2022 წლის პირველ კვარტალში Tesla-მ რეკორდულად მაღალი მოგება დააფიქსირა

2022 წლის პირველ კვარტალში Tesla-მ რეკორდულად მაღალი მოგება დააფიქსირა

გლობალური მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებებისა და ჩინეთში წარმოების გაჭიანურების მიუხედავად, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა, ამერიკულმა Tesla-მ, გასულ კვარტალში $3.3 მილიარდის მოგება დააფიქსირა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ მოგებასთან ერთად გაზრდილია კომპანიის შემოსავალიც – 2022 წლის პირველ სამ თვეში, Tesla-ს შემოსავალმა $18.7 მილიარდი შეადგინა, რაც 81%-ით, ანუ $8.3 მილიარდით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ილონ მასკის თქმით, წელს კომპანია შანხაის გიგაქარხნის დროებითი დახურვით გამოწვეულ ჩამორჩენას მალევე აღმოფხვრის და 1.5 მილიონ ავტომობილს გამოუშვებს – ცნობისთვის, 2021 წელს Tesla-მ 936 ათასი ავტომობილი ააწყო. წარმოების ზრდის ფონზე მოსალოდნელია, რომ 2022 წლის შემდეგ კვარტლებში, Tesla-ს ფინანსურის მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

Tesla-ს მიერ მოსალოდნელზე უფრო დადებითი ფინანსური მონაცემების გამოქვეყნების ფონზე, კომპანიის აქციათა ფასმა წინასავაჭრო ფანჯარაში 7.1%-ით იმატა და $1046.99 შეადგინა, მაგრამ სამუშაო დღის მიწურულს 5%-ით შემცირდა, $977.20-მდე. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წლის ჭრილში, კომპანიის აქციათა ფასი 7.5%-ითაა შემცირებული, რაც გაცილებით უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე GM-ისა და Ford-ის მიერ დაფიქსირებული 29%-იანი და 23%-იანი კლება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *