ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენერალური პროკურორი თანამდებობებიდან გაათავისუფლა

ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და გენერალური პროკურორი თანამდებობებიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და გენერალური პროკურორი დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა. პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნულ ორ სტრუქტურაში სახელმწიფოს ღალატის უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა.

საინტერესოა, რომ ორივე მათგანი პრეზიდენტი ზელენსკის უახლოეს პირთა წრის წარმომადგენლები იყვნენ. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა პრეზიდენტ ზელენსკის მართვის პოლიტიკის სიმბოლოებადაც მოიხსენიებოდნენ. კორუფციასთან ბრძოლის მოტივით ზელენსკიმ აღნიშნული პირები თანამდებობებზე 2019 წელს დანიშნა.

თუმცა, ომის დაწყებიდან ხუთი თვის თავზე, პრეზიდენტი ზელენსკის განცხადებით, მისმა ორმა უახლოესმა მოკავშირემ საკუთარ სტრუქტურებში მოღალატეებისა და კოლაბორაციონისტების ეფექტურად აღმოჩენა ვერ შეძლო.

ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის 60-მდე თანამშრომელი მუშაობდა. ამ პერიოდის განმავლობაში, სამართალდამცავი უწყებების მიერ სახელმწიფოს ღალატისა და კოლაბორაციონიზმის შემთხვევებზე 651 საქმე აღიძრა.

თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ცნობისათვის, SBU-ს ყოფილი ხელმძღვანელი ივან ბაკანოვი ვოლოდიმირ ზელენსკის ბავშვობის მეგობარია.

პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, ორი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურის ხელმძღვანელების გათავისუფლება ამჟამად არსებული გამოძიებების ეფექტურად და ობიექტურად დასრულებას ემსახურება.