გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირა განსაკუთრებული აღმოჩნდა დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიდან წასული თანამშრომლების კუთხით: ერთი მხრივ, Apple-თან მუშაობა შეწყვიტა კომპანიის ლეგენდარულმა დიზაინერმა, ჯონი აივიმ, ხოლო მეორე მხრივ, Tesla დატოვა კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანდრეი კარპათიმ. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes-ის ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

ლეგენდარული ჯონი აივი Apple-ის პროდუქტების დიზაინზე აღარ იმუშავებს

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ბრიტანელი დიზაინერი, ჯონი აივი Apple-ის პროდუქტების დიზაინზე აღარ იმუშავებს, რითაც ტექნოლოგიური გიგანტის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა, – ამის შესახებ The New York Times-ი წერს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, მას მერე, რაც აივიმ Apple-ი დატოვა, ბრიტანელმა საკუთარი დიზაინ-კომპანია, LoveFrom-ი დააფუძნა, რომლის მთავარ კლიენტად, წლების განმავლობაში, სწორედ Apple-ი მოიაზრებოდა. დიზაინერის კომპანიიდან წასვლის შემდეგ, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა LoveFrom-თან მრავალწლიანი მრავალმილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფოტო: Sarah Rogers / The Daily Beast

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯონი აივი Apple-ისთვის გამორჩეული თანამშრომელი იყო, რომელიც, თავის დროზე, ჯერ კიდევ სტივ ჯობსთან ერთად მუშაობდა – სწორედ მას უკავშირდება Apple-ის 2000-2010 წლების „ოქროს ხანა“. თუმცა აივის მიერ დამოუკიდებლად შექმნილი პროდუქტებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – კომპანიის მიერ ბოლო დროს გამოშვებული ერთ-ერთი უნიკალური პროდუქტის, Apple Watch-ის დიზაინი სწორედ აივიმ შექმნა.

ლონდონის გარეუბანში დაბადებული აივი Apple-ს 1992 წელს შეუერთდა და წლების შემდეგ კომპანიის მთავარი დიზაინერის თანამდებობა დაიკავა. სწორედ აივის უკავშირდება კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი პერიოდის წარმატებით გადალახვა: 1997 წელს, როცა Apple-ი გაბანკროტების პირას იდგა, სტივ ჯობსის დავალებით, აივის გუნდმა iMac-ის დიზაინი შექმნა, რომელიც, თავის დროზე, ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვად პერსონალურ კომპიუტერად ითვლებოდა. ამგვარად, iMac-მა კომპანია გადაარჩინა, ხოლო მისი დიზაინერი – სტივ ჯობსის უახლოეს თანამშრომლად აქცია.

ფოტო: Apple

ჯონი აივის ნიჭისა და შესაძლებლობების დასტურად ისიც გამოდგება, თუ რას ამბობდა მასზე სტივ ჯობსი: „ის უბრალოდ დიზაინერი არ არის, – უთხრა სტივ ჯობსმა მის ბიოგრაფს, უოლტერ აიზეკსონს. – ოპერაციულად, ის Apple-ის ყველაზე ძლიერი თანამშრომელია – ცხადია, ჩემ შემდეგ“. უოლტერ აიზეკსონი იმასაც წერს, რომ ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, სტივ ჯობსი ჯონ აივის სტუდიაში სტუმრობდა, სადაც მის სკეტჩებს ათვალიერებდა – ამასთანავე, ჯობსი და აივი ხშირად ლანჩსაც ერთად მიირთმევდნენ. „გარდატეხა, რომელიც ჯონიმ Apple-სა და მთელ მსოფლიოში მოახდინა – უზარმაზარია, – უთხრა ჯობსმა აიზეკსონს. – ის ყველაზე კარგად ხვდება ჩვენი ბიზნესის არსს“.

მოგვიანებით, ჯონი აივი iPod-ის თეთრი ყურსასმენის დიზაინზე მუშაობდა, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა Apple-ის ლეგენდარულ რეკლამაში, რომელმაც iPod-ი უსაზღვროდ პოპულარულ პროდუქტად აქცია. აივის უკავშირდება თავად iPod-ის, iPhone-ისა და iPad-ის დიზაინის შექმნაც – ამ პროდუქტებმა პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობების ბაზარი თავდაყირა დააყენეს, რამაც Apple-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ და მოგებიან კომპანიად აქცია.

ფოტო: Apple, via Getty Images

სტივ ჯობსის გარდაცვალების შემდეგ, ჯონი აივი ტექნოლოგიური გიგანტის უახლესი  პროდუქტის, Apple Watch-ის დიზაინზე მუშაობდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავდაპირველად Apple Watch-მა მოლოდინი ვერ გაამართლა, მაგრამ საბოლოო ჯამში, დამატებით ბიზნესად იქცა, რომელმაც გასულ წელს Apple-ს $38 მილიარდის შემოსავალი მოუტანა. თუმცა სწორედ ჭკვიანი სათვალე გახდა ის პროდუქტი, რომელმაც ჯონი აივი Apple-ს დააშორა. როგორც ირკვევა, კომპანიის დატოვება აივის ჯერ კიდევ 2015 წელს სურდა, რაზეც ის Apple-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელს, ტიმ კუკსაც ესაუბრა – დიზაინერს არ მოსწონდა, რომ Apple Watch-ის დიზაინის შესაქმნელად პროცესში ჩართულ მხარეებთან ერთგვარი კონსენსუსის მიღწევა სჭირდებოდა. იმ დროს კუკი და აივი შეთანხმდნენ, რომ უკანასკნელი კომპანიაში ნახევარ განაკვეთზე გააგრძელებდა მუშაობას.

მას მერე, რაც აივი Apple-ის ყოველდღიურ საქმიანობას ნაწილობრივ ჩამოშორდა, მას გაცილებით უფრო მეტი დრო დარჩა ფრილანსერობისთვის – ლონდონში მდებარე ისტორიული სასტუმროსთვის, Clardidge’s-ის საახალწლო ნაძვის ხის დიზაინის შექმნა აივის კარიერის სწორედ ამ ეტაპს უკავშირდება. სწორედ ამ დროს დაემთხვა კუპერტინოში მდებარე სათავო ოფისის გახსნა, რომლის დიზაინზე ასევე ჯონ აივიმ იმუშავა.

ფოტო: Jim Wilson / The New York Times

მას მერე ჯონი აივი Apple-ს თანდათანობით ჩამოშორდა, ხოლო მოგვიანებით საკუთარი კომპანია, LoveFrom-ი დააფუძნა. აივის Apple-დან წასვლის შემდეგ LoveFrom-ი ძირითადად ტექნოლოგიური გიგანტის პროდუქტებზე იყო კონცენტრირებული, რაც, Apple-თან დადებული მრავალმილიონიანი კონტრაქტის მიუხედავად, აივისა და მის თანამშრომლებს შემოქმედებითობას და ბიზნესს უზღუდავდა. საქმე ისაა, რომ Apple-თან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, LoveFrom-ს Apple-ის კონკურენტებისთვის მომსახურების გაწევა ეკრძალებოდა.

თუმცა გასულ კვირებში, როცა მხარეებს შორის არსებული კონტრაქტის ვადა ამოიწურა, აივიმ და Apple-მა გადაწყვიტეს, რომ მისი გაგრძელება აღარ სურდათ. აივის კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო უშუალოდ Apple-შიც – ტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელების ნაწილი ფიქრობდა, რომ კომპანია აივის ზედმეტად დიდ თანხას უხდიდა. ამ უთანხმოებას დაემატა ისიც, რომ ბოლო წლებში ჯონი აივიმ Apple-ის არაერთი წამყვანი დიზაინერი გადაიბირა.

თუმცა, როგორც ჩანს, Apple-თან დადებული კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარის თქმა ნაწილობრივ აივის მოწოდებაც იყო, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, სურს, რომ საკუთარი კლიენტები ისე შეარჩიოს, რომ Apple-ს არ დაეკითხოს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯონი აივის Apple-დან წასვლით, სტივ ჯობსის მიერ დაწყებული ხაზი – ნაწილობრივ დასრულდა.

Nikon-ი SLR-ტიპის ფოტოაპარატების გამოშვებას წყვეტს

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ფოტოაპარატების იაპონური მწარმოებელი, Nikon-ი SLR-ტიპის ერთობიექტივიანი სარკიანი ციფრული ფოტოაპარატების გამოშვებას წყვეტს, – ამის შესახებ გამოცემა Nikkei Asia წერს. როგორც ირკვევა, ბაზრიდან გასვლის მიზეზი ის გახდა, რომ იაპონური გიგანტი, ამ მიმართულებით, სმარტფონებთან კონკურირებას ვეღარ ახერხებს.

ამიერიდან, Nikon-ი უსარკო ციფრული ფოტოაპარატების წარმოებაზე გადაერთვება – საინტერესოა, რომ სმარტფონების ხანაში სწორედ ეს ტექნოლოგია იქცა ფოტოაპარატების ბიზნესის წამყვან მიმართულებად. თუმცა პარალელურად ამისა, კომპანია უკვე წარმოებული SLR-ტიპის ფოტოაპარატების დისტრიბუციის შეწყვეტას არ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ SLR-ტიპის ფოტოაპარატების მიმართულებით, Nikon-ი მსოფლიოს რიგით მეორე მწარმოებელია – გასულ წელს კომპანიამ ამ ტიპის ფოტოაპარატის 400 ათასზე მეტი ერთეული გაყიდა. გაყიდვებით Nikon-ს მხოლოდ იაპონური გიგანტი, Canon-ი უსწრებს.

ფოტო: Nikon

უსარკო ციფრულ ფოტოაპარატებში გამოყენებული ფოტომატრიცა სინათლეს ელექტრულ სიგნალად გარდაქმნის. საინტერესოა, რომ SLR-ტიპის ფოტოაპარატების მსგავსად, დამატებითი ლინზების დამაგრება უსარკო ციფრულ ფოტოაპარატებზეც შეიძლება, რაც მის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ფოტოაპარატს ის ლინზა დაუმაგროს, რომელიც სურს. აღსანიშნავია, რომ ფოტოაპარატის სწორედ ეს თვისება ხდის მას კონკურენტუნარიანს სმარტფონებთან შედარებით.

ცნობისთვის გეტყვით, რომ უსარკო ფოტოაპარატების გაყიდვების მაჩვენებელმა SLR-ტიპის ფოტოაპარატების გაყიდვებს, პირველად, 2020 წელს გადაუსწრო. იაპონიის ფოტოაპარატებისა და გამოსახულების პროდუქტების ასოციაციის ინფორმაციით, ორი წლის წინ, მსოფლიოში უსარკო ფოტოაპარატების 2.93 მილიონი ერთეული გაიყიდა, რაც სარკიანი ფოტოაპარატების გაყიდვების მაჩვენებელს 600 ათასით აღემატება. ისე კი, ზოგადად, ფოტოაპარატების ბაზრის მოცულობა წლიდან წლამდე იკლებს – მაშინ როცა 2017 წელს მსოფლიოში 11.67 მილიონი ერთეული ფოტოაპარატი გაიყიდა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 5.34 მილიონ ერთეულამდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ Nikon-ის მიერ DSLR-ტიპის ტექნოლოგიაზე უარის თქმა სამოცდაათწლიანი ეპოქის დასასრულზე მიგვანიშნებს. Nikon-ის პირველი SLR-ფოტოაპარატი ბაზარზე პირველად 1959 წელს გამოჩნდა და მას მერე ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტების განუყოფელ ატრიბუტად იქცა, რომელიც თავს უმაღლესი ხარისხის პროდუქტით იწონებდა. აღსანიშნავია, რომ საკუთარი წარმოების ბოლო სარკიანი ციფრული ფოტოაპარატი – ფლაგმანი D6 SLR-ი, Nikon-მა 2020 წლის ივნისში გამოუშვა.

მოსალოდნელია, რომ მალე ამ ტენდენციას მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი, იაპონური Canon-იც შეუერთდება. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია, რომ ფოტოაპარატების ბაზარს, თითქმის სრულად, სმარტფონების ბაზარი შეისრუტავს.

FCC: ამერიკელი სამხედროების მიერ TikTok-ის გამოყენება საფრთხის შემცველია

გასულ კვირას, ამერიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ბრენდან კარმა აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროების მიერ ჩინური სოციალური ქსელის გამოყენება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მთავარ პრობლემად რესპუბლიკელი კომისიონერი ამერიკელი სამხედროების მიერ TikTok-ის საკუთარი პერსონალური სმარტფონებიდან გამოყენებაში ხედავს, რადგან ჩინური სოციალური ქსელის გამოყენება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სმარტფონებიდან, ხშირ შემთხვევაში, ისედაც აკრძალულია.

„იმ მონაცემებზე ვღელავთ, რომლებიც პირდაპირ პეკინში იგზავნება, – განაცხადა ბრენდან კარმა. – ეს მოწყობილობა, რომელშიც TikTok-ი არის გადმოწერილი, თქვენს ჯიბეში ხვდება, თქვენ კი სამხედრო ნაგებობებში შედიხართ. საქმე იმ ლოკაციურ მონაცემებს ეხება, რომელთა დახმარებით ადამიანებს სამხედროების მიმოსვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება შეუძლიათ“.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რესპუბლიკელი ბრენდან კარი TikTok-თან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებს – რამდენიმე კვირის წინმან Google-სა და Apple-ს საკუთარი მარკეტპლეისებიდან TikTok-ის წაშლისკენ მოუწოდა. თუმცა ის ერთადერთი ამერიკელი თანამდებობის პირი არ გახლავთ, რომელმაც ბოლო დროს ჩინური სოციალური ქსელის წინააღმდეგ გაილაშქრა: გასულ კვირას აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის ლიდერებმა, დემოკრატმა მარკ უორნერმა და რესპუბლიკელმა რიკი რუბიომ ფედერალური სავაჭრო კომისიის თავმჯდომარეს, ლინა ხანს TikTok-ის მონაცემთა უსაფრთხოების პოლიტიკის შესწავლისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვაზე საუბარი პირველად 2020 წელს დაიწყო, როცა ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელი აიკრძალებოდა, თუკი ის ამერიკული კომპანიის საკუთრებაში არ გადავიდოდა. მოგვიანებით, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს საპრეზიდენტო განკარგულება გააუქმა.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რაც გასულ კვირას, TikTok-თან დაკავშირებით მოხდა. როგორც ჩანს, ჩინურმა გიგანტმა ამერიკელი კანონმდებლების მოწოდებების საფუძვლიანად მოსმენა დაიწყო, რის გამოც, ამიერიდან, კომპანია ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებს უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, Oracle-ის დატაცენტრებში შეინახავს.

Tesla-ს ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომწარმოებლის, Tesla-ს ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანდრეი კარპათიმ, – საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ კარპათიმ Twitter-ზე დაწერა, სადაც დასძინა, რომ სურს, თავისი კარიერა ხელოვნური ინტელექტის ტექნიკურ მხარეს და განათლებას დაუთმოს. აღსანიშნავია, რომ ანდრეი კარპათი Tesla-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამშრომელია, რომელიც კომპანიას 2017 წელს შეუერთდა – Tesla-ს მანქანებში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის, ავტოპილოტის შექმნა სწორედ კარპათის უკავშირდება.

ფოტო: Michael Macor / The San Francisco Chronicle / Getty Images

„გასული ხუთი წლის განმავლობაში Tesla-ს დახმარება კომპანიის მიერ დასახულ გზაზე დიდად სასიამოვნო იყო, ხოლო განშორება – მეტად მტკივნეულია, – დაწერა კარპათიმ Twitter-ზე. – ამ დროის განმავლობაში, ავტოპილოტმა საწარმოო ხაზიდან სამოქალაქო გზებზე გადაინაცვლა და იმედი მაქვს, რომ ავტოპილოტის წარმოუდგენლად ძლიერი გუნდი ამ მომენტუმს შეინარჩუნებს“.

აღსანიშნავია, რომ კომპანიიდან ანდრეი კარპათის წასვლა არცთუ ისე მოულოდნელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ილონ მასკის ამბიციურ მიზნებსა და კომპანიის რეალურ წარმადობას შორის – დიდი სხვაობაა. საქმე ისაა, რომ 2019 წელს ილონ მასკმა კომპანიისთვის რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია იმ პირობით მოიზიდა, რომ მომავალ წელს ამერიკის გზებზე Tesla-ს მილიონი ერთეული ავტონომიური ტაქსი გამოჩნდებოდა. თუმცა ილონ მასკის მიერ დაანონსებული ქსელი დღესაც არ არსებობს, ხოლო ავტომობილების მართვის ავტონომიურ სისტემას მძღოლი ადამიანის ჩართულობა სჭირდება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ავტონომიური მართვის ფუნქციონალი Tesla-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. „მთავარი ფოკუსი – სრულად თვითმართვადი მანქანების შექმნაა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ეს წარმოადგენს განსხვავებას Tesla-ს, როგორც კომპანიის, კოლოსალურ და თითქმის ნულის ტოლ ღირებულებას შორის“, – განაცხადა ილონ მასკმა InsideEVs-თან გასულ თვეს ჩაწერილ ინტერვიუში.

თუმცა Tesla-ს პრობლემები მხოლოდ აქ არ მთავრდება: საქმე ისაა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში Tesla-ს საქმიანობის შესწავლა ამერიკის მარეგულირებელმა ორგანოებმა დაიწყეს. გასულ თვეს ამერიკის შეერთებული შტატების საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ კომპანიის შესწავლა გააღრმავა, რათა გაერკვია, Tesla-ს ავტოპილოტი დეფექტურად ხომ არ ფუნქციონირებს – შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ამ ტექნოლოგიით აღჭურვილი მანქანების 200-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ანდრეი კარპათის მიერ კომპანიის დატოვება Tesla-ს ავტოპილოტზე მომუშავე ჯგუფის თანამშრომლების მკვეთრ შემცირებას უკავშირდება. გასულ თვეს, შტატ კალიფორნიის ქალაქ სან-მატეოში მდებარე ოფისიდან, Tesla-მ მონაცემთა ანოტაციაზე მომუშავე 200-მდე თანამშრომელი დაითხოვა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ანდრეი კარპათის განცხადების შემდეგ, Tesla-ს აქცითა ფასი 1.8%-ით შემცირდა. ზოგადად კი, ერთი წლის ჭრილში, კომპანიის აქციათა ფასი 34%-ითაა შემცირებული.

Disney-მ მეტავერსის მიმართულებით მომუშავე ექვსი ტექნოლოგიური სტარტაპი დააფინანსა

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Disney-ი კიდევ ერთი გლობალური კორპორაციაა, რომელიც საკუთარი სამომავლო განვითარების ვექტორად მეტავერსს და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს ირჩევს. ამგვარი დასკვნის გამოტანის საშუალებას იმ სტარტაპების ჩამონათვალი გვაძლევს, რომლებიც კომპანიამ მის მიერ ორგანიზებულ სტარტაპ-აქსელერატორში მონაწილეობისთვის შეარჩია – Disney-ის მიერ შერჩეული ექვსივე სტარტაპი მეტავერსზე და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზე, მათ შორის გაფართოებულ რეალობაზე, NFT-ტექნოლოგიასა და ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. შერჩეულ სტარტაპებს Disney  კაპიტალით, სამუშაო სივრცითა და ბიზნესშესაძლებლობებით დაეხმარება.

ფოტო: Disney

„თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, Disney  მომავლის გართობისთვის საჭირო ტექნოლოგიის შექმნის წინა ხაზზე იყო, – განაცხადა Disney-ის სტარტაპ-აქსელერაციის პროგრამის მენეჯერმა, ბონი როზენმა. – ამ ტრადიციის გაგრძელება Disney-ის აქსელერატორისთვის განსაკუთრებულად დიდი პატივია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს უახლეს კომპანიებთან ერთად ინოვაციის მიმართ არსებულ ჩვენს მიდგომას კიდევ უფრო გავაღრმავებთ და Disney-ის აუდიტორიისთვის მაგიურ გამოცდილებას მომავალი ასი წლის განმავლობაშიც შევქმნით“.

აღსანიშნავია, რომ Disney-ის აქსელერაციის წლევანდელ პროგრამაში მოხვედრილ სტარტაპებს შორის გვხვდება NFT-ებისა და რეალური სამყაროს დაკავშირებაზე მომუშავე სოციალური ქსელი, FlickPlay-ი; სამგანზომილებიანი ციფრული სავაჭრო სივრცეების შემქმნელი Obsess-ი; შერეული რეალობის სათვალის მწარმოებელი Red 6-ი; და მასშტაბირებადი ბლოკჩეინ-ქსელი, Polygon-ი.

აღსანიშნავია, რომ Disney-ის სტარტაპ-აქსელერატორმა პირველი სტარტაპები 2014 წელს მიიღო და მას მერე მასშტაბირებაში არაერთ კომპანიას დაეხმარა. სწორედ ამ სტარტაპ-აქსელერატორის ერთ-ერთი კურსდამთავრებულია Fortnite-ის შემქმნელი Epic Games-ი, რომელიც, ბოლო წლებში, ვიდეოთამაშების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

ზარები და მესიჯები – მარკ ცუკერბერგმა Ray-Ban Stories-ის განახლება დააანონსა

გასულ კვირას Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა სამყაროს ბოლო დროს თითქოს მივიწყებული პროდუქტის, Meta-ს პირველი ჭკვიანი სათვალის, Ray-Ban Stories-ის შესახებ შეახსენა. როგორც მარკ ცუკერბერგის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული ტექსტიდან ირკვევა, სულ მალე კომპანიის მიერ წარმოებული პირველი ჭკვიანი სათვალე მეორე მნიშვნელოვან განახლებას დაექვემდებარება, რომლის შედეგად, დარეკვას და მესიჯების გაგზავნას მომხმარებლები საკუთარი სათვალის გამოყენებით მოახერხებენ.

„დღეს Ray-Ban Stories-ის „ჰენდს-ფრი“ რეჟიმის კიდევ რამდენიმე ფუნქციას გავუშვებთ. ამიერიდან, [ჭკვიანი სათვალის გამოყენებით] დარეკვას, ხმოვანი შეტყობინებების მოსმენას და ორმხრივად დაკრიპტული მესიჯების გაგზავნას შეძლებთ, WhatsApp-ის გამოყენებით. მალე კი, Messenger-სა და WhatsApp-ში მოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემასაც შეძლებთ, ხმოვანი ბრძანებების გამოყენებით“, – აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა.

ფოტო: მარკ ცუკერბერგი

შეგახსენებთ, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პირველი ჭკვიანი სათვალე Meta-მ (მაშინ კი Facebook-მა) და ElissorLuxotica-მ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში წარადგინეს. Ray-Ban-ის თითოეულ ჭკვიან სათვალეს ორი 5-მეგაპიქსელიანი კამერა აქვს, რომლითაც სურათების და 30 წამამდე ხანგრძლივობის ვიდეოს გადაღება შეიძლება როგორც ღილაკზე თითის დაჭერით, ასევე Facebook-ასისტენტის ხმოვანი შეტყობინების საფუძველზე. სათვალე აღჭურვილია LED-ნათურებით, რომლებიც, ერთი მხრივ, მაღალხარისხიანი სურათისა თუ ვიდეოს გადასაღებად საჭირო განათებას უზრუნველყოფენ, ხოლო მეორე მხრივ, დამსწრე საზოგადოებას ანიშნებენ, რომ ადამიანი სურათს ან ვიდეოს იღებს. ამას გარდა, Ray-Ban Stories-ი ორი ღია დინამიკითა და სამი მიკროფონითაა აღჭურვილი, რაც სხივწარმოქმნის ტექნოლოგიასთან ერთად, ყურსასმენების მსგავს აუდიოგარემოს ქმნის. სათვალის სრულად დამუხტული ელემენტი დაახლოებით ექვს საათს ძლებს.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთადერთი სიახლე არ არის, რომელიც Meta-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა გასულ კვირას წარმოადგინა. მარკ ცუკერბერგმა Facebook-ზე განაცხადა, რომ ამიერიდან, WhatsApp-ში მესიჯებზე რეაქციის გამოსახატავად მომხმარებლები ყველა ემოჯის გამოყენებას შეძლებენ – შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ეს ფუნქციონალი ექვსი საბაზისო ემოჯით იყო შეზღუდული.