SoftBank-ის ინფორმაციით, მზარდი საპროცენტო განაკვეთების შედეგად ტექნოლოგიური აქციების დაზარალებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, კომპანიის საინვესტიციო განყოფილება Vision Fund-ს რეკორდული მოცულობის ზარალი მიადგა.
იაპონური ჰოლდინგური კომპანია Vision Fund-ის წლიურმა ზარალმა $27.4 მილიარდი შეადგინა, რაც 2017 წელს დაარსებული საინვესტიციო ფონდისთვის რეკორდული მაჩვენებელია. შედეგად, SoftBank-ის აქციების ფასი იაპონიაში 8%-ით დაეცა, ხოლო ჯგუფის წლიური წმინდა ზარალი $13.18 მილიარდით განისაზღვრა. შეგახსენებთ, რომ SoftBank Vision Fund-ი, რომელიც ჯგუფის დამფუძნებელ მასაიოში სონისთვის კომპანიის საინვესტიციო ფირმაში რეპოზიციის საშუალებაა, ინვესტირებას სწრაფად მზარდ აქციებში ახორციელებს.
თუმცა ბაზარზე მძლავრი ინფლაციითა და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო საპროცენტო განაკვეთების ზრდით გამოწვეული გაურკვევლობის გამო, ინვესტორები სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ აქციებში თანხის ჩადებისგან თავს იკავებენ. არსებულ მდგომარეობას თან ერთვის რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი და ჩინეთის ნულოვანი კოვიდპოლიტიკა, რაც, სონის განცხადებით, ბაზარსა და მსოფლიოში დაბნეულობის გამომწვევი ერთ-ერთ მიზეზია.
Vision Fund-მა, რომლის პორტფელში ჯამში 475 კომპანიაა, მეოთხე კვარტალში 43 ინვესტიცია განახორციელა. Vision Fund-ის რეკორდულ ზარალში მნიშვნელოვანი წვლილი კორეის ელექტრონული კომერციის ფირმა Coupang-მა შეიტანა. Coupang-ის შემოსავალი მიმდინარე წელს 60%-ით დაეცა. გარდა ამისა, SoftBank-ს ინვესტიციები ჩინურ კომპანიებში, მათ შორის Alibaba-სა და Didi-შიც აქვს. 2021 წლის აპრილში Alibaba-ს $2.8-მილიარდიანი ანტიმონოპოლიური ჯარიმა დაეკისრა და მისი აქციების ფასი დაახლოებით 31%-ით დაეცა. სონის განცხადებით, ჩინეთში Vision Fund-ის ახალი ინვესტიციები შემცირდება.