The Economist-ის დემოკრატიის 2018 წლის ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუარესდა. დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა და პოლიტიკური კულტურის მიხედვით არის განსაზღვრული.
ინდექსი ჯამში მსოფლიოს 167 ქვეყანაში აფასებს დემოკრატიის ხარისხს. განახლებულ რეიტინგში კი საქართველო მსოფლიოში 89-ე ადგილს იკავებს, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 10 საფეხურით გაუარესებული მაჩვენებელია. გაუარესდა საქართველოს სარეიტინგო ქულაც და ის 10-დან 5.50-ს შეადგენს, ნაცვლად 2017 წლის 5.93-სა. ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის კი საქართველო მე-18-ე ადგილზეა.
ამ მაჩვენებლით საქართველო კვლავ ჰიბრიდული დემოკრატიის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაშია.
ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის წელს პოზიცია ყველაზე მეტად სომხეთში გაუმჯობესდა, საქართველო და მოლდოვა კი რეგიონის იმ ქვეყნებს შორის არიან, სადაც მდგომარეობა ყველაზე მეტად გაუარესდა. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და ის მმართველ პარტიას ჩაუდგა სათავეში, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ის “არჩეულის“ სტატუსს არ ატარებს, კვლავ ახდენს გავლენას მთავრობაზე. ამასთან, ანგარიში მიანიშნებს, რომ ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ბიძინა ივანიშვილთან უთანხომება გახდა. ანგარიშში ნახსენებია „ვალების ჩამოწერის“ პროცესიც.
“ივანიშვილის გავლენით, მთავრობა ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიც და არჩევნებამდე 2 კვირით ადრე 600 000 მოქალაქისთვის ვალის ჩამოწერის პროგრამა წარადგინა. ამ ფაქტმა მთავრობას ოპოზიციასთან შედარებით, კამპანიაში უპირატესობა მიანიჭა”, – წერია ანგარიშში.
რეიტინგში მოწინავე ადგილებს ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და დანია იკავებენ.
ევროპის რეგიონიდან, ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებში საქართველოსთან ერთად მოხვდა ალბანეთი, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, უკრაინა, ყირგიზეთი, სომხეთი.