Bloomberg-ის ინფორმაციით, საკუთარ სმარტფონებში ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების განვითარებისთვის ამერიკულმა Apple-მა AI-ის პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპ OpenAI-სთან მოლაპარაკებები განაახლა.
მედიის ცნობით, კომპანიები განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება ინტეგრირდეს OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები Apple-ის iPhone-ის ახალ საოპერაციო სისტემაში, iOS 18-ში. აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეები კომენტარის გაკეთებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
Apple-ის ხელოვნური ინტელექტის პროგრამებით დაინტერესების შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი რამდენიმე კვირის წინაც ავრცელებდა. ერთი თვის წინ სმარტფონების ამერიკული მწარმოებელი Google-ის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის, Gemini-ს ფუნქციებით ინტერესდებოდა.
არსებული ინფორმაციით, Apple-ს რომელიმე კონკრეტულ AI-პლატფორმასთან პარტნიორობის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მოგეხსენებათ, Apple-ი კონკურენტებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის ათვისებაში შედარებით ჩამორჩება. შესაბამისად, კომპანიის გადაწყვეტილება ამ მიმართულებით ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ტექნოლოგიის მქონე სტარტაპებთან პოტენციური პარტნიორობაა.