10 მონაპოვარი, რაც 2020-მა წელმა დაგვიტოვა

10 მონაპოვარი, რაც 2020-მა წელმა დაგვიტოვა

2020 წელს დედამიწის მოსახლეობა სიხარულით ემშვიდობება. ბევრისთვის 2020 რთული და გამოწვევებით სავსე წელი იყო. თუმცა, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ამ წელმა ბევრი დადებითიც მოუტანა მსოფლიოს. რა მიღწევები ჰქონდა დედამიწას 2020-ში, ეს CNBC-მა ექსპერტებთან ერთად შეაჯამა. ესენია:

1. ჯანდაცვის სექტორის მიღწევები
სავარაუდოდ, ყველაზე დიდი მიღწევები ამ წელს ჯანდაცვის სექტორს ჰქონდა, სამედიცინო ექსპერტებმა შექმნეს არაერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ და თან საკმაოდ მოკლე დროში. თუმცა, გარდა ამისა, განვითარდა ციფრული ჯანდაცვაც. მკაცრი ლოქდაუნების და სოციალური დისტანცირების ზომების გამო, პაციენტები ახლა უფრო ხშირად იღებენ დისტანციურ სამედიცინო სერვისებს, ვიდრე ამ დრომდე იღებდნენ. ამერიკის სამედიცინო ასოციაცია აცხადებს, რომ მკურნალი ექიმების 90% ახლა უკვე პაციენტებს დისტანციურად ემსახურება.

“კორონავირუსამდე, ტელემედიცინა მხოლოდ ამბიციური პროექტი იყო, რათა რთულად მისადგომ ტერიტორიებზე სამედიცინო მომსახურება შესაძლებელი გამხდარიყო. ახლა კი ვირუსის გამო, ყველა თუ არა, ბევრი სამედიცინო სერვისი/თერაპია უკვე ტელემედიცინის საშუალებით ტარდება“, – განაცხადა ფსიქოლოგმა და პროფესორმა ჯეფრი გარდერმა.

2. გარემოს დაცვა
ავსტრალიასა და აშშ-ში მასშტაბური ხანძრების და ინდოეთში ციკლონების შემდეგ, 2020 წელი გარემოსთვის პოზიტიური შედეგების მომტანი იყო. პანდემიის გამო შეჩერებული და შეფერხებული საერთაშორისო მიმოსვლის შედეგად, ჰაერში ნაკლები მავნე ნივთიერება და გამონაბოლქვი მოხვდა. შესაბამისად გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხიც. მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში გამონაბოლქვის უპრეცედენტო კლება დაფიქსირდა.

3. ექსპერიმენტი განათლების სექტორში
2020 დიდი ცვლილებების წელი იყო განათლების სექტორში. სტუდენტებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებსაც კი მოუწიათ ონლაინ სწავლებასთან ადაპტირება. დისტანციური სწავლება სიახლე არ ყოფილა, თუმცა, ახლა უკვე ის კიდევ უფრო განვითარდა და კიდევ უფრო ახლობელი გახდა თითოეული ჩვენგანისთვის.

“ეს კარს უღებს ბევრ ონლაინ სკოლას აითვისონ სხვა ბაზრებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა ფსიქოლოგმა ტედ სუნმა.

4. სამუშაო რუტინის ცვლილება
2020 წელს მთელ მსოფლიოში შეიცვალა სამუშაო პირობები და რეჟიმები. ახლა უფრო მეტი ადამიანი მუშაობს დისტანციურად, დასაქმებულებს მოუხდათ სწარაფად ადაპტირებოდნენ სახლიდან მუშაობას. ბევრისთვის ეს გამოწვევად იქცა, ვინაიდან ბევრისთვის რთული იყო პასუხისმგებლობები არ დაევიწყებინათ, თუმცა, ამავე დროს, ეს იყო უფრო მეტი ავტონომია, მოქნილობა და პოტენციურად უფრო მეტი თავისუფალი დრო, ვინაიდან დასაქმებულებს გზაში დრო აღარ ეკარგებოდათ.

“ეს წელი დიდი მონაპოვარი იყო ორგანიზაციების განვითარებისთვის, ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტი კომპანია შესთავაზებს დასაქმებულებს მოქნილ სამუშაო გარემოს, რაც მშობლებისთვისაც უფრო მისაღები იქნება“, – აღნიშნა PwC-ის ექსერტმა დაიანე აუსემმა.

5. უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური დღის წესრიგი
მარტში ამერიკაში ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ  საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. მთავრობები და კორპორაციებიც მასშტაბურად გამოვიდნენ რასიზმის წინააღმდეგ, ზოგმა კომპანიამ კი უმცირესობების დაცვის და გაძლიერების პირობა დადო. მათ შორის იყო BlackRock-ი, Microsoft-ი და Target-ი. ასევე Nasdaq-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ყველა კომპანიას, რომელიც ბირჟაზე დაილისტება, მინიმუმ ერთი ხელმძღვანელი პირი მაინც უნდა ჰყავდეს უმცირესობებიდან.

6. ბიზნეს ინოვაციები
ლოქდაუნებმა ბიზნესები მსოფლიოს მასშტაბით “შავ დღეში“ ჩააგდო. გადარჩენისთვის კომპანიებს სწრაფად ადაპტირება ან ბიზნეს მოდელის სრულად შეცვლა მოუწიათ. ამ ყველაფერმა კი კომპანიებს სიახლეებისკენ და ინოვაციებისკენ გაუკვალა გზა. 

აქ შეიძლება მოვიაზროთ ელ-კომერციის განვითარება, უკვე თითქმის ყველა სასურსათო მაღაზიასა თუ რესტორანს აქვს ონლაინ ყიდვის სერვისი. ინდუსტრიებმა კიდევ უფრო კარგად გაანალიზეს თუ რამდენად სწრაფად შეუძლიათ მათ ტრანსფორმაცია.

7. ახალი ადგილების აღმოჩენა
იმის გამო რომ პანდემიის შედეგად საერთაშორისო მოგზაურობა შეჩერდა, ბევრმა არდადეგების გატარება საკმაოდ პროდუქტიულად შეძლო, მათ უფრო მეტად ქვეყნის შიგნით ან თავიანთი ქალაქის და საცხოვრებლის ახლოს აღმოაჩინეს ახალი საინტერესო ატრაქციები, ასევე უფრო მეტად დაიწყეს ეროვნული პარკების, სანაპიროების, მთის კურორტების მონახულება, მაშინ როდესაც წინა წლებში პოპულარული უფრო მეტად დიდი და წამყვანი ქალაქები იყო.

8. კეთილდღეობაზე აქცენტირება
იმის გამო, რომ 2020 წელს უფრო მეტად ადამიანებს სახლიდან მუშაობა უწევდათ, მათ უფრო მეტი დრო დაეზოგათ მგზავრობაში, ასევე უფრო მეტი დრო ჰქონდათ კულინარიისთვის, მედიტაციისთვის, ვარჯიშისთვის. ეს ყველაფერი კი ადამიანის საერთო კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია.

9. უფრო მეტი კავშირები
იზოლაციის პერიოდში, მართალია დისტანციურად, თუმცა, მაინც ადამიანებს შორის კომუნიკაცია უფრო ხშირი იყო. ამას ხელი შეუწყო ონლაინ პლატფორმებმაც, მაგალითად Zoom-მა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებდა.

“ასეთმა ურთიერთობებმა გვაჩვენა, რომ ტექნოლოგიები ყველაფრის შესაძლებლობას გვაძლევს“, – განაცხადა ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა კატი ფოსმა.

10. პიროვნული განვითარება
იმის გამო, რომ 2020 წელს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დრო სახლში გაატარა, მათ მიეცათ შესაძლებლობა პიროვნულად განვითარებულიყვნენ, დასწრებოდნენ სხვადასხვა ვებინარებს ონლაინ, და გამოემუშავებინათ ახალი უნარები.

LinkedIn-ის სასწავლო პლატროფმის ცნობით, 2020 წელს მაგალითად სინგაპურში 300%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით აღნიშნულ პლატფორმაზე მომხმარებელთა მიერ გატარებული დრო. კრეატიული სწავლების ვებგვერდ Skillshare-ის მომხმარებელთა რიცხვი კი ოთხჯერ გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.