ტაივანმა, ჩინეთის მხრიდან კუნძულის გარშემო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, თავდაცვის ხარჯების ზრდა დააანონსა. ტაივანის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში, თავდაცვაში $19 მილიარდის დახარჯვა იგეგმება.
ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინ-ვენის კაბინეტის მიერ პარლამენტისათვის შეთავაზებული თავდაცვის მთლიანი ბიუჯეტი, რეკორდულ 586.3 მილიარდ ტაივანურ დოლარს უტოლდება, რაც დაახლოებით 19.41 მილიარდი აშშ დოლარის ეკვივალენტურია. შედეგად, ერთწლიან ჭრილში ტაივანის თავდაცვის ხარჯები 13.9%-ით უნდა გაიზარდოს. ბიუჯეტიდან დამატებით 108.3 მილიარდი ტაივანური დოლარი მოიერიშე თვითმფრინავებისა და სხვა აღჭურვილობისთვის, ასევე თავდაცვის სამინისტროს „სპეციალური ფონდებისთვის“ გამოიყოფა.
თავდაცვის ხარჯების განაწილების დეტალები ბიუჯეტის, ბუღალტრული აღრიცხვისა და სტატისტიკის გენერალურ დირექტორატს არ გაუსაჯაროებია. რეკორდულად მაღალი ხარჯების გეგმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდგომ კუნძული თავდაცვის ხარჯების ზრდის მეექვსე კონსტიტუციურ წელს აღნიშნავს, თუმცა ამავე პერიოდიდან წლიური ზრდა ყოველთვის 4%-ზე დაბალი იყო.
სტატისტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ზრდა ძირითადად საოპერაციო ხარჯებს შეეხება. ხოლო ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ბიუჯეტი სრულად ითვალისწინებს „მტრისგან მომდინარე საფრთხეს“ და შეესაბამება მომავალი წლისთვის ტაივანის პროგნოზირებული მშპ-ის 2.4%-ს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდგომ, ჩინეთმა დემოკრატიულად მართული კუნძულის საზღვართან ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ჩაატარა. გასულ თვეში პელოსის ტაივანში მოგზაურობა, ჩინეთისთვის აშშ-ის მხრიდან მათ საქმეებში ჩარევის მცდელობად იქნა აღქმული.