2017 წლის შემდეგ ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს მოგება 2023 წელს პირველად შემცირდა. ოთხშაბათს კომპანიამ გასული წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2023 წელს ერთ აქციაზე Tesla-ს მოგება $3.12-ს შეადგენდა, რაც 23%-ით ნაკლებია კომპანიის რეკორდულ მაჩვენებელზე ($4.07).
2023 კომპანიის ეფექტიანად მუშაობის მაჩვენებელი ანუ EBITDA, 2022 წლის მაჩვენებელზე ($19.2 მილიარდი) 13%-ით ნაკლები იყო და $16.6 მილიარდი შეადგინა. ცნობისთვის, EBITDA არის კომპანიის საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული მოგება, სანამ ამ მოგებას გამოაკლდება გადასახადების, ვალის მომსახურების, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯი.
მიუხედავად შემცირებული მოგებისა, 2023 წელს Tesla-ს შემოსავალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და $96.8 მილიარდი შეადგინა. ეს მაჩვენებელი კი 19%-ით აღემატება ასევე რეკორდულ 2022 წლის მაჩვენებელს. შესაბამისად, კომპანიის მოგების შემცირება საოპერაციო ხარჯების ზრდითა და მოგების მარჟის შემცირებით იყო განპირობებული.
კონკრეტულად, გასული წლის მეოთხე კვარტალში, ამერიკული ავტომწარმოებლის გაყიდვებმა $25.2 მილიარდი შეადგინა. ერთ აქციაზე მიღებული შემოსავალი კი $0.71-ით განისაზღვრა, რაც ანალიტიკოსების ნავარაუდებ $0.73-ზე მცირედით ნაკლებია. მხოლოდ მეოთხე კვარტალში Tesla-ს მოგება 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 40%-ით შემცირდა. ამავე კვარტალში კომპანიის მოგების მარჟა 17.6%-ს შეადგენდა, რაც 2019 წლის შემდეგ ყველაზე მცირე მაჩვენებელია.
2023 წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიის აქციათა ფასი სავაჭრო დღის ბოლოს 5%-ით შემცირდა. ცნობისთვის, Tesla-ს აქციები 2024 წელს უკვე 16%-ით გაუფასურდა.