ლუკა რამიშვილმა Google-ისგან კიბერუსაფრთხოების გუნდში მუშაობის შეთავაზება მიიღო. შეგახსენებთ, 17 წლის ლუკა, რომელიც 2021 წელს Forbes Georgia-ს 30 Under 30-ის გამარჯვებული გახდა, პროექტ „ოზონის“ თანადამფუძნებელი, ეთიკური ჰაკერი და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტია.
უკვე ოთხი თვეა, რაც ლუკა ამერიკაში, კერძოდ კი ნიუ-იორკში ცხოვრობს. Google-ის ყურადღება ქართველმა სპეციალისტმა პროგრამა Bun Bounty-ის საშუალებით მიიპყრო, რომლის ჰაკერულად გატესტვის საშუალება ყველა მსურველს აქვს. „პროგრამის საშუალებით საკმაოდ კარგი უნარები და გამოცდილება დავაგროვე და თითო კვირის ინტერვალით მოვახერხე, მეპოვა ორი ყველაზე კრიტიკული დაზიანება, რომელსაც Google-ისთვსი საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეეძლო“, – განაცხადა რამიშვილმა Fobres Georgia-სთან და დასძინა, რომ ამ დაზიანებების პოვნა თავად Google-ს არ შეეძლო.
ამის შემდგომ კი ქართველი ეთიკური ჰაკერი Google-ის „საპატიო სიაში“ (Honorable mentions) მოხვდა, რომელიც 2006 წლიდან არსებობს და სულ 1,400 ადამიანს აერთიანებს. სიაში მოხვედრას კი Google-ისგან კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტში მიღების შემოთავაზების წერილი მოჰყვა. ლუკა 2-3 თვეში კალიფორნიაში გადასვლასა და Google-ის გუნდთან ერთად კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას გეგმავს.
ლუკა რამიშვილმა 14 წლის ასაკში ეთიკური ჰაკინგის შემსწავლელი სალექციო კურსი შექმნა, რომელსაც დღეს 800-მდე სტუდენტი ჰყავს. სტუდენტების ასაკი 15-დან 40 წლამდე მერყეობს და აერთიანებს ყველას, როგორც დამწყებებს, ასევე IT-მასწავლებლებსაც. Hawk Education-ი ეთიკური ჰაკინგის საბაზისო კურსია, რომლის საშუალებითაც სტუდენტი ძირითად, მნიშვნელოვან და ძლიერ შეტევებს შეისწავლის.
ლუკას ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, პავლე მგელაძესთან ერთად დაარსებული პროექტი „ოზონია“, რომელიც კომპანიებს პროფესიონალურ მომსახურებასა და სერვისებს სთავაზობს. თუ აქამდე, ლუკას ასაკიდან გამომდინარე რიგი კომპანიები მასთან თანამშრომლობისგან თავს იკავებდნენ, ამჟამად პროექტ „ოზონის“ საშუალებით უკვე 15-ზე მეტ მსხვილ კომპანიას ემსახურება და საქართველოში კიბერუსაფრთხოების განვითარებას აქტიურად ცდილობს.
ამ ყველაფერთან ერთად კი, ამჟამად, ლუკა პავლე მგელაძის Re:educate-ში კიბერუსაფრთხოების მთავარი მენტორი და ლექტორია.