ჩინურმა Guangzhou Automobile Group-მა (GAC) მსოფლიოში პირველი, ამიაკზე მომუშავე მანქანის ძრავა წარადგინა. ამიაკის ძრავა, წყალბადის საწვავისა და ბატარეაზე მომუშავე ელექტრომანქანების მსგავსად, სატრანსპორტო ინდუსტრიაში ნახშირბადის ემისიების შემცირებას შეუწყობს ხელს.
ამიაკზე მომუშავე მანქანის ძრავა კომპანიის ყოველწლიური ტექნოლოგიური გამოფენის ფარგლებში იყო წარმოდგენილი, სადაც ასევე შევხვდებოდით: მფრინავ მანქანას, სახელად Gove-ს, რომელიც დიდ დრონს წააგავდა და ჰიბრიდულ-წყალბადის პლატფორმაზე მომუშავე Trumpchi-მინივენს – საწვავის სისტემის ალტერნატივას, რომლის განვითარებასაც GAC-ის იაპონური პარტნიორი Toyota Motor-ი უჭერს მხარს.
ამიაკის, როგორც ნახშირბადისგან თავისუფალი საწვავის შესწავლა კვლავ მიმდინარეობს, თუმცა მისი მთავარი ნაკლი დაბალი აალებადობა და აზოტის ოქსიდის დიდი რაოდენობით ემისიების წარმოქმნაა. GAC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შექმნილი ძრავა 2.0-ლიტრიანია, უფრო ეფექტიანად წვავს თხევად ამიაკს, 120 კილოვატის სიმძლავრეს ავითარებს და ჩვეულებრივ საწვავთან შედარებით, ნახშირბადის ემისიებს 90%-ით ამცირებს.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული GAC-ი მწვანე ენერგიაზე გადასვლის მიმართულებით, ჩინურ ავტომწარმოებლებს შორის ლიდერია. BYD-ისა და Tesla-ს შემდეგ, GAC-ის ელექტრომობილების ბრენდი Aion-ი ქვეყანაში მესამე ყველაზე გაყიდვადი სუფთა მანქანა გახდა.
კუანჭოუში დაფუძნებული კომპანია კვლევისა და განვითარების მიმართულებით ინვესტიციებს ზრდის. GAC-ი ბატარეების მწარმოებელ უნიქორნ Greater Bay Technology-სთანაც თანამშრომლობს. უნიქორნი ბატარეების განვითარებაზე მუშაობს, რომლის დატენაც, ნებისმიერი ამინდის პირობებში, 15 წუთში იქნება შესაძლებელი.