IMF მთავრობის ახალ ინიციატივებს აფასებს

IMF მთავრობის ახალ ინიციატივებს აფასებს

საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულების თაობაზე, რაც IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ივნისში წარედგინება. პროგრამის მიმდინარეობას IMF-ის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი აფასებს. 

ერთი წელი შესრულდა, რაც საქართველოსთვის სავალუტო ფონდმა ახალი პროგრამა დაამტკიცა. ჩვენ გვახსოვს გარვეული პრობლემები, რომლებიც წინა პროგრამას ახლდა თან, დღეს თუ ხედავთ ამ კუთხით პროგრესს? 

ფონდის მისიის საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი პროგრამის მიმდინარეობის შეფასებაა, პროგრამა გასული წლის აპრილში დამტკიცდა. პირველი მიმოხილვა დეკემბერში დასრულდა, მისია ამჯერად მეორე მიმოხილვაზე მუშაობს. პროგრესი რომელსაც ვხედავთ დამაკმაყოფილებელია. საკონტროლო სამიზნეს მივაღწიეთ. სტრუქტურული რეფორმების უმეტესობა უკვე იმპლემენტირებულია. 

ცოტა ხნის წინ ფინანსთა მინისტრმა დაანონსა რამოდენიმე რეფორმა, რომელიც უმეტესად მცირე და საშუალო ბიზნესს ეხება და ითვალისწინებს მათთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესებას. თუმცა ეს ასევე დაკავშირებულია საგადასახადო შემოსავლების კლებასთან, როგორ ფიქრობთ იქნება ეს რეფორმა ბიძგის მიმცემი ბიზნესის დასაწყებად? 

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის შემცირდება გადასახადი 1 პროცენტამდე. ეს რეფორმა ნამდვილად შეამცირებს საგადასახადო წნეხს. ის ასევე გაამარტივებს გადასახადების ადმინისტრირებას და მცირე მეწარმეებს ბიზნესის კეთება გაუმარტივდებათ. რაც შეეხება ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზების კლებას, ეფექტი არ იქნება მნიშვნელოვანი. უფრო მეტად მნიშვნელოვანია სექტორის ფორმალურ ჩარჩოში მოქცევა და ფორმალურ ეკონომიკაში დაბრუნება. 

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში საპროცენტო განაკვეთები საკმაოდ მაღალია და ეს არ უტოვებს შანსს ახალ ბიზნესებს რომ განვითარდნენ. ამასთან გაჟღერდა, რომ მთავრობამ უნდა იმუშავოს ამ საკითხზე კერძო სექტორთან, მინისტრს კომერციულ ბანკებთან ჰქონდა შეხვედრა. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია მსგავსი განცხადება და რეალურად რა არის ბანკების მთავარი როლი ეკონომიკაში? 

საქართველოში დაკრედიტება ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და მის აქტივობას. პრობლემად  რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე მეწარმეებისთვის. კომპანიები მიუთითებენ რომ ეს არის შემაფერხებელი ბიზნესის ზრდისთვის. დაკრედიტებას თან ახლავს რისკი. ჩვენ უნდა შევამციროთ ეს რისკი. ბანკების მხრიდან საჭიროა რისკების სწორად შეფასება, მათ უნდა ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია როგორც პროექტებთან დაკავშირებულ რისკებზე ასევე ვალდებულებებზე. მცირე მეწარმეების მხრიდნა კი საჭიროა რომ იყოს დაზღვეული პროექტის მდგრადობა. საქართველოში საბანკო სექტორი მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაჩნდეს დაფინანსების ალტერნატიული წყარო. საშუალობადიან პერიოდში დაფინანსების ყველა ინსტრუმეტის განვითარება მნიშვნელოვანია, მათ შორის კაპიტალის ბაზარის და კორპორატიული ბონდების კუთხით. 

თუმცა კაპიტალის ბაზარი საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების საკმაოდ ადრეულ ეტაპზეა… 

დიახ ასეა, სწორედ ამიტომაა საჭირო კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის განხორციელება. ის შექმნის კონკურენტულ გარემოს. 

ფიქრობთ რომ დღეს ქართულ ბანკებს აქვთ შესაძლებლობა შეამცირონ საპროცენტო განაკვეთები? თქვენ ახსენეთ რომ სისტემა მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა, არსებობს მისი შემცირების შესაძლებლობა? 

ეს საკმაოდ საინეტრესო შეკითხვაა, ჩვენ ვხედავთ მაღალ კონცენტრაციას საბანკო სექტორში. კონკურენციის ზრდა არა მხოლოდ ამ  არამედ ეკონომიკის სხვა სექტორებშიც მოგვცემს ბიძგს შესაძლებლობისკენ, რათა შემცირდეს საპროცენტო განაკვეთები. მეორე საკითხია თუ როგორ უნდა შემცირდეს რისკი, რომელიც დაკავშირებულია დაფინანსებასთან. ინიციატივები როგორიცაა მაგალითად უზრუნველყოფის დაფარვის გაუმჯობესება, გადახდისუუნარობის შესახებ ჩარჩო დოკუმენტის არსებობა ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს და ეს შეამცირებს ფასს. 

ამ კუთხით საქართველოს მთავრობამ სხვა რეფორმაც დაანონსა,  სახელწოდებით პირველად კაპიტალზე წვდომის რეფორმა. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს რათა მოხდეს კაპიტალში ინექციების წახალისება. რეფორმის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა როგორ ფიქრობთ რამდენად სწორია როდესაც მთავრობა შედის სტარტაპების დაფინანსებაში და საკუთარ თავზე იღებს ამ რისკს? 

მთავრობამ გაგვიზიარა აღნიშნული განზრახვა. ჩვენ ამ ეტაპზე ვესაუბრებით პარტნიორებს. ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია თუ როგორ იმუშავებს ეს სქემა ან  ვინ მიიღებს დაფინანსებას. ამიტომ ამ დროისთვის  შეფასების გაკეთება მიჭირს.