როგორც ჩანს, კიევისა და სხვა უკრაინული ქალაქების ასაღებად, ოფიციალური რუსეთი ურბანულ ტერიტორიებზე ბრძოლის გამოცდილების მქონე სირიელების დაქირავებას გეგმავს, – ამის შესახებ წამყვანი ამერიკული გამოცემა, The Wall Street Journal-ი აშშ-ის ოთხ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
WSJ-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი სირიელი ჯარისკაცისთვის გეგმავს რუსეთი კონტრაქტის შეთავაზებას, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ რამდენიმე სირიელი უკვე რუსეთში იმყოფება და ომში ჩასაბმელად წვრთნებს გადის. ერთ-ერთი სირიული მედიასაშუალების ცნობით, ოფიციალური რუსეთი დამცველებად რეგისტრირებულ სირიელ მოხალისეებს $200-დან $300-მდე გადაუხდის.
პენტაგონის ვარაუდით, რუსეთ-უკრაინის ომში ჩართულია უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული რუსული სამხედრო სისტემის 95% – ამგვარი ინფორმაციის ფონზე, რუსეთის მიერ საერთაშორისო ჯარისკაცების დაქირავება მოულოდნელი სულაც არ არის.
აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნის ჯარისკაცები და მოხალისეები უკრაინის მხარესაც იბრძვიან – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას თქმით, უკრაინის მხარეს 52 ქვეყნიდან ჩამოსული 20 ათასი მოხალისე იბრძვის, მათ შორის ქართველებიც.