გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასული კვირა “მწვანე” სიახლეების მხრივ განსაკუთრებით დატვირთული და ამავდროულად ამბიციური აღმოჩნდა. “მწვანე” ეკონომიკის დღის წესრიგში კვლავ ნოემბერში გასამართი გაეროს 2022 წლის კლიმატური სამიტია, სადაც ქვეყნები ემისიების შესამცირებლად საკუთარი მიზნების გაუმჯობესების საკითხზე იმსჯელებენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, COP27-ის წინ, ევროკავშირი ბლოკის ქვეყნების მიერ მიღწეული შედეგებით უკმაყოფილოა და უფრო მეტიც, მათ ძალისხმევას „წარუმატებლადაც“ კი მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია ქვეყნებს უფრო ამბიციური გეგმების ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს, რათა ათწლეულის ბოლომდე ევროკავშირის კლიმატური მიზნის შესრულება შესაძლებელი გახდეს.

COP27-ის სამიტამდე სულ სამი თვე დარჩა, მანამდე კი მიმდინარე კვირის მიმოხილვაში მოკლედ გთავაზობთ ბოლო პერიოდში მსოფლიოს უმსხვილესი დამბინძურებლების მიერ წარმოდგენილ დაპირებებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ექსტრემალური სიცხეებითა და გვალვებით დატვირთული ზაფხულის ფონზე, ცალკეული ქვეყნები და ორგანიზაციები “მწვანე” ეკონომიკის განვითარებისთვის ახალ და ბევრად ამბიციურ ნაბიჯებს დგამენ. საუდის არაბეთი მსოფლიოში ქარის უდიდეს ელექტროსადგურს, ხოლო ბრაზილია უდიდეს ურბანულ პარკს აშენებს. დუბაიში მდებარე მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგური კი, 2030 წლისთვის 5 გიგავატი ენერგიის გამომუშავებას შეძლებს.

ევროკავშირი უმსხვილეს დამბინძურებელ ქვეყნებს COP27-ის სამიტამდე კლიმატური მიზნების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

როგორც ახალი დოკუმენტით ირკვევა, ევროკავშირი უმსხვილესი დამბინძურებელი ქვეყნების მიერ მიღწეული კლიმატური შედეგებით უკმაყოფილოა და უფრო მეტიც, ემისიების შემცირებისთვის გაწეულ მათ ძალისხმევას „წარუმატებლად“ მიიჩნევს. ორგანიზაცია მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს, გაეროს COP27-ის სამიტამდე მიზნების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებმა შარშანდელ COP26-ის კლიმატის სამიტზე ემისიების შემცირების ახალი ვალდებულებები აიღეს, ევროკავშირის განცხადებით, „გლობალური კლიმატური ქმედებები კვლავ არაა საკმარისი“ დასახული მიზნების მისაღწევად. სამიოდე თვეში, გვალვით, ექსტრემალური სიცხეებითა და ხანძრებით დატვირთული ზაფხულის შემდგომ, ეგვიპტეში COP27-ზე სამომავლო კლიმატური მიზნების განსახილველად ორასამდე ქვეყანა შეიკრიბება. თუმცა, არსებულ ვითარებას ენერგოკრიზისი ერთვის, რაც ემისიების შემცირებისა და განახლებადი ენერგიისთვის ფინანსების გამოყოფის საკითხს უფრო ამწვავებს და ქვეყნებს, მეტი ნახშირის გამოყენებისკენ კი უბიძგებს. ცნობისთვის, ევროკავშირი მსოფლიოს მესამე უდიდესი დამბინძურებელია და მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი უსწრებს.

REUTERS/Yves Herman/File Photo

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდგომ, აშშ-ისთან კლიმატთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეაჩერა. ევროპა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად მოუწოდებს ჩინეთს დააჩქაროს „2030 წლის ემისიების პიკი“, თუმცა ქვეყანა მოწოდებებს ამ დრომდე უგულებელყოფს. ხოლო ჩინეთისგან განსხვავებით ინდოეთმა, მსოფლიოს მეოთხე უმსხვილესმა დამბინძურებელმა, მიმდინარე თვეში უფრო მეტად ამბიციური კლიმატური გეგმა წარადგინა. კერძოდ, ათწლეულის ბოლომდე, 2005 წლის დონესთან შედარებით ემისიების 45%-ით შემცირების პირობა დადო.

მიმდინარე თვეში კლიმატის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დამტკიცებული კანონპროექტი გახდა, რომელსაც ბაიდენი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად „ისტორიულ აქტადაც“ კი აფასებს. როგორც პრეზიდენტი მიიჩნევს, „ინფლაციის აქტი“ ქვეყანას 2030 წლისთვის, 2005 წლის დონესთან შედარებით ემისიების განახევრებაში დაეხმარება.

ხოლო ამ ყველაფერთან ერთად, უფრო ამბიციური კლიმატური მიზნებისკენ მისწრაფებებით G20-ის ორი ქვეყანა, ინდონეზია და მექსიკა გამოირჩევიან. G20-ის ქვეყნების კლიმატის მიმართულების მინისტრები ძალისხმევების განსახილველად ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის ხელმძღვანელს მომავალ კვირას ბალიში შეხვდებიან.

თავად ევროკავშირს, ათწლეულის ბოლომდე, 1990-იან დონესთან შედარებით ემისიების 55%-ით შემცირება სურს. მიზნის მისაღწევად ევროკავშირის მოლაპარაკებებში არსებული პროგრესი და რუსული გაზისგან გათავისუფლების მცდელობა, შესაძლოა, COP27-ის სამიტამდე, ბლოკის ქვეყნების მიერ ძალისხმევების გაძლიერების მიზეზიც გახდეს.

მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგური 2030 წლისთვის 5 გიგავატ ენერგიას გამოიმუშავებს

დუბაის ელექტროენერგიისა და წყლის საკითხების მმართველი ორგანოს (DEWA) განცხადებით, მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგურის მეშვეობით 2030 წლისთვის 5 გიგავატი ენერგიის გამომუშავება იგეგმება. Mohammed Bin Rashid Al Maktoum Solar Park-ის სახელწოდებით ცნობილი პროექტი დუბაიში, სეიჰ ალ-დაჰალში ხორციელდება.

პროექტი „დუბაის 2050 წლის სუფთა ენერგიის სტრატეგიისა“ და „დუბაის წმინდა ნულოვანი ნახშირბადის ემისიების სტრატეგიის“ ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2050 წლისთვის, დუბაი ენერგიის 100%-ის მიღებას სუფთა წყაროებიდან გეგმავს.

DEWA

ივლისში, DEWA-ის მიერ გამოქვეყნებული განახლებული ბიუჯეტის საფუძველზე, PV Magazine-მა Mohammed Bin Rashid Al Maktoum Solar Park-ის შესაძლო შემცირება ივარაუდა. DEWA-ის ახალი ბიუჯეტის მიხედვით, $3.27 მილიარდი „მზის პარკში“ ენერგიის დამოუკიდებელი მწარმოებლის (IPP) პროექტების დასასრულებლად და მომდევნო ხუთ წელიწადში დამატებით ორი ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტის ასაშენებლად გამოიყო.

ამ კვირაში DEWA-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ ობიექტის მონახულების შემდგომ გავრცელებული განახლების თანახმად, 2030 წელი კვლავ დარჩა პროექტის დასრულების ვადად, როდესაც ობიექტმა 5 გიგავატი ენერგიის წარმოებას უნდა მიაღწიოს. გარდა ამისა, DEWA-ის ინფორმაციით, „მზის პარკის“ მეხუთე ფაზის მეორე პროექტი 93.3%-ით, ხოლო მესამე პროექტი 26.3%-ით დასრულებულია.

დუბაიში, სეიჰ ალ-დაჰალში მდებარე, მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგური, 2030 წლისთვის, ყოველწლიურად 6.5 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის შესამცირებლად შეიქმნა. „მზის პარკი“ ფოტოვოლტურ (PV) და მზის კონცენტრირებული ენერგიის (CSP) ტექნოლოგიებს იყენებს.

საუდის არაბეთი უზბეკეთში მსოფლიოში ქარის უდიდეს ელექტროსადგურს ააშენებს

უზბეკეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთში მოგზაურობიდან $14-მილიარდიანი დაპირებული ინვესტიციით დაბრუნდა. ინვესტიციიდან $12 მილიარდი ენერგიის ქრონიკული დეფიციტის აღმოსაფხვრელად გამოიყენება.

შეთანხმების თანახმად, საუდის არაბეთის ფირმა ACWA Power-ი, ყარაყალპაკეთში, 1.5 გვტ-იან ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქარის ელექტროსადგურებს შორის ეს მსოფლიოში უდიდესი იქნება და ენერგიით 1.65 მილიონ სახლს მოამარაგებს. ACWA Power-მა ბუხარას რეგიონში ქარის ორი, მცირე ზომის ელექტროსადგურის მშენებლობა უკვე დაიწყო.

[Chip Somodevilla/Getty Images

ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა მისასალმებელი სიახლეა თავად უზბეკებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ენერგიის ქრონიკულ დეფიციტს განიცდიან. ზაფხულში ტემპერატურის მატება და გვალვები ცენტრალური აზიის ჰიდროენერგეტიკული ქსელების პროდუქტიულობაზე უარყოფითად აისახება, რაც ენერგიის დეფიციტს ქვეყანაში ტრადიციული ზამთრის სეზონის გარდა უკვე ზაფხულობითაც აქტუალურს ხდის.

აღსანიშნავია, რომ ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან ერთად, ACWA Power-ი უზბეკეთში მწვანე წყალბადის წარმოების შესაძლო განვითარების საკითხის შესწავლასაც დასთანხმდა. თუმცა, შეთანხმების ფარგლებს გარეთ არ დარჩა წიაღისეული საწვავიც. შეთანხმების მესამე დოკუმენტი უზბეკეთის ბუნებრივი აირის ინდუსტრიაში ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს. ცნობისთვის, უზბეკეთი მსოფლიოში გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, თუმცა შიდა მოთხოვნის ზრდამ ქვეყანას ექსპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა აიძულა.

ბრაზილიაში მსოფლიოში უდიდესი ურბანული ბაღი გაშენდება

მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის ფარგლებში, 2024 წლისთვის რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიოში უდიდესი ურბანული ბაღის გაშენება იგეგმება. „Hortas Cariocas“-ის სახელწოდებით ცნობილი ინიციატივა, ორგანული პროდუქტის მოხმარების პოპულარიზაციასა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შემოსავლის წყაროს უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

დასრულების შემდგომ, ურბანული ბაღი რამდენიმე მიმდებარე ფაველას მოიცავს, რომელთაც ერთმანეთთან მწვანე ზოლებისა და Madureira Mestre Monarco-ს პარკის საშუალებით დააკავშირებს. „მწვანე დერეფანი“ მადურეირასა და გვადალუპეს შორის ჩამოყალიბდება. გაფართოების დასრულების შემდგომ, ურბანული ბაღი ფეხბურთის თხუთმეტი მოედნის სიდიდის იქნება.

Hortas Cariocas-ის დამფუძნებლისა და აგროეკოლოგიის ორგანული მებაღეობის დირექტორის, ჟულიო სეზარ ბაროსის განცხადებით, პროექტისგან სარგებელს ყოველთვიურად 100,000-მდე ოჯახი მიიღებს. ურბანული ბაღის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი, მოსახლეობისთვის ორგანულ საკვებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. კულტივირებული პროდუქციიდან 50% ოჯახებს შემოწირულობის სახით გადაეცემათ, 50% კი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება.

Hortas Cariocas-ი 2006 წელს დაარსებიდან მნიშვნელოვნად განვითარდა. ამჟამად ფირმა ლოკალურად 56 ბაღს ფლობს, მის პროექტებში კი 50,000-მდე ოჯახია ჩართული. ნაწილისთვის Hortas Cariocas-ის ბაღები სუფთა საკვების, სხვებისთვის კი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. მიმდინარე წელს კომპანია ბაღებში ჯამურად 80 ტონა საკვების წარმოებას გეგმავს.

რაც შეეხება ურბანულ ბაღს, Hortas Cariocas-ის პროგნოზით, მშენებლობის დასრულების შემდგომ წარმოება გაორმაგდება. ამის საჭიროება კი ქვეყანაში ნამდვილად არსებობს, მაშინ როდესაც 33 მილიონზე მეტ ბრაზილიელს შიმშილის ზღვარზე უწევს ცხოვრება.

Indian Oil Corp-ი წმინდა ნულოვანი ემისიის მოსაღწევად $25 მილიარდს დახარჯავს

Indian Oil Corp-ი, ინდოეთის უმსხვილესი ნავთობგადამმუშავებელი კომპანია, 2046 წლისთვის, მის ოპერაციებში წმინდა ნულოვანი ემისიის მისაღწევად, $25 მილიარდს დახარჯავს. განცხადება კომპანიის თავმჯდომარე ს.მ. ვაიდიამ, გასულ კვირას, აქციონერთა ყოველწლიურ შეხვედრაზე გააკეთა.

„კომპანია დეკარბონიზაციისკენ მოგზაურობას იწყებს, რომელიც გადამწყვეტი იქნება არამხოლოდ კომპანიის მომავლისთვის, არამედ მთლიანად პლანეტისთვისაც“, – აღნიშნა Indian Oil Corp-ის თავმჯდომარემ. მისივე განცხადებით, ინდოეთის დამოუკიდებლობის 99-ე წლისთავზე (2046 წელი), Indian Oil-ის ოპერაციები სრულად თავისუფალი იქნება ემისიებისგან. ცნობისთვის, თავად ინდოეთი, სათბური აირებით მსოფლიოს მეოთხე უმსხვილესი დამბინძურებელი, წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევას 2070 წლისთვის გეგმავს.

REUTERS/Adnan Abidi

IOC-ი 2 ტრილიონი რუპიის ($25 მილიარდი) ინვესტიციას განახორციელებს, რის შედეგადაც წლიურად, დაახლოებით 0.7 მილიარდი ტონა ნახშირორჟანგის ემისიის თავიდან არიდება იქნება შესაძლებელი. ვიდიას ინფორმაციით, IOC-ს სტრატეგია უკვე მზად აქვს, რომელიც Scope 1 და 2 ემისიებში ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევას ითვალისწინებს. ეს არის ემისიები, რომლებიც წარმოიქმნება ნედლი გადამუშავების ოპერაციებიდან და ენერგიის მოხმარებიდან.

Indian Oil Corp-ის ძირითადი ნაწილი გადამმუშავებელი ქარხნებისა და ნავთობქიმიური კომპლექსების დეკარბონიზაციისკენ იქნება მიმართული. აქ კომპანიის ოპერაციების 97% მიმდინარეობს.

ემისიების შემცირებისთვის, IOC-ი კომპანიის წარმოების მოცულობის გასაფართოებლად განახლებადი ენერგიის გამოყენებას გეგმავს, რისთვისაც Panipat-ისა და Mathura-ს გადამმუშავებელ ობიექტებში მწვანე წყალბადის ქარხნებს აშენებს. IOC-ის პროგნოზით, 2027-28 წლებში, მწვანე წყალბადი კომპანიის წყალბადის რესურსის 5%-ს შეადგენს, 2030 წლისთვის კი 10%-მდე გაიზრდება. გარდა ამისა, IOC-ი მომავალი ორი წლის განმავლობაში, საწვავის 10,000-მდე სადგურზე, ელექტრომობილების დასამუხტ საშუალებებს დაამატებს.

Amazon-ი Plug Power-თან მწვანე წყალბადის მიწოდებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას აფორმებს

Plug Power Inc-მა Amazon-თან თხევადი მწვანე წყალბადის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, წყალბადის საწვავის ელემენტების მწარმოებელი ფირმის აქციების ფასი 12%-მდე გაიზარდა.

REUTERS/Pascal Rossignol/File Photo

მწვანე წყალბადი ხშირად ენერგიის მომავლად აღიქმება, ვინაიდან ნულოვანი ემისიის საწვავი, როგორც ტრანსპორტირებისთვის, ასევე ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოიყენება. შეთანხმების მიხედვით, Amazon-ი 2025 წლიდან, Plug Power-სგან 10,950 ტონა მწვანე წყალბადს მიიღებს, რომელსაც ნაცრისფერი წყალბადის, დიზელისა და სხვა წიაღისეული საწვავის ჩანაცვლებისთვის გამოიყენებს. თუმცა, კომპანიები, მიწოდების ფასების სპეციფიკას არ ასაჯაროებენ.

ცნობისთვის, ნაცრისფერი წყალბადი ბუნებრივი აირისგან მზადდება და ყოველწლიურად მსოფლიოში წარმოებული წყალბადის (90 მილიონი ტონა) ძირითად ნაწილს შეადგენს. მწვანე წყალბადის შეთანხმება 30,000 სატვირთო მანქანისა და 800 მძიმე სატვირთო მანქანისთვის საკმარის წლიურ ენერგიას უზრუნველყოფს.

Plug-ის განცხადებით, Amazon-თან გარიგების შედეგად, კომპანია 2025 წელს შემოსავლის $3-მილიარდამდე ზრდას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმსხვილესმა ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანიამ 100,000 ავტომობილის მიწოდების შესახებ Rivian Automotive Inc-თანაც გააფორმა შეთანხმება.

ევროპაში უკანასკნელი 500 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვები ფიქსირდება

ევროპაში ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვები ფიქსირდება, რის შედეგადაც კონტინენტის ორი მესამედი უკვე განგაშისა და სახიფათო მდგომარეობის კატეგორიას მიეკუთვნება. ევროკავშირის სააგენტოს ინფორმაციით, არსებული კლიმატური ვითარება შიდა გადაზიდვების, ელექტროენერგიის წარმოებისა და გარკვეული კულტურების მოსავლის შემცირების მიზეზი ხდება.

„ევროპის გვალვის ობსერვატორიის“  (EDO) აგვისტოს ანგარიშის მიხედვით, რომელსაც ევროკომისია ზედამხედველობს, კონტინენტის 47%, ნიადაგის ტენიანობის დეფიციტით, „გამაფრთხილებელ მდგომარეობაშია“, ხოლო 17% უკვე „საგანგაშო ზონის კატეგორიას“ მიეკუთვნება. „სასტიკი გვალვა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული ევროპის უმეტეს რეგიონში ფიქსირდება, განსაკუთრებით აგვისტოს პერიოდში ძლიერდება და ფართოვდება. დასავლეთ ევროპა-ხმელთაშუა ზღვის რეგიონი, ნოემბრამდე ჩვეულებრივზე უფრო თბილი და მშრალი იქნება“, – ნათქვამია ანგარიშში.

REUTERS/Flavio Lo Scalzo/Files

ევროპის დიდ ნაწილში რამდენიმე კვირიანმა მაღალმა ტემპერატურებმა გვალვა გააძლიერა, ტყის ხანძრის კერები გაამრავლა და ჯანმრთელობისთვის საშიში პირობები შექმნა. საზაფხულო კულტურებზე გვალვების გავლენის შედეგად, 2022 წელს სიმინდის წარმოება ბოლო ხუთი წლის საშუალოზე 16%-ით ნაკლები იქნება, ხოლო სოიისა და მზესუმზირას მოსავალი შესაბამისად, 15%-ითა და 12%-ით შემცირდება.

ამ ყველაფერთან ერთად შეფერხდა ჰიდროელექტროენერგიის გამომუშავებაც, გაგრილების სისტემებისთვის შექმნილი წყლის დეფიციტის გამო ზიანი მიადგა ენერგიის სხვა მწარმოებლებსაც. წყლის დაბალმა დონემ შეაფერხა შიდა გადაზიდვებიც, ტვირთების შემცირება უარყოფითად აისახა ნახშირისა და ნავთობის ტრანსპორტირებაზე.

EDO-ს პროგნოზით, აგვისტოს შუა რიცხვებში წარმოქმნილი ნალექის შედეგად, შესაძლოა, მდგომარეობა შემსუბუქდეს, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ის დამატებითი ზიანის მომტანია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.