Icon of the Seas-ი – რომელიც მსოფლიოში უდიდესი საკრუიზო გემი იქნება, ოცი გემბანით, შვიდი აუზითა და აკვაპარკით – ზღვაში, ივნისის პირველი სატესტო გასვლის შემდგომ, დამატებით ცდებს გეგმავს. პირველი დაგეგმილი მოგზაურობა კი, რომელშიც Royal Caribbean-ის 4,000-მდე თანამშრომელთან ერთად მგზავრებიც მიიღებენ მონაწილეობას, 2024 წლის იანვარში შედგება.
საკრუიზო გემით მოგზაურობისთვის ბილეთების შეძენა პირველად 2022 წლის ოქტომბერში გახდა შესაძლებელი, კაცზე – $1,537-ად. CBS-ის ცნობით, ბილეთების გაყიდვის დღე Royal Caribbean-ის 53-წლიანი ისტორიისთვის ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. თუმცა ახლა დასავლეთ ან აღმოსავლეთ კარიბის ზღვის აუზისკენ შვიდდღიანი მოგზაურობა შედარებით ძვირი ჯდება – ყველაზე იაფი, 2024 წლის სექტემბრის რეისია, რომელიც შიდა ოთახი კაცზე $1,851 ჯდება, სხვა თვეებში კი ბილეთების ფასი $2,000-დან $3,300-მდე მერყეობს.
გარე ხედით ნომრის დასაჯავშნად, სექტემბრის მოგზაურობისთვის მგზავრებს $2,061-ის, ხოლო მარტისთვის – $4,119-ის გადახდა მოუწევთ. აივნიანი ნომრები შესაბამისად, $2,249 და $5,245 ჯდება. გემი თითქმის 366 მეტრის სიგრძის იქნება და, სავარაუდოდ, 250,800 ტონას აიწონის. კრუიზზე 16-მეტრიანი ჩანჩქერი იქნება განთავსებული, ასევე ცენტრალური პარკი ცოცხალი მცენარეებით გაფორმებული კედლით, აკვაპარკი, აუზი, სხვადასხვა ტიპის გასართობი სივრცეები და რესტორნები.
Royal Caribbean-ი მოცემული დროისთვის მსოფლიოში უდიდეს საკრუიზო გემს – Wonder of the Seas-ს ფლობს, შესაბამისად, Icon of the Seas-ით კომპანია თავისივე რეკორდს მოხსნის. Wonder of the Seas-ი, რომლის პირველი მოგზაურობაც 2022 წელს შედგა, ახალ საკრუიზო გემზე მხოლოდ ათეული ფუტით მოკლეა, 18 გემბანი აქვს და ჯამში, 7,084 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.