შპს „საქაერონავიგაციამ“ 4 აგვისტოს ახალი შენობა-ნაგებობების ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი შპს „საქაერონავიგაციას“ ტერიტორიაზე მდებარე ავტომეურნეობის შენობის მიშენება-დაშენების, შვეულმფრენის ანგარის მოწყობისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს.
როგორც ჩანს, შპს „საქაერონავიგაციას“ ადგილზე არსებული კომპლექსის რეკონსტრუქცია და ზემოთ აღნიშნული ნაგებობების აშენება სურს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 22,542,373 ლარს შეადგენს.
შენობა-ნაგებობებისა და შვეულმფრენების ანგარის დამატებითი სპეციფიკაციების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციაში ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის.
ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველების მიმართ ტექნიკური მოთხოვნებიდან აღსანიშნი რამდენიმეა: პრეტენდენტს 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს მშენებლობის გამოცდილება, რომლის ღირებულებაც ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 15 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს პერსონალის გამოცდილების შესახებ გარკვეულ მოთხოვნებს: ჰყავდეს მშენებლობის მენეჯერი (არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილებით), მშენებლობის უსაფრთხოების მენეჯერი (არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილებით) და სამუშაოთა მწარმოებელი (არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილებით).
აღნიშნულისა და კიდევ რამდენიმე ფინანსური ვალდებულების გარდა, პრეტენდენტებისადმი რაიმე განსაკუთრებული, საერთაშორისო სერტიფიკატების მიერ დამოწმებული კვალიფიკაციის მოთხოვნები ტენდერში არ გვხვდება.
შპს „საქაერონავიგაციას“ აღნიშნული ტენდერის ან მის შესახებ სხვა დეტალებთან დაკავშირებით კომენტარი მედიასთან ამ დრომდე არ გაუკეთებია.