თბილისში, ყაზახური ინვესტიციით, 3-ვარსკვლავიანი ეკონომ-კლასის, 123-ნომრიანი სასტუმრო „ჰოლიდეი ინ ექსპრეს ავლაბარი“ გაიხსნება. ამის შესახებ საინვესტიციო კომპანია „კაპიტოლ ჯგუფის“ დირექტორმა და ყაზახეთის საპატიო კონსულმა საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილმა Forbes Talks-თან ინტერვიუში აღნიშნა.
„კაპიტოლ ჯგუფში“ შემავალი უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიაში“ აცხადებენ, რომ „ჰოლიდეი ინ ექსპრეს ავლაბრის“ პროექტში ინვესტორმა 11 მლნ დოლარი ჩადო.
როგორც „სიმეტრიაში“ ამბობენ, სასტუმროს გახსნა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს იგეგმება, სადაც დაახლოებით 80 ადამიანი დასაქმდება.
„Holiday Inn Express-ი “სიმეტრიის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტია. საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ძველ თბილისში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ტერიტორიაზე განთავსდება.
„სიმეტრიამ“ სასტუმროს გახსნა ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად გადაწყვიტა. Holiday Inn Express-ი საშუალო სეგმენტის მომხმარებელზეა გათვლილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, სასტუმრო ტრენდული და დახვეწილი დიზაინის იქნება. ამავდროულად, იგი ფუნქციურად მაქსიმალურად დატვირთულ სივრცეებს გააერთიანებს: ფართო საკონფერენციო დარბაზი და შიდა გამწვანებული ეზო სასტუმროს ფუნქციურად აქტიურს გახდის“, – აცხადებენ „სიმეტრიაში“.
Holiday Inn Express-ი საერთაშორისო კომპანია „ინტერკონტინენტალის“ ერთ-ერთი ბრენდია. მის მართვას საერთაშორისო კომპანია Hotel Collection International-ი განახორციელებს.