სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს მომსახურების ექსპორტმა $7.053 მილიარდი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 23.7%-ით ნაკლებია. ამავე პერიოდში იმპორტმა $3.618 მილიარდს გადააჭარბა, რაც 19.5%-ით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს.
ცნობისთვის, მომსახურებით საგარეო ვაჭრობაში შედის: მოგზაურობა (საქმიანი და პირადი); სატრანსპორტო მომსახურება; სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება; ფინანსური მომსახურება; პერსონალური, კულტურული და რეკრეაციული მომსახურება და სხვა.
გასულ წელს 10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 61.1% შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველობას ინარჩუნებს რუსეთი (1.022 მლრდ. აშშ დოლარი), მეორე ადგილებს იკავებს თურქეთი (958.1 მლნ. აშშ დოლარი), მესამე პოზიციას კი – აშშ (423.8 მლნ. აშშ დოლარი).
საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში, გასული წლის მონაცემებით, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა 57.7 % შეადგინა. ამ ქვეყნებს შორის დომინირებს რუსეთი (534.2 მლნ. აშშ დოლარი), მეორე ადგილს იკავებს თურქეთი (521.4 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეს – აზერბაიჯანი (206.9 მლნ. აშშ დოლარი).