ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა. აშშ ომში მყოფ ქვეყანას დამატებით $325 მილიონის ღირებულების Bradley-ს ტიპის 15 ერთეულ ჯავშანმანქანას, Stryker-ის ტიპის 10 ერთეულ ჯავშანტრანსპორტიორსა და Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებს გაუგზავნის.
აღნიშნული სამხედრო დახმარების პაკეტის გამოცხადება უკრაინის მიერ დაწყებულ კონტრშეტევას ემთხვევა, რომლის ფარგლებშიც უკვე რამდენიმე ერთეული დასავლური შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა დაიკარგა ან განადგურდა.
ეს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული რიგით მე-40 სამხედრო დახმარების პაკეტია. პრეზიდენტს, სპეციალურად მინიჭებული უფლებით, აშშ-ის მარაგებიდან შეიარაღებისა და აღჭურვილობის კონგრესის თანხმობის გარეშე გაგზავნის უფლება აქვს.
გარდა ზემოთ აღნიშნული შეიარაღებისა, უკრაინა ახალი სამხედრო დახმარების პაკეტით NASAMS-ის ტიპისა და HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემებისათვის დამატებით ამუნიციას, ასევე Stinger-ის ტიპის ხელით გადასატან საზენიტო სისტემებს მიიღებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებით, ქვეყნის მიერ უკრაინისათვის 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უსაფრთხოების დარგში მიწოდებული დახმარების ღირებულება $40 მილიარდ დოლარს უტოლდება.