკეთონ მომავლის არჩევანი.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ამოქმედდება ვიზის შეჩერების მექანიზმთან ერთად. სიმართლე რომ ითქვას, მსგავსი მექანიზმი ადრეც არსებობდა: ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია, ნებისმიერ დროს საფუძვლიანი მიზეზის არსებობის შემთხვევაში მისი სახელმწიფოს საზღვრები დაატოვებინოს ვიზირებულ მესამე ქვეყნის მოქალაქეს. ევროპის კავშირმა ამ შემთხვევაში, პროცედურების დაჩქარების გზით, მექანიზმი გაამარტივა და დახვეწა. აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შენგენის ხელშეკრულების არაწევრ ყველა სახელმწიფოს.
შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს რამდენიმე შემთხვევაში: 1) თუ საქართველო შეწყვეტს რეადმისიის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; 2) თუ გაიზრდება პოლიტიკური თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის განაცხადების რიცხვი; 3) თუ გაიზრდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც დაარღვიეს შენგენის ზონაში ლეგალურად ყოფნის ვადა ან უარი ეთქვათ შესვლაზე; 4) თუ გაიზარდა კრიმინალური ფაქტების სტატისტიკა. სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების არდაშვება საქართველოს მოქალაქეების კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული, ევროპასთან სავიზო ლიბერალიზაცია პოლიტიკური დივიდენდების გარდა, მოკლე- და საშუალოვადიან პერსპექტივაში უმუშევრობისა და სოციალური გაჭირვების შემცირების, ეკონომიკური განვითარების ეფექტიან საშუალებას იძლევა, გრძელვადიან ჭრილში კი ევროპის ბაზარზე დასაქმების უფლების მოპოვების პერსპექტივას აჩენს. სიღარიბის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, რისკები, ცხადია, არსებობს, მაგრამ რისკების თავიდან აცილება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ხელშია.