ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის პროექტს მხარი დაუჭირა.
ანგარიშში განხილულია სხვადასხვა სფეროებში ევრკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა. ევროპარლამენტი ქვეყანას სხვადასხვა რეკომენდაციებსაც აძლევს, მათ შორის სამუშაო ძალის, კორუფციის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის მიმართულებით.
ევროკავშირი საქართველოს ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში მაღალკვალიფიციური პერსონალის გამოყენებას ურჩევს. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულ ყველა სამინისტროში უზრუნველყოს შესაბამისი და საჭირო რაოდენობის სპეციალისტები. ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საჭიროა პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფაც.
ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ბრძოლამ კორუფციის წინააღმდეგ კარგი შედეგი გამოიღო, რომელიც აისახა სხვადასხვა რეიტინგებში, თუმცა მაღალი დონის ელიტური კორუფცია კვლავ რჩება სერიოზულ საკითხად. ანგარიში საქართველოს მოუწოდებს, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ორგანო.
“კორუფციასთან ბრძოლა ითხოვს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და მსგავსი საქმეების გამოძიების გამოცდილებას”, – ვკითხულობთ ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებაა საჭირო.
ევროკავშირი მიესალმება ხელისუფლების აქცენტს, რათა ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ასევე მიესალმება შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის ადაპტირებას. თუმცა, აქვე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გააფართოვოს კანონის შესაძლებლობები, რათა თავიდან იქნას აცილებული გამონაკლისი შემთხვევები. ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს დაამკვიდროს სამუშაო ძალის საერთაშორისო სტანდარტები და გარდაქმნას შრომის ინსპექტირების სტრუქტურა დამოუკიდებელ ორგანოდ, რათა დაცული იყოს დასაქმებულების უფლებები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის მესამედი სწორედ ევროკავშირზე მოდის. ამასთან ევროკავშირი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით. ევროკავშირი მიესალმება სტრუქტურული რეფორმების იმპლემენტაციას, რომლებიც მიმართულია ეკონომიკურ განვითარებაზე, ბიზნესის გაძლიერებასა და იმ სარგებლის მაქსიმიზაციაზე რომელიც DCFTA-ს აქვს.
“სავაჭრო საკითხებში საქართველომ არაერთი კუთხით წარმატებას მიაღწია, მათ შორის სანიტარიისა და ფიტო სანიტარიის კუთხით, თუმცა მოვუწოდებთ ქვეყანას რომ სურსათის უსაფრთხოების კუთხით მეტად იმუშაოს”, – ნათქვამია ანგარიშში. “საინვესტიციო გარემოს გამოუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვანია მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების სრულად იმპლემენტაცია”.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საჭიროა ეკონომიკური განვითარების მთელი ქვეყნის მოსახლეობაზე სამართლიანი განაწილება და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება.
ევროკავშირი მიესალმება ახალი პროდუქტების საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანა უმეტესად კვლავ სოფლის მეურნეობის პროდუქტების და ნედლეულის ექსპორტს ახორციელებს.
სწორედ ამიტომ, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, რათა კვლავ დაეხმაროს საქართველოს საექსპორტო პროდუქციის იდენტიფიცირებასა და ეკონომიკის დივერსიფიკაციაში.
ანგარიში მიესამლება სახელმწიფო შესყიდვების კუთხით პროგრესს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ პროცესში საჭიროა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სტრუქტურა. ევროპარლამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ეს სისტემა გახდეს მეტად გამჭვირვალე. კერძოდ, მან უნდა უზრუნველყოს კონკურენტული გარემო შექმნა შესყიდვების პროცესში და პირდაპირი შესყიდვებისგან თავის აცილება.
რაც შეეხება ენერგეტიკას, – ევროპარლამენტი რეკომენდაციას აძლევს ხელისფლებას ძლიერი ენერგო სტრატეგია შეიმუშავოს, შეამციროს ენერგო სუბსიდიების დონე, გააძლიეროს ენერგომომარაგების უსაფრთხოება და ენერგო დამოუკიდებლობა.
ანგარიში მიესალმება განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების მცდელობას და ენერგოეფექტურობის შესახებ კანონმდებლობის შემუშავების დაწყებას.