1962 წლის Ferrari 330 LM / 250 GTO 13 იანვარს, ნიუ-იორკში RM Sotheby’s-მა რეკორდულ $51.7 მილიონად გაყიდა და Ferrari-ის ყველაზე ძვირად ღირებული მოდელიც გახდა, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა.
თუმცა ეს ყველაფერი არაა. Ferrari-ის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მოდელმა მიმდინარე წელს საჯაროდ ყველაზე ძვირად გაყიდული კლასიკური ავტომობილის რეკორდიც მოხსნა. გაყიდვამდე თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მოდელი ცნობილი კოლექციონერის ჯიმ იეგერის საკუთრებაში იყო. RM Sotheby’s-ის წარმომადგენელს ახალი მფლობელის ვინაობა არ გაუსაჯაროებია.
რეკორდის მიუხედავად, ავტომობილის საბოლოო გასაყიდი ფასი მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა. გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე, RM Sotheby’s-მა მოდელის ღირებულება $60 მილიონზე მეტად შეაფასა. საწყისი ფასი $34 მილიონი იყო, აუქციონი კი 20 წუთზე ნაკლებ დროს მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, 1962 წლიდან 1964 წლამდე წარმოებული Ferrari 250 GTO-ს მხოლოდ 36 ეგზემპლარი არსებობს. იტალიური ავტომწარმოებლის აღნიშნული მოდელის მფლობელებს შორის ისეთ სახელებს ვხვდებით, როგორებიც რალფ ლორენი და Pink Floyd-ის დრამერი ნიკ მეისონი არიან.
გაყიდული 1962 წლის Ferrari 330 LM / 250 GTO კი RM Sotheby’s-ისმა შეაფასა, როგორც „ერთადერთი“. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 250 GTO-ს იდენტურია, თავდაპირველად 330 LM-ად შეიქმნა, შედარებით უფრო დიდი ძრავით. 250 GTO-ად მოდელი მოგვიანებით, 1962 წელს გადაკეთდა და ერთადერთი ავტომობილი იყო, რომელიც ოდესმე Scuderia Ferrari-ს სახელით რბოლებში ასპარეზობდა.