იურიდიულმა დრამა „Suits“-მა 2023 წელს სტრიმინგის ახალი რეკორდი დაამყარა და შედეგებით მაყურებელთა კიდევ ერთ ფავორიტს, „The Office“-ს გადაასწრო. Nielsen-ის მონაცემებით, საერთო ჯამში, გასულ წელს სტრიმინგჩარტებში Netflix-ის შოუები ლიდერობდნენ.
2023 წელს „Suits“-მა, სტრიმინგპლატფორმა Netflix-ზე ხელმისაწვდომობის წყალობით, 57.7 მილიარდი წუთის ნახვა დააგროვა. ანგარიშის თანახმად, 2020 წელს, ლოკდაუნის პერიოდში, „The Office“-ის ნახვებმა 57.1 მილიარდ წუთს მიაღწია. გასულ წელს, ნახვების მიხედვით, მაყურებელთა ფავორიტ შოუებს შორის მოხვდა „Bluey“, „NCIS“-ი, „Grey’s Anatomy“ და „The Big Bang Theory“.
საერთო ჯამში, ამერიკელების მიერ გასულ წელს საყვარელ შოუებთან გატარებული დრო 21 მილიონი წლის ხანგრძლივობის ვიდეოსტრიმინგის ეკვივალენტურია. მონაცემები გასულ წელთან შედარებით 21%-ითაა გაზრდილი. ზრდა დიდწილად თავად სტრიმინგფირმების დამსახურებაა, რომელთაც, მაყურებელთა შესანარჩუნებლად, გასულ წელს ლიცენზირებულ კონტენტში მილიარდობით დოლარი დააბანდეს.
2023 წელი აშშ-ის გართობის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით რთული გამოდგა, მათ შორის ჰოლივუდში სცენარისტებისა და მსახიობების გაფიცვის გამო, რომელიც თვეობით გაგრძელდა. მიუხედავად გაფიცვებისა, ორიგინალი კონტენტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ორიგინალი კონტენტის კატეგორიაში ჩარტების ლიდერი Apple TV+-ის Ted Lasso-ა. ფილმების კატეგორიაში კი ათეულიდან შვიდი პოზიცია ანიმაციურ კონტენტს ეკავა, „Moana“-სა და „Encanto“-ს ლიდერობით.