მონაცემთა ვიზუალიზაციაზე ორიენტირებულმა მედია Visual Capitalist-მა 2023 წლის მთავარი ამბების სია მოამზადა, რომელიც Google Search Trends-ის მონაცემების საფუძველზეა შედგენილი.
ინფორმაციულ ბუმსა და სოციალური მედიის სიღრმეებში ჩაკარგული ადამიანები 2023 წელს მაინც ახერხებდნენ, კონკრეტული ახალი ამბებისთვის ყურადღება დაეთმოთ. სიაში სწორედ ასეთი ათი ახალი ამბავია წარმოდგენილი.
2023 წლის თებერვალში, სამხრეთ თურქეთსა და სირიაში დამანგრეველმა მიწისძვრამ 50,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო მილიონზე მეტი თავშესაფრის გარეშე დატოვა. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო სამაშველო ოპერაცია დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა და კატასტროფის ეფექტი კიდევ უფრო გაზარდა.
მართალია, სარეაბილიტაციო სამუშაოები მალევე დაიწყო, მაგრამ კატასტროფის გავლენა მაინც მასშტაბურია – 300,000-ზე მეტი საცხოვრებელი დაზიანდა ან დაინგრა. პარალელურად, თურქეთში სწრაფად მზარდი ინფლაციის ფონზე, რეკონსტრუქციის ხარჯები მკვეთრად გაიზარდა.
ახალი ამბავი | ყურადღების პიკი |
მიწისძვრა თურქეთში | 5 თებერვალი |
სროლა ნეშვილში | 26 მარტი |
სუდანის ომი | 23 აპრილი |
წყალქვეშა ნავ „ტიტანიკის“ კატასტროფა | 18 ივნისი |
ჩანდრაიან-3-ის მისია მთვარეზე | 20 აგვისტო |
მიწისძვრიდან ორ თვეში მსოფლიოს ყურადღება სუდანის სამოქალაქო ომზე გადაერთო. აქ ერთმანეთს სუდანის სამხედრო ლიდერები ებრძვიან, შედეგად, მილიონობით ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშეა, ამასთან, ვრცელდება ცნობები სამხედრო დანაშაულების მასშტაბურობაზე.
წლის მთავარ ახალ ამბებს შორის პოზიტიურ ცნობასაც წააწყდებით – 2023 წლის აგვისტოში ჩანდრაიან-3-ის მისია მთვარეზე წარმატებით დაეშვა. შედეგად, ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა.
2023 წელს ვიხილეთ გლობალური ტემპერატურის მკვეთრი მატებაც. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელს გლობალურმა ტემპერატურამ რეკორდიც კი მოხსნა. პარალელურად, ატლანტის ოკეანის რეგიონში მრავალი ტროპიკული შტორმი დაფიქსირდა, მათგან ოცს საკუთარი სახელიც კი დაერქვა.
ახალი ამბავი | ყურადღების პიკი |
ქარიშხალი ჰილარი | 20 აგვისტო |
ქარიშხალი იდალია | 27 აგვისტო |
ქარიშხალი ლი | 10 სექტემბერი |
ისრაელი/ღაზა | 8 ოქტომბერი |
სროლა მეინზე | 22 ოქტომბერი |
წლის ბოლო მთავარი ამბები ისრაელ-„ჰამასის“ ომს უკავშირდება. 2023 წლის ოქტომბერში „ჰამასის“ მიერ ისრაელში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს 1,500-მდე ადამიანი ემსხვერპლა. . ხოლო ისრაელის საპასუხო სამხედრო მოქმედებებს პალესტინაში 15,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
22 დეკემბერს გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ჰუმანიტარული პაუზის მოთხოვნით. უფრო ადრე შეთავაზებული რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაბლოკა.