ძვირად ღირებული მობილური ტელეფონების მწარმოებელმა ბრიტანულმა ბრენდმა, Vertu-მ, რომელიც მომხმარებლებს ძვირფასი ლითონებით მოპირკეთებული მობილური ტელეფონებით შეიძლება ახსოვდეთ, Web3-ტექნოლოგიის მქონე პირველი სმარტფონი, Metavertu წარადგინა, რომელიც $41 ათასი ღირს, – ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. როგორც ირკვევა, Metavertu-ს თითოეული ტელეფონი, თავისთავად, ბლოკჩეინის კვანძიცაა – ამასთანავე, მას სურათებისა და ვიდეოების NFT-ებად გადაქცევაც შეუძლია, სულ რაღაც ერთ ღილაკზე თითის დაჭერით.
აღსანიშნავია, რომ Vertu-ს სხვა მოდელების მსგავსად, უახლესი Web3-სმარტფონიც მდიდარი სეგმენტის ადამიანებზე არის გათვლილი, რაც მობილური ტელეფონის დიზაინიდანაც ჩანს – თითოეულ მოდელს კერამიკული ჩარჩო და საფირონის შუშა აქვს, რომლის ქვეშ 6.67-ინჩიანი AMOLED-დისპლეი იმალება. ამასთანავე, Metavertu ტექნოლოგიურადაც საკმაოდ მძლავრია – მას Qualcomm-ის მიერ წარმოებული SnapDragon 8 თაობის CPU, სამლინზიანი კამერა და 4600 მილი-ამპერის მოცულობის ელემენტი აქვს.
Metavirtu-ს საბაზისო მოდელი, რომელიც $3600 ღირს, ნახშირბადის ბოჭკოთი არის მოპირკეთებული – მას 12-გიგაბაიტიანი ოპერაციული და 512-გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება აქვს. თუმცა, რადიკალურად განსხვავებულია Virtu-ს უახლესი სმარტფონის ყველაზე მძლავრი მოდელი, რომელსაც 18-გიგაბაიტიანი ოპერაციული და 1-ტერაბაიტიანი შიდა მეხსიერება აქვს – ის ჰიმალაის ალიგატორის ტყავით, 18-კარატიანი ოქროთი და ბრილიანტებით არის მოპირკეთებული. Virtu-ს აღნიშნული მოდელი $41 ათასი ღირს.