კაპიტალური დანახარჯი (ინგლისურად Capital Expenditure (CapEx)) არის საწარმოს მიერ გრძელვადიანი აქტივების შესაძენად გაწეული ხარჯები. თავის მხრივ, გრძელვადიანი აქტივები არის საწარმოს ისეთი ქონება/რესურსი, რომელიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოიყენება, ასეთებია: მიწა, შენობები, დანადგარები, მანქანები, პატენტები და ა.შ. ასევე, კაპიტალურია ხარჯი, თუ ის გაწეულია გრძელვადიანი აქტივის, მაგალითად, შენობის რემონტისთვის.
მართალია, კაპიტალური ხარჯის გაწევის დროს საწარმოს ფული ეხარჯება, მაგრამ ეს ხარჯი ერთჯერადი არ არის, ის ზრდის კომპანიის აქტივების ღირებულებას. მაგალითად, კომპანია თუ 100 ათას ლარად იყიდის მიწის ნაკვეთს, ხარჯს კი გასწევს, მაგრამ მისი ქონება (აქტივები) 100 ათასი ლარით გაიზრდება. აქედან გამომდინარე, კაპიტალური ხარჯი სტრატეგიული, საინვესტიციო ხარჯია, რომელიც კომპანიის მიერ საქონლისა და მომსახურების მიწოდების პოტენციალს ამაღლებს.