ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთმა პლატფორმა X-ზე ასობით ანგარიში გააყალბა და მათი საშუალებით, უკრაინაში კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ კონტენტს ავრცელებდა. დეპარტამენტის მტკიცებით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი რუსული ბოტები რიგითი ამერიკელების სახელით დარეგისტრირდა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საერთო ჯამში 968 ბოტი გამოავლინა, რომლებიც რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი საინფორმაციო სააგენტო Russia Today-ს ეკუთვნის. ბოტები, რომლებიც ამერიკის მოქალაქეებს წარმოადგენდნენ, პლატფორმაზე უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერ კონტენტს ავრცელებდნენ და ქვეყანაში რუსეთის შეჭრას ამართლებდნენ.
ოფიციალური პირების ცნობით, სპეციალურად პლატფორმა X-ისთვის რუსული ბოტების შესაქმნელად AI-პროგრამა Meliorator-ი გამოიყენეს. თუმცა კიბერუსაფრთხოების საკითხებზე FBI-ისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობით დადგინდა, რომ იმავე პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლოა, სხვა პლატფორმებზეც იყო გამოყენებული.
პლატფორმა X-ზე შექმნილი ანგარიშების ნაწილზე პროფილის შესახებ ინფორმაცია თითქმის არაა და ისინი მხოლოდ „მოწონებების“ საშუალებით პოსტებზე ჩართულობის გასაზრდელად გამოიყენებოდა. ანგარიშების ნაწილზე კი განთავსებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პროფილის სურათები, ბიოგრაფიები და მათი პოლიტიკური შეხედულებებიც კი.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ Microsoft-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის კამპანია დაიწყო. Microsoft-ის საფრთხის ანალიზის ცენტრის მოხსნებით, 2024 წლის არჩევნებისთვის რუსეთი ახალ მეთოდებსაც ცდის, მათ შორის გამოიყენებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას.