რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის აშენებას გეგმავს - გაზეთი „Izvestiya”

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის აშენებას გეგმავს - გაზეთი „Izvestiya”

გაზეთ „Izvestiya”-ში გამოქვეყნებული ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ციტატის თანახმად, რუსეთი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, აფხაზეთში საზღვაო ბაზის აშენებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზის აფხაზეთში განთავსების შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. გაზეთმა „Izvestiya”-მ ინფორმაცია ამის შესახებ ასლან ბჟანიას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრიდან მეორე დღეს გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტი, რომელიც ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე, სევასტოპოლში მდებარეობს, უკრაინული არტილერიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

გაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ოჩამჩირის რეგიონში მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობის ნებართვას ხელი მოაწერა. „ამ გადაწყვეტილების მიზანია, გავაძლიეროთ როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის თავდაცვითი შესაძლებლობები და ამ სახის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. არსებობს კიდევ სხვა საკითხები, რაზეც ვერ ვილაპარაკებ“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის საკითხი აქამდეც დამდგარა დღის წესრიგში. მსგავსი სურვილი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 2009 წელსაც გამოთქვა, რასაც ნატოს მხრიდან უარყოფითი რეაგირება მოჰყვა.