როგორც ჩანს, ამერიკული მაღაზიათა ქსელი, Walmart-ი საკუთარ ბიზნესში ტექნოლოგიების როლის ზრდას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია მეტავერსულ სამყაროში შესასვლელად ემზადება, საკუთარი კრიპტოვალუტისა და NFT-ის (არაჩანაცვლებადი ტოკენი) შექმნასაც გეგმავს.
ამის მოლოდინს ის ფაქტი ქმნის, რომ Walmart-მა გასული თვის ბოლოს რამდენიმე სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა. ამით კი ნათელი გახდა, რომ კომპანია ვირტუალური საქონლის, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობების, სახლის დეკორაციების, სათამაშოების, სპორტული ინვენტარისა და თავის მოვლის საშუალებების გაყიდვას ისახავს მიზნად.
გარდა ამისა, Walmart-მა ცალკე დაარეგისტრირა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ის საკუთარ მომხმარებლებს ციფრულ ვალუტასა და NFT-ებსაც შესთავაზებს. შეერთებული შტატების საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისის ინფორმაციით, ამერიკულმა გიგანტმა მოთხოვნები 30 დეკემბერს დაარეგისტრირა.
თავად კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კორპორაცია აქტიურად ცდილობს იმ გზების გამონახვას, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შოპინგის გამოცდილებას კიდევ უფრო საინტერესო გახდის. ეს კი ადასტურებს პროგნოზს, რომ კომპანია საკუთარ ბიზნესში თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებას ნამდვილად გეგმავს.
„ჩვენ მუდმივად ვტესტავთ ახალ იდეებს. ზოგი მათგანი საბოლოო სახეს იღებს და მომხმარებლებისათვის განკუთვნილი პროდუქტი ან მომსახურება ხდება“, – ვკითხულობთ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შტატების საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისის განმარტებით, კომპანიების სვლა მეტავერსული სამყაროსაკენ განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც Facebook-მა სახელი შეიცვალა და Meta გახდა.