Volkswagen-მა და Argo AI-მ თვითმართვადი ფურგონი წარმოადგინეს

Volkswagen-მა და Argo AI-მ თვითმართვადი ფურგონი წარმოადგინეს

გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Volkswagen-მა და ავტონომიურ ტექნოლოგიაზე მომუშავე კომპანია Argo AI-მ ერთობლივი წარმოების თვითმართვადი ელექტროფურგონი – ID Buzz AD წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ ამ ელექტროფურგონის გამოცდას და ბაზარზე გატანას კომპანიები მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ერთობლივად გეგმავენ.

ამ ავტომობილის პროტოტიპის ტესტირება უკვე დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება როგორც მიუნხენის სიახლოვეს მდებარე Argo-ს ცენტრში, ასევე კომპანიის მფლობელობაში არსებულ ცხრაჰექტარიან ბაზაზე, სადაც ავტომობილები ევროპული მოძრაობის წესების მიხედვით შედგენილ გარემოში იტესტებიან. ამას გარდა, ავტომობილები შემოწმდებიან ამერიკაშიც, Argo-ს სატესტო ტრასაზე.

„გვაქვს რა დიდ და რთულ ამერიკულ ქალაქებში ოპერაციების განვითარებისა და შემოწმების გამოცდილება, მოხარულნი ვართ, რომ სულ მალე ტესტირებას მიუნხენის ქუჩებშიც დავიწყებთ, რითაც MOIA-სთან ერთად, საზიარო ტრანსპორტის თვითმართვადი კომერციული სერვისის გასაშვებად მოვემზადებით“, – აღნიშნა Argo AI-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ბრაიან სალესკიმ. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, VW Group-ის შვილობილი MOIA-ს ხელშეწყობით, ID Buzz-ი ჰამბურგის ქუჩებში გამოჩნდება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ID Buzz-ის პროტოტიპი Volkswagen-მა ჯერ კიდევ 2017 წელს წარმოადგინა. საბოლოო პროდუქტი პირველი მოდელისაგან ვიზუალურად განსხვავებულია – ბევრი სხვა დეტალის გარდა, განსხვავდება ფურგონის ზედა ნაწილი, რომელშიც Argo-ს წარმოების ლიდარია ჩაშენებული. Argo AI-ს განცხადებით, მათ ლიდარს 400 მეტრის მოშორებით მდგომი ობიექტების ამოცნობაც შეუძლია. ეს ტექნოლოგიური მიღწევა ლიდარების მწარმოებელი კომპანია Princeton Lightwave-ის დამსახურებაა, რომელიც – Argo-მ ოთხი წლის წინ შეიძინა. საქმე ისაა, რომ ამ უაღრესად მგრძნობიარე სენსორს ცალკეული ფოტონების დანახვაც შეუძლია, რაც ისეთი ობიექტების ამოცნობაში ეხმარება, რომლებიც შუქს თითქმის არ ირეკლავენ. Argo AI-ის სისტემაში სენსორები და პროგრამული უზრუნველყოფა ისეთნაირად ერთიანდება, რომ მანქანას  ობიექტების აღქმა 360 გრადუსის რადიუსით შეუძლია, რაც  ფეხით მოსიარულეების, ველოსიპედისტებისა და სხვა მძღოლების გადაწყვეტილებების წინასწარ მოდელირებაში ეხმარება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *