გერმანული ავტომწარმოებლის, Volkswagen-ის პრემიუმ ბრენდები, Audi და Porsche ფორმულა 1-ს შეუერთდებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰერბერტ დისმა გაავრცელა. როგორც იცით, ფორმულა 1-ში მონაწილეობის სურვილს აღნიშნული ბრენდები უკვე დიდი ხანია გამოთქვამენ.
საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა კი, როგორც ჩანს, Audi-სა და Porsche-ს ჩემპიონატში მონაწილეობის შემთხვევაში გაუმჯობესებულმა ფინანსურმა პროგნოზმა იქონია. ბრენდებმა Volkswagen-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დარწმუნება შეძლეს იმაში, რომ ფორმულა 1-ში მონაწილეობის შემთხვევაში ავტომწარმოებლის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ ორშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, ფორმულა 1-ის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებისათვის Porsche Audi-ზე უფრო აქტიურად ემზადება.
რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Audi ბრიტანული მდიდრული ავტომწარმოებლის McLaren-ისათვის 556 მილიონი აშშ დოლარის შეთავაზებას გეგმავს. Porsche კი Red Bull-თან გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, Volkswagen-ის CEO-სთვის გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი ფაქტორი სარეკლამო შედეგები გახლდათ. მისი განმარტებით, Porsche სხვა სარბოლო აქტივობებში მონაწილეობას ნაკლებად მიიღებს და ერთ ჩემპიონატზე, ფორმულა 1-ზე კონცენტრირდება.