რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ვლადიმირ პუტინის უკრაინაში ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენიდან ამბოხებულ ძალად გადაიქცა. „ვაგნერისა“ და მისი ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული ამბოხება გაურკვეველი მიზეზებით მალევე ჩაიხშო, თავად პრიგოჟინი კი უსაფრთხოების გარანტიებით ბელარუსში გაემგზავრა. უკანასკნელი დღეების განმავლობაში სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება, თუ საიდან შოულობს ფულს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და როგორ გამოიმუშავებს მილიონებს მისი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. წინამდებარე სტატიაში სწორედ ამის შესახებ გიამბობთ.
Financial Times-ის ჟურნალისტური გამოძიებებით დგინდება, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შემოსავლის ძირითადი წყარო ომსა და კონფლიქტებში ჩაფლული აფრიკული და ახლოაღმოსავლური ქვეყნებისა და ამ ქვეყნებში ოპერირებადი კომპანიებისათვის უსაფრთხოების მომსახურებები გახლავთ. ზემოთ აღნიშნული ქვეყნებისა და კომპანიებისაგან, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე 4 წლის განმავლობაში პრიგოჟინთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბუნებრივი რესურსების სახით $250 მილიონი გამოიმუშავეს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ 2018 წელს გავრცელებული განცხადების თანახმად, სირიაში „ვაგნერი“ პრეზიდენტ ბაშარ ასადს აჯანყებულთა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების სანაცვლოდ, გათავისუფლებული ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების შემოსავლებიდან წილს იღებდა. მაგალითისათვის, პრიგოჟინთან დაკავშირებული ნავთობკომპანია Evro Polis-ი „ვაგნერის“ მიერ „ისლამური სახელმწიფოსაგან“ გათავისუფლებული საბადოების შემოსავლების 25%-ს იღებდა.
Financial Times-ის ინფორმაციით, მიუხედავად აშშ-ის მიერ დასანქცირებისა, კომპანია Euro Polis-მა მხოლოდ 2020 წელს $134 მილიონი გაყიდვების სახით დააგროვა, $90 მილიონი კი – წმინდა მოგების სახით.
სირიის გარდა „ვაგნერი“ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც გვხვდება. „ვაგნერი“ აქ ადგილობრივ მთავრობას დაქირავებულებით აჯანყების ჩახშობაში ეხმარება. სანაცვლოდ კი პრიგოჟინთან დაკავშირებული კომპანიები ქვეყანაში ოქროსა და ბრილიანტის საბადოებზე, ასევე სატყეო უფლებებზე იღებენ წვდომას.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია მეტწილად განსხვავდება. Politico-ს მიერ მოპოვებული დიპლომატიური გზავნილების თანახმად, „ვაგნერის“ მიერ საბადოებიდან მიღებულმა მოგებამ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გასულ წელს $1 მილიარდი შეადგინა. CBS-ის ინფორმაციით, სატყეო ბიზნესისაგან მიღებული შემოსავლები „ვაგნერისათვის“ $1 მილიარდს შეადგენდა, ოქროს საბადოებით კი $2.7 მილიარდის გამომუშავება შეძლო.
გარდა ამისა, „ვაგნერსა“ და პრიგოჟინს ბიზნესინტერესები აქვთ სუდანშიც. პრიგოჟინი სუდანში ოქროს საბადოების ინდუსტრიაში აქტიურ პირად გვევლინება. მისი კონტროლის ქვეშაა კომპანია M Invest-ი, რომელსაც ქვეყნის ყოფილი დიქტატორი ომარ ალ-ბაშირი მფარველობდა. მიუხედავად იმისა, რომ ალ-ბაშირი სახელმწიფოს სათავეში აღარ გახლავთ, რუსული სამხედრო დაჯგუფებები ოქროს კონტრაბანდულ ბაზარს მაინც აკონტროლებენ. CNN-ის ინფორმაციით, 2021 წელს კონტრაბანდის სახით „ვაგნერმა“ ქვეყნიდან $1.9 მილიარდის ღირებულების ოქრო გაიტანა. თუმცა პრიგოჟინი ამ კომპანიასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.
გარდა ამისა, ევგენი პრიგოჟინს ადგილობრივი, სამთავრობო კონტრაქტებიც აქვს. მის მიერ მართულმა კომპანიებმა 2011-დან 2019 წლამდე $3 მილიარდის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს. თუმცა ოფიციალურად ეს კონტრაქტები „ვაგნერის“ მიერ კეიტერინგის სერვისისთვის გაიცა.
მიუხედავად არსებული შემოსავლებისა, „ვაგნერის“ შესაძლებლობები მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობა ყურადღებით აკვირდება ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს და ქვეყანაში ნავთობსაბადოებზე „ვაგნერის“ გავლენების გაძლიერების პერსპექტივებს. მოგეხსენებათ, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ლიბიის კონფლიქტშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს. გარდა ამისა, როგორც აშშ-ის მთავრობის მიერ გამჟღავნებული დოკუმენტებით ირკვევა, დაჯგუფება ჰაიტის მთავრობასთან თანამშრომლობითაც დაინტერესებულია.
ცნობისათვის, პრიგოჟინის როლი რუსულ ელიტაში 90-იანი წლებიდან გაიზარდა. ყოფილი რესტორატორი პუტინს სწორედ ამ პერიოდში დაუახლოვდა. სამთავრობო კონტრაქტების ოფიციალური შინაარსის „დამსახურებით“ კი ევგენი პრიგოჟინს ზედმეტსახელი „პუტინის შეფ-მზარეული“ მალევე შეარქვეს. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ მან 2014 წელს ჩამოაყალიბა, თუმცა გასულ წლამდე მის ფლობას უარყოფდა.
სწორედ პრიგოჟინის სახელი ფიგურირებს „ტროლების ქარხანად“ მოხსენიებული Internet Research Agency-ის დამფინანსებელთა სიაშიც. 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენაში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ბრალს სწორედ ამ ორგანიზაციას სდებს.
მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რითაც სანქცირებისათვის ნიადაგი მოამზადა.