ჯეკ მა ორი თვეა გაუჩინარდა, რასაც მედია ჩინეთის მთავრობის კრიტიკით ხსნის

ჯეკ მა ორი თვეა გაუჩინარდა, რასაც მედია ჩინეთის მთავრობის კრიტიკით ხსნის

Alibaba-ს დამფუძნებელი, ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა ჩინეთის მთავრობის გაკრიტიკების შემდეგ გაუჩინარდა. ამის შესახებ აზიური და დასავლური მედია წერს. Indiatoday-ს ცნობით, ჯეკ მა საზოგადოების წინაშე უკვე ორი თვეა აღარ გამოჩენილა, მათ შორის არც მისი პირადი შოუს ბოლო ეპიზოდში, რომელიც ნოემბერში იყო. შოუში – Africa’s Business Heroes – ის Alibaba-ს აღმასრულებელმა ლუსი პენგმა ჩაანაცვლა; მეტიც, მისი ფოტოც აღებულია შოუს ვებგვერდიდან. 

როგორც მედია წერს, ბოლოს ჯეკ მა  საზოგადოების წინაშე 2020 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. კერძოდ, 24 ოქტომბერს, მან გააკრიტიკა ჩინეთის ფინანსური მარეგულირებლები და სახელმწიფო ბანკები. მან, ასევე, გააკრიტიკა ჩინეთის მარეგულირებელი სისტემის რეფორმა, რაც ხელს უშლის ბიზნესინოვაციებს. 

“დღევანდელი ფინანსური სისტემა ინდუსტრიული ხანის მემკვიდრეობაა. ჩვენ ახალგაზრდების და მომავალი თაობისთვის ახალი სისტემა უნდა შევქმნათ და არსებული სისტემის რეფორმა უნდა განვახორციელოთ“, – განაცხადა მაშინ ჯეკ მამ.

ამის შემდეგ როგორც The Wall Street Journal-მა დაწერა, ოფიციალურმა პეკინმა ჯეკ მას Ant Group-ის აქციების პირველადი საჯარო განთავსება (IPO) ეჭვის ქვეშ დააყენა და დაიწყო მისი კომპანიის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება. დასავლური მედიის ცნობით, ეს იყო ჩინეთის პრეზიდენტის ბრძანება.

ანტიმონოპოლიური გამოძიების დაწყების შემდეგ Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა, რის შედეგადაც ჯეკ მას ქონებას $10 მილიარდი გამოაკლდა. ის ახლა რიგით მესამე ყველაზე მდიდარი ჩინელია. Bloomberg-ის მიხედვით, ჯეკ მას ქონება ახლა $63.1 მილიარდია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.