გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძე დაინიშნა – შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა.
ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ელჩის პოზიციაზე მის საქმიანობას ეფექტიანად არ აფასებდა, ამიტომაც გაეროში მის გადაყვანაზე უარი განაცხადა. თუმცა, დღეს პრეზიდენტმა ბაქრაძის გაეროში დანიშვნას ხელი მოაწერა. აქვე გეტყვით, რომ 2013 წლის ივლისიდან ამ პოსტს კახა იმნაძე იკავებდა.
გაეროში ელჩის პოზიციაზე წლიური თანამდებობრივი სარგო 138 ათას აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა.