უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში გაემგზავრა. ის ახლო აღმოსავლეთში პრინც მუჰამად ბინ სალმანს და აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდება. საუბარი უკრაინის ომის დამთავრების პერსპექტივებს და პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას შეეხება.
შეგახსენებთ, რომ ომის მალე დასრულების მიზნებისთვის, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ რუსეთთან ომში უკრაინას ყოველგვარი სამხედრო და სადაზვერვო დახმარების მიწოდება შეუჩერა. აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ გზით მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეების დასმა უფრო მარტივი იქნება.
საუდის არაბეთის პრინც მუჰამად ბინ სალმანთან ზელენსკის შეხვედრა სიმბოლურია იმდენად, რამდენადაც რუსეთ-უკრაინის ომში საუდის არაბეთს მედიატორის როლი რამდენჯერმე ეკავა. მაგალითად, საუდის არაბეთის ძალისხმევის შედეგად ქვეყნებს შორის ტყვეთა გაცვლა რამდენჯერმე განხორციელდა. გარდა ამისა, სწორედ საუდის არაბეთში შედგა რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების რამდენიმე წლის შემდეგ პირველი შეხვედრა, სადაც მხარეებმა საკუთარი პოზიციები წარმოადგინეს.
ზელენსკისა და აშშ-ის დელეგაციას შორის შეხვედრა კი ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოლაპარაკების პირველი მცდელობა იქნება. ზელენსკი ამერიკულ დელეგაციასთან მინერალების შეთახნმებასა და ომის დასრულების პირობებს განიხილავს.
საუდის არაბეთში გამართული შეხვედრა მეტწილად საბოლოო შეთანხმების გაფორმებისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. თუმცა ამ შეხვედრაში მონაწილეობას თავად ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიიღებს. მისივე განცხადებით, აშშ-ის დელეგაციას უკრაინის მხრიდან შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.
უფრო მეტი შეხვედრის შედეგების შესახებ, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.