დევიდ დეფოს არომატების ამოცნობისა და შექმნის ექსტრაორდინარული უნარი აქვს. უკვე ძალიან მოდური ინდივიდუალური დისტილაციით იგი კარგ შემოსავალს იღებს.
ჯერ კიდევ 2010 წელს დევიდ დეფოსთან მაიამიელი ანტრეპრენიორი მივიდა და Rabbit Habbit-ის შექმნაში დახმარება სთხოვა. ეს სასმელი ეპიმედიუმისგან უნდა დამზადებულიყო – საზიზღარი გემოს მქონე მცენარისაგან, რომელსაც აგზნებული თხის ბალახსაც უწოდებენ და რომელსაც, იდეაში, ბუნებრივი ვიაგრის ეფექტი აქვს. დეფოს კომპანიისთვის ეს გამოწვევა ნაცნობი იყო: Flavorman-ში ბალახის გემოს ხილის სასიამოვნო არომატებით ნიღბავენ. მან და მისი ლაბორატორიის ტექნოლოგებმა სასწაული მოახდინეს, კლიენტი კი აღტაცებული დარჩა.
ჩამრგვალებული აღნაგობის 53 წლის დეფომ, რომელიც მოვლილ ვერცხლისფერ წვერს ატარებს და ძალდაუტანებლად იცინის, არომატების ამოცნობის გასაოცარი უნარი ბიზნესად აქცია – ბიზნესად, რომელიც წელს $14-მილიონიან შემოსავალს მოიტანს; ეს კი ნაწილობრივ იმ მოგების დამსახურებაა, რომელიც ბოლო პერიოდში ხალხის გატაცების შედეგად ნახა იმ ინდივიდუალურად გამოხდილი სასმელებით, რომელთაც თუ არომატს გამოვაკლებთ, შესაძლოა, გემოთი სამედიცინო სპირტს ჩამოჰგავდნენ. ამ ყველაფერს კი ფონად ბედის უკუღმართობა გასდევდა: ხარვეზიანი ბიზნესმოდელი, მეტისმეტად მნიშვნელოვანი კლიენტის დაკარგვა და გამანადგურებელი ავადმყოფობა.
თავისი ექსტრაორდინარული ნიჭი დეფომ 1985 წელს აღმოაჩინა, როცა გადაწყვიტა, რაც არ უნდა დასჯდომოდა, სამსახური ცინცინატიში, ერთ არომატების სახლში (იმ დროს ეს სახლი Fries & Fries-ის სახელით იყო ცნობილი) ეშოვა. მას სუფლეს ხუთ ჭიქაში ჩასხმული გამჭვირვალე სითხეების „ ვინაობა“ უნდა ამოეცნო. დავალებას წარმატებით გაართვა თავი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი გემოს დასახელების ძალიან შერცხვა: „მახსოვს, ვფიქრობდი, ,’ჯანდაბას, როგორ უნდა ვთქვა ღორის ნაჭერი?! ეს ხომ აბსურდულად ჟღერს!’“ ასე იყო თუ ისე, თქვა და სამსახურშიც აიყვანეს.
ხუთი წელი დეფომ Brown-Forman-ში გაატარა – ისეთი მეგაბრენდების საწარმოში, როგორიც, მაგალითად, Jack Daniel’s-ია, პარალელურად კი ბიზნესადმინისტრირებაში მაგისტრატურას გადიოდა. როცა მისი გადაბირება Chiquita Brands-მა სცადა, უცებ იფიქრა, რომ კარგი იქნებოდა, საკონსულტაციო ბიზნესს წამოიწყებდა და Chiquita-ს ძირითად კლიენტად აქცევდა. თავიდან დიდი არომატების კომპანიებისგან (მაგალითად, International Flavors & Fragrances) გამოთხოვილ ნიმუშებს იყენებდა და მხოლოდ რეცეპტებისთვის ითხოვდა ფულს, მაგრამ როცა სასმელის შექმნას ბევრი დრო მიჰქონდა, ის ფულს კარგავდა. „საშინელი ბიზნესმოდელი იყო“, – ამბობს დეფო.
მხოლოდ ერთი დაქირავებულითა და სესხის გარეშე (თუ არ ჩავთვლით საკრედიტო ბარათის სესხს), პირველი ექვსი თვე მან როგორღაც გაიტანა თავი. შემდეგ Snapple-ის მსგავსი სასმელები ბრაზილიელ კლიენტს მიჰყიდა, რომელიც მისგან არა მხოლოდ რეცეპტების, არამედ არომატთა კონცენტრატების შექმნასაც ითხოვდა. დეფომ ნაზავი ჩიკაგოურ კომპანიას გააკეთებინა, 55-გალონიან ცილინდრულ ბოთლებს საკუთარი იარლიყი მიარტყა, ფორმულის თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის სხვაობა 80%-მდე ასწია და ფულის ბრუნვის მოწმეც გახდა. მას მერე, მან კონცენტრატის შექმნის ჰონორარი $25,000-მდეც კი გაზარდა, იმისდა მიხედვით, თუ რა სირთულის სასმელთან ჰქონდა საქმე, ხოლო კონცენტრატების თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის სხვაობა 30%-მდე შეამცირა.
1996 წელს დეფომ სპეციფიკური უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთან, Jones Soda-სთან გააფორმა კონტრაქტი, რომელსაც მაშინ ვარგისობის ვადებთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები. დეფომ რეცეპტები „გადაამზადა“ და ახალი არომატებიც შექმნა, მათ შორის მწვანე ვაშლისა და ნაღების გაზიანი სასმელები, რომლებიც 20 წლის შემდეგაც კი Jones-ის ბესტსელერთა რიგებშია. ჯამში, მან 30 არომატი დაამზადა, რომლებიც Jones-ის პროდუქტებად იქცა, ერთ-ერთ მათგანს კი fish taco ერქვა. „მოგვწონს, როცა სალაპარაკო თემების გაჩაღებას ვუწყობთ ხელს და ადამიანებს ღიმილს ვგვრით“, – ამბობს Jones-ის აღმასრულებელი მენეჯერი, ერიკ ჩესტეინი. „სრული საზიზღრობა იყო“, – იხსენებს დეფო.
Flavorman-ის ბიზნესის 82%-ს Jones-ი შეადგენდა. მაგრამ 2003 წელს გაზიანი სასმელების მწარმოებელმა დეფოს ჰონორარის შემცირება განიზრახა, ჰოდა, მათი გზებიც გაიყო. თავისი ყველაზე დიდი კლიენტის დაკარგვამ დეფოს ორი რამ ასწავლა: დივერსიფიცირება და უფრო მეტი სელექციურობაა საჭირო. „მივხვდი, რომ მხოლოდ იმ ადამიანებთან მსიამოვნებს მუშაობა, რომლებიც მომწონს“, – ამბობს ის.
ერთი წლის შემდეგ დეფოს უეცრად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ორად ხედავდა და ფეხებში მგრძნობელობა წაერთვა. საავადმყოფოში მოხვედრილმა მხედველობა მთლიანად დაკარგა და სამი კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იყო. გამოიღვიძა და შეიტყო, რომ გაფანტული სკლეროზი სჭირდა, რამაც შეიძლება, პაციენტის პარალიზება გამოიწვიოს. დეფოს გაუმართლა – მხედველობა აღუდგა და მკურნალობასაც დაექვემდებარა.
ზოგი ჭირი მარგებელია. Flavorman-მა დაამტკიცა, რომ დამფუძნებლის გარეშეც შეეძლო თავის გატანა. დეფო 6 თვის განმავლობაში არ მუშაობდა, კომპანიას კი ამასობაში ორი საუკეთესო კვარტალი ჰქონდა. დეფო ამბობს, რომ ავადმყოფობამ ის გაათავისუფლა. „მივხვდი, რომ მეორე შანსი მომეცა“, – ამბობს ის. ლუისვილში, მე-19 საუკუნის აგურის შენობაში $180,000 გადაიხადა, რომელიც Flavorman-ის სათავო ოფისად იქცა, $1 მილიონი კი მის გადაკეთებას დაახარჯა – სხვა სარემონტო სამუშაოებთან ერთად, კედლები მკრთალ ლურჯად და „მარგარიტას“ მიქსის ფერებში, ღია მწვანედ, შეღება. სამი წლის მერე მეზობლად მდებარე დაფხავებული გარაჟიც შეიძინა – $160,000-ად.
ათი წლის წინ ალბათ სულ რამდენიმე ათეული ინდივიდუალური დისტილაციის საწარმო არსებობდა, დღეს, American Craft Spirits Association-ის თანახმად, მათი რიცხვი თითქმის 800-მდე გაიზარდა. ამის ფონზე დეფომ სასწავლო ცენტრი გახსნა. შენობაში ორი სახდელი ლაბორატორიაა და საკლასო ოთახი, რომელიც 60 ადამიანს იტევს. Moonshine-ის უნივერსიტეტის პროგრამა დისტილაციის კვარტალურ, ხუთდღიან კურსს მოიცავს და 30 სტუდენტი თითოეულ კურსში $6,25-ს იხდის.
330 ხუთდღიან კურსდამთავრებულთაგან დეფოს თქმით, 50 Flavorman-ის კლიენტი გახდა, მათ რიცხვშია გატლინბერგში (ტენესი) მდებარე Sugarlands Distilling-ი, რომელიც Flavorman-ის ისეთ მიქსტურებს ყიდის, როგორიცაა ირისი, ტკბილი ჩაი, ლიმონათი და მაყვალი. დეფო ამბობს, რომ თავდაპირველად Moonshine-ის უნივერსიტეტს მარკეტინგულ თამაშად აღიქვამდა, თუმცა, უნივერსიტეტმა გასულ წელს Flavorman-ის შემოსავლები გააორმაგა.
როგორც სავაჭრო გამოცემის, BevNet Magazine-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი კლაინმენი ამბობს, დაახლოებით 25 პატარა არომატის სახლი არსებობს, რომლებიც მზად არიან, კლიენტს Flavorman-ის მსგავსი სერვისები შესთავაზონ. მაგრამ, დეფოს მტკიცებით, Flavorman-ი ერთადერთი კომპანიაა, რომელიც სრულყოფილად ავითარებს თავის პროდუქტს, ამავე დროს ის ალკოჰოლისა და თამბაქოს საგადასახადო და სავაჭრო ბიუროს რეგულაციებსაც იცავს.
„დეივი ყურადღებას არ გვაკლებს“, – ამბობს ჯო ჰერონი, რომელმაც, დეფოს დახმარებით, Nutrisoda შექმნა – გაზიანი სასმელი, რომელიც თვითმფრინავით ფრენისას მგზავრების იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად დამზადდა. ეს სასმელი 2006 წელს, აწ განსვენებულმა PepsiAmericas-მა $10 მილიონად იყიდა. ამის შემდეგ დეფომ ჰერონისთვის ძლიერი სიდრი, სახელად Crispin-ი, დაამზადა, რომელიც ჰერონისვე თქმით, მან MillerCoors-ს „გაცილებით დიდ“ ფასად მიჰყიდა.
დეფო ამბობს, რომ ეკონომიკურ რეცესიამდე Flavorman-ში მას $20 მილიონი შესთავაზეს. ახლა კიდევ ერთი მუშტარი ეკეკლუცება. ფული, მისი თქმით, მეორეხარისხოვანია. მართალია, დასვენებებზე უხვად დაუხარჯავს, – მაგალითად, როცა ჰონდურასში, კუნძულ როატანზე, თავის 16-წლიანი სტაჟის პარტნიორთან, დერენ უილსონთან ერთად აკვალანგით საყვინთაოდ გაემგზავრა – სამაგიეროდ, ნახმარი ორკარიანი Ford Escort-ით დადის და საკუთარ თავს წელიწადში $125,000-ს უხდის. ჯერაც თან დააქვს ცინცინატის სკოლიდან შემორჩენილი უფასო ლანჩის ჟეტონი, რათა არ დაავიწყდეს, როგორი იყო ხუთ და-ძმასთან ერთად ცხოვრება კალატოზი მამინაცვლის ხელფასზე.
დეფოს თქმით, მთავარი ისაა, რომ მისი კომპანიის შემსყიდველმა, ვინც უნდა იყოს ის, მისი 35 თანამშრომელი შეინარჩუნოს, თავად მას კი კონსულტაციისა და მენტორობის გაგრძელების საშუალება მისცეს. სხვა დანარჩენს მაინცდამაინც საინტერესო გემო არა აქვს.