უკრაინა SpaceX-ისგან დამატებით Starlink-ის ათასობით ტერმინალს მიიღებს

უკრაინა SpaceX-ისგან დამატებით Starlink-ის ათასობით ტერმინალს მიიღებს

უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, უკრაინასა და ილონ მასკის SpaceX-ს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, ქვეყანა რუსულ საჰაერო თავდასხმებთან გასამკლავებლად დამატებით Starlink-ის ათასობით ტერმინალს მიიღებს.

ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრ მიხაილო ფედოროვის განცხადებით, Starlink-ის 10,000-ზე მეტი მოწყობილობა, რომლებიც ქვეყანას სატელიტური ინტერნეტით უზრუნველყოფს, უკრაინაში უახლოეს თვეებში გაიგზავნება. როგორც ირკვევა, ფედოროვი მასკს უკრაინაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის დროს დაუკავშირდა. „SpaceX-ი და მასკი სწრაფად რეაგირებენ პრობლემებზე და გვეხმარებიან“, – აღნიშნა ფედოროვმა და დასძინა, რომ მასკმა პირდაპირი საუბრისას სამომავლოდ უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად მზადყოფნაც გამოთქვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, SpaceX-ის წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ SpaceX-ის სატელიტები Starlink-ის ქსელის ნაწილია, რომელიც მაღალსიჩქარიან ინტერნეტსერვისს დედამიწაზე არსებულ ანტენებს გადასცემს. ფედოროვის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინამ Starlink-ის დაახლოებით 22,000 ტერმინალი მიიღო.

Starlink-ის განადგურება რუსულ სამხედრო ძალებს ფაქტობრივად არ შეუძლიათ, რის გამოც, ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტი უკრაინის ომში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაშინ როდესაც რუსეთის არმია ორიენტირებულია კომუნიკაციების საშუალებების განადგურებაზე, Starlink-ის ანტენები უკრაინის ჯარს კონტაქტის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

მიუხედავად ამისა, SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უკრაინელების უკმაყოფილება ოქტომბერში დაიმსახურა, როდესაც ამ უკანასკნელმა უკრაინას „ტვიტის“ საშუალებით ნეიტრალურად დარჩენისკენ მოუწოდა – ეს იყო აშკარა განცხადება, რომ ქვეყანა არ უნდა შეუერთდეს ისეთ სამხედრო ალიანსს, როგორიც ნატოა – და რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე ტერიტორია უნდა დაუთმოს.