საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უწყებამ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 102.5%-ით, ანუ 83.3 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.
მთლიანობაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 3 434.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გათვალისწინებულზე 83.3 მილიონი ლარით მეტია. სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის გეგმა 3 351.4 მილიონი ლარი იყო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, გასული წლის მაჩვენებელი უწყების არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მონაცემია. სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 354.4 მილიონი ლარით მეტი მოახმარა.
სამინისტროს განმარტებით, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულეს მის დაქვემდებარებაში არსებულმა უწყებებმაც. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გეგმა 104%-ით შეასრულა (2 018.8 მილიონი ლარი), შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ კი – 101%-ით (43.0 მილიონი ლარი). 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა ზუსტად შეასრულეს სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ (839.0 მილიონი ლარი) და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ (521.1 მილიონი ლარი).