არგენტინამ ფისკალური დეფიციტის აღმოსაფხვრელად პესო გააუფასურა

არგენტინამ ფისკალური დეფიციტის აღმოსაფხვრელად პესო გააუფასურა

არგენტინის ახალმა მთავრობამ ქვეყანაში რეფორმების გატარება დაიწყო. ქვეყნის ახალმა ეკონომიკის მინისტრმა, ლუის კაპუტომ ეკონომიკის შოკური თერაპიისთვის არგენტინის ეროვნული ვალუტის, პესოს, დევალვაციის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტრო აჩერებს ენერგოსექტორში სუბსიდიების გაცემასა და საზოგადოებრივი სამუშაოებისთვის ტენდერების გამოცხადებას.

ლუის კაპუტოს განცხადებით, აღნიშნული ქმედებები ათწლეულების განმავლობაში კრიზისში მყოფ არგენტინის ეკონომიკას ახალ სიცოცხლეს  შესძენს.  არგენტინის მთავრობის წევრების განმარტებით, ეს ქმედებები არგენტინის ეკონომიკის უფრო ძირეული რეფორმებისათვის მომზადებას ემსახურება და მათ შოკური თერაპიის დანიშნულება ექნება.

არგენტინის ეროვნული ვალუტა, პესო, 50%-ით გაუფასურდება და მისი დოლართან გაცვლითი კურსი 800-ს შეადგენს. კაპუტოს განმარტებით, გადაწყვეტილებას მოკლევადიან პერსპექტივაში მტკივნეული ეფექტი ექნება, თუმცა ეს ქვეყანას ფისკალური დეფიციტის აღმოფხვრაში და სამნიშნა ინფლაციის სტაბილიზებაში  დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ახალი პრეზიდენტი ხავიერ მილეი ლიბერტარიანელი პოლიტიკოსი გახლავთ. მისი გუშინდელი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სამინისტროების რაოდენობა განახევრდა. ხავიერ მილეი არგენტინის ეროვნული ბანკის გაუქმებასაც გეგმავს.

არგენტინის ეკონომიკის ახალი მინისტრის განცხადებით, ამჟამად ფისკალური დეფიციტი ქვეყნის მშპ-ის 5.5%-ს შეადგენს, ბოლო 123 წლიდან 113 წელი კი ქვეყანაში დეფიციტი ფიქსირდებოდა. ქვეყნის ეროვნული ვალუტა ამჟამად 150%-ითაა გაუფასურებული, მოსახლეობის 40% კი სიღარიბეში ცხოვრობს.