როგორ გამდიდრდა „გუჩი“?

როგორ გამდიდრდა „გუჩი“?

იტალიური მოდის სახლის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდის, „გუჩის“ შემოსავალმა 2022 წელს 12 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. „გუჩის“ ბრენდის საბაზრო ღირებულება 17 მილიარდი ევროა და იტალიური ტანსაცმლის ბრენდებიდან მხოლოდ „პრადას“ ჩამორჩება მცირედით. მსოფლიოს მასშტაბით 500-მდე მაღაზია აქვს და წარმოებასა და გაყიდვებში 17 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს. დღეს „გუჩი“ მსხვილ ფრანგულ კონგლომერატ, „კერინგს“ მიეკუთვნება, რომელიც ასევე აერთიანებს „ივ სენ ლორანს“, „ბალენსიაგას“, „ბოტეგა ვენეტას“, „ბრიონს“ და სხვა ბრენდებს, თუმცა მისი ძირითადი აქტივი სწორედ „გუჩია“. 2022 წელს „კერინგს“ შემოსავლების 52% „გუჩის“ გაყიდვებმა მოუტანა.

გუჩის ოჯახი მე-15 საუკუნიდან ცხოვრობდა იტალიის ქალაქ ფლორენციაში, თუმცა კომპანია „გუჩი“ 1921 წელს დაარსდა, როდესაც გუჩო გუჩიმ ფლორენციაში იმპორტირებული ტყავის და ხის ჩემოდნების მაღაზია გახსნა. გუჩო გუჩი ფლორენციაში დაიბადა, მაგრამ 16 წლის ასაკში დატოვა იტალია და ჯერ პარიზში, შემდეგ კი ლონდონის სასტუმროებში მუშაობდა კლიენტების ბარგის მზიდავად. სწორედ მაშინ ჩასწვდა მოგზაურების გემოვნების, ჩემოდნების მახასიათებლებისა და ხარისხის ნიუნსებს. 1917 წელს ჩემოდნების დამამზადებელ საწარმოში დაიწყო მუშაობა. ასე რომ, როდესაც საკუთარ მაღაზიას ხსნიდა, უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი.

მაღაზიასთან ერთად გუჩომ მცირე საწარმოც გახსნა, სადაც საკუთარი მაღაზიისთვის ამზადებდა ჩემოდნებს, ძირითადად ტყავისგან. 1935 წელს, როდესაც მუსოლინის რეჟიმის გამო იტალიას ტყავისა და სხვა ბუნებრივი მასალის მიწოდებაზე ემბარგო დაუწესეს, გუჩიმ ჩემოდნების წარმოება ძირითადად ხელოვნური მატერიებით და ხით გააგრძელა. 1937 წელს კი პირველი ხელჩანთა დაამზადა.

გუჩოს მეუღლე აიდა კალველი და მათი ექვსი შვილიც მაღაზიაში მუშაობდნენ. საქმისადმი ყველაზე დიდი ინტერესი უფროს შვილს ალდო გუჩის ჰქონდა, რომელმაც 1938 წელს რომში გახსნა „გუჩის“ ახალი მაღაზია. ასევე დაიწყო ქამრებისა და საფულეების წარმოება. მეორე მსოფლიო ომის დროს კი იტალიელი ჯარისკაცებისთვის ფეხსაცმელს ამზადებდა.

1947 წელს გუჩო გუჩიმ კომპანიის წილები სამ შვილს: ალდოს, ვასკოსა და როდოლფოს გაუნაწილა. ამ პერიოდში შექმნა ალდომ კომპანიის პირველი სლოგანი: „ხარისხი დიდხანს გვახსოვს, ფასი კი მალე გვავიწყდება“. „გუჩიმ“ ცნობილი ლოფერების წარმოება 1952 წელს დაიწყო, 1953 წელს კი პირველი მაღაზია გახსნა აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში.

1960-იან წლებში „გუჩი“ ევროპის ქვეყნების ბაზრებზე შევიდა. 1968 წელს „გუჩიმ“ ტანსაცმლის წარმოებაც დაიწყო. 1972 წელს „გუჩის“ მაღაზიები ტოკიოში, ხოლო 1974 წელს ჰონგ-კონგში გამოჩნდა. 1960-იანი წლების ბოლო „გუჩი“ აშშ-ში წლიურად 100 ათასამდე ფეხსაცმელს ყიდდა.

„გუჩიმ“ პარფიუმერიისა და საათების გამოშვება 1972 წლიდან დაიწყო. 1977 წელს კი პირველი გალერეა-მაღაზია გახსნა ბევერლი-ჰილსზე.

1980-იან წლებში გუჩის ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ძირითადი დაპირისპირება იყო გარდაცვლილი ადოლფოს შვილს მაურიციოს და მის ბიძას ალდო გუჩის შორის. ალდო ერთი წლით ციხეში აღმოჩნდა, მაურიციომ კი აქციების ნაწილი საინვესტიციო კომპანია „ინვესტკორპს“ მიჰყიდა. საბოლოოდ, დაპირისპირების შედეგად კომპანია საჯარო გახდა, ანუ აქციები გაყიდა და „Guccio Gucci SpA“ ეწოდა, რაც დღემდე მისი ოფიციალური სახელია. სწორედ ამ დაპირისპირებას მიეძღვნა 2021 წელს გამოსული რიდლი სკოტის ფილმი „გუჩის სახლი“. მიუხედავად შიდა დაპირისპირებისა, 1981-1097 წლებში კომპანიამ 400 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, 1990 წელს კი წლიურმა შემოსავალმა 220 მლნ დოლარი შეადგინა.

1993 წელს „ინვესტკორპმა“ სრულად შეისყიდა „გუჩი“ მაურიციო გუჩისგან, გუჩების ოჯახს წილი აღარ დარჩა. მაურიციო გუჩი კი 1995 წელს მისი ყოფილი ცოლის მიერ დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა მილანში.

1980-იან წლებში „გუჩი“ თანდათან მასიური წარმოების კომპანია გახდა, რაც მას ექსკლუზიურობის როლს უკარგავდა, ამიტომ 1990-იანებში მისმა ახალმა მმართველმა დაუნ მელომ კომპანიის მაღაზიები 1,000-დან 180-მდე შეამცირა, გასაყიდი საქონლის ნაირსახეობა კი 22,000-დან 7,000-მდე. კომპანიის სათავო ოფისი მილანიდან ფლორენციაში დააბრუნა. 1995 წელს „გუჩის“ აქციებით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაიწყო ვაჭრობა. ამ პერიოდში უკვე კომპანია რეკლამაზე წლიურად 70 მლნ დოლარს ხარჯავდა.

1999 წელს „გუჩის“ 42% კომპანია Pinault-Printemps-Redoute-მა იყიდა, რომელიც დღეს კონგლომერატი „კერინგია“. 2004 წელს კი „კერინგმა“ სრულად შეისყიდა „გუჩი“.

2011 წელს კომპანიის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფლორენციაში „გუჩის მუზეუმი“ გაიხსნა. 2011-2015 წლებში „გუჩის“ 220 ახალი მაღაზია გაიხსნა და მათმა რაოდენობამ 500-ს მიაღწია. 2017 წელს „გუჩიმ“ სახლის დეკორაციების გამოშვება დაიწყო. 2018 წელს კი არტლაბი გახსნა. 2019 წელს კომპანიის შემოსავალი 10 მილიარდ დოლარს გადასცდა.