პუტინი: ბირთვული ომის რისკები იზრდება

პუტინი: ბირთვული ომის რისკები იზრდება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, მსოფლიოში ბირთვული ომის რისკები მნიშვნელოვნად იზრდება. თუმცა, მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ატომურ იარაღს მხოლოდ უკანასკნელ ზომად გამოიყენებს, თავდაცვის მიზნით.

„ვერ დავმალავთ, ბირთვული ომის რისკები ნამდვილად იზრდება. მიუხედავად ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ატომურ იარაღს არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენებთ თავდასხმის მიზნით. ბირთვული არსენალის დანიშნულება მხოლოდ თავდაცვაა და ჩვენი მხრიდან მისი გამოყენება მხოლოდ რუსეთზე განხორციელებულ პირდაპირ თავდასხმას მოჰყვება“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, ბირთვული დაპირისპირების რისკებს განსაკუთრებით ის მოცემულობა ზრდის, რომ ევროპის მასშტაბით მოსკოვს ბირთვული რაკეტები არ აქვს განლაგებული, აშშ-ს კი NATO-ს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი აქვს, მათ შორის, ევროპაში, რუსეთის საზღვრებთან ახლოს და თურქეთში.

უკრაინასთან ომთან დაკავშირებით პუტინმა აღნიშნა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, შესაძლოა, დაგეგმილზე ხანგრძლივი აღმოჩნდეს და რუსეთი ამისათვის მზად უნდა იყოს.