გთავაზობთ ჯანდაცვის პროგრამების ათეულს, რომლებზეც ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი იხარჯება.
2024 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე 1.6 მლრდ ლარს დახარჯავს. აღნიშნული თანხა ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამაზე (რომლებსაც ოფიციალურად ქვეპროგრამებად მოიხსენიებენ) ნაწილდება. 10 წლის წინ, 2014 წელს ჯანდაცვაზე 588 მლნ ლარი დაიხარჯა. მომდევნო წლებში ზრდის ტენდენცია ჰქონდა და პიკს პანდემიის დროს, 2021 წელს მიაღწია, როდესაც 2.4 მლრდ ლარი დაიხარჯა. პანდემიის დასრულების გამო 2022-2023 წლებში 800 მლნ ლარით შემცირდა, 2024 წლიდან კი ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა და წელს 2023 წელთან შედარებით 21 მლნ ლარით მეტი უნდა დაიხარჯოს.
სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გამოყოფილი დაფინანსება ძირითადად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზეა მიმართული, რომელზეც ჯანდაცვის მთლიანი ხარჯის 64% მოდის. დანარჩენი თანხა ისეთ პრიორიტეტულ სფეროებზე ნაწილდება, რომელთაც საყოველთაო ჯანდაცვა არ ფარავს ან სრულად არ ფარავს. გაგაცნობთ 10 ყველაზე მსხვილ ჯანდაცვის პროგრამას, რომლებიც მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
10. აივ-ინფექციის/შიდსის მართვა -16 მლნ ლარი
აივ-ინფექციის მართვის პროგრამისთვის 2024 წელს 16 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 5.7 მლნ ლარით ნაკლებია 2023 წელს ამ პროგრამაზე დახარჯულ თანხაზე. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს 14 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და ფაქტობრივმა ხარჯმა 21.7 მლნ ლარი შეადგინა. წელს, 6 თვეში, 6.3 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო, მაგრამ 9.6 მლნ ლარი დაიხარჯა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, წელსაც გამოყოფილზე მეტი თანხა დაიხარჯება.
აღნიშნულ პროგრამას სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო“ და სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს. პროგრამის მიზანი აივ-ინფექციის/შიდსის გავრცელების შეფერხება და დაავადებულთათვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
9. ტუბერკულოზის მართვა -17.2 მლნ ლარი
ტუბერკულოზის მართვის პროგრამისთვის 2024 წელს 17.2 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 2.8 მლნ ლარით ნაკლებია 2023 წელს ამ პროგრამაზე დახარჯულ თანხაზე. თუმცა 2023 წელს 13.8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და ფაქტობრივმა ხარჯმა 20 მლნ ლარი შეადგინა. წელს, 6 თვეში, 5.2 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო, მაგრამ 8.4 მლნ ლარი დაიხარჯა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, წელსაც გამოყოფილზე მეტი თანხა დაიხარჯება.
აღნიშნულ პროგრამასაც სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო“ და სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს. პროგრამის მიზანი ტუბერკულოზის ყველა სავარაუდო შემთხვევის გამოკვლევა და დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურებაა.
8. იმუნიზაცია – 30 მლნ ლარი
იმუნიზაციის პროგრამისთვის 2024 წელს 30 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 2023 წელს ამ პროგრამაზე დახარჯულ თანხაზე 3 მლნ ლარით ნაკლებია. 2024 წლის 6 თვეში იმუნიზაციაზე 8.5 მლნ ლარი უნდა დახარჯულიყო, მაგრამ 8.4 მლნ ლარი დაიხარჯა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, წელსაც გამოყოფილზე მეტი თანხა დაიხარჯება.
აღნიშნულ პროგრამას სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს. პროგრამის მიზანი მოსახლეობის დაცვის და შესაბამისი მარაგების შექმნის მიზნით ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა და ვაქცინაციისადმი დაქვემდებარებული პირების აცრაა.
7. დიაბეტის მართვა – 30 მლნ ლარი
დიაბეტის მართვის პროგრამისთვისაც 2024 წელს 30 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 2023 წელს ამ პროგრამაზე დახარჯულ თანხაზე 10.7 მლნ ლარით მეტია. 2024 წლის 6 თვეში დიაბეტის მართვისთვის 10.8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, რომელიც სრულად დაიხარჯა. 5 წლის წინ, 2019 წელს ამ პროგრამისთვის 14 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
აღნიშნულ პროგრამას სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს. პროგრამის მიზანი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება და შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფაა.
6. იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა – 44 მლნ ლარი
იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამისთვისაც 2024 წელს 44 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 2023 წელს ამ პროგრამაზე დახარჯულ თანხაზე 11.8 მლნ ლარით მეტია. 2023 წელს 30 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და ფაქტობრივმა ხარჯმა 32.2 მლნ ლარი შეადგინა. 2024 წლის 6 თვეში ამ პროგრამისთვის 27.7 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, რომელიც სრულად დაიხარჯა. 5 წლის წინ, 2019 წელს იშვიათი დაავადებების სამკურნალოდ 9.5 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
აღნიშნულ პროგრამას სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს. პროგრამის მიზანი იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებაა. პროგრამა მოიცავს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ჰემოფილია, ფენილკეტონურია, მუკოვისციდოზი, მემკვიდრეობითი ჰიპოგამაგლობულინემია, ზრდის ჰორმონის დეფიციტი, ტერნერის სინდრომი, იუვენალური ართრიტი, ფილტვების იდიოპათიური ფიბროზი, სპინალური კუნთოვანი ატროფია და სხვა.
5. ფსიქიკური ჯანმრთელობა – 50 მლნ ლარი
ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამისთვისაც 2024 წელს 50 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 2023 წელს ამ პროგრამაზე დახარჯულ თანხაზე 11.3 მლნ ლარით მეტია. 2023 წელსაც 50 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ 38.7 მლნ ლარი დაიხარჯა. 2024 წლის 6 თვეში ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ 19.7 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, რომელიც სრულად დაიხარჯა. 5 წლის წინ, 2019 წელს ამ პროგრამისთვის 24 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
აღნიშნულ პროგრამას სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს. პროგრამის მიზანი მოსახლეობისთვის ფსიქიატრიული მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რაც ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას, ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, ფსიქიატრიულ ინტერვენციას, თემზე დაფუძნებულ მობილური გუნდის მომსახურებას და ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფას მოიცავს.
4. დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია – 50 მლნ ლარი
დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამისთვისაც 2024 წელს 50 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 2023 წელს ამ პროგრამაზე დახარჯულ თანხაზე 14.3 მლნ ლარით მეტია. 2023 წელს 56 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ 35.7 მლნ ლარი დაიხარჯა. 2024 წლის 6 თვეში დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამისთვის 16.3 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, რომელიც სრულად დაიხარჯა. 5 წლის წინ, 2019 წელს ამ პროგრამისთვის 39.3 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
აღნიშნულ პროგრამას სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს. პროგრამის მიზანი პაციენტთა ჰემოდიალიზითა და პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა, თირკმლის ტრანსპლანტაცია და ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესიული მედიკამენტებით უზრუნველყოფაა.
3. რეფერალური მომსახურება – 70 მლნ ლარი
რეფერალური მომსახურების პროგრამისთვის 2024 წელს 70 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 2023 წელს ამ პროგრამაზე დახარჯულ თანხაზე 1.7 მლნ ლარით მეტია. 2023 წელს 68.3 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, რომელიც სრულად დაიხარჯა. 2024 წლის 6 თვეში რეფერალური მომსახურებისთვის 32.8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, რომელიც ასევე სრულად დაიხარჯა. 5 წლის წინ, 2019 წელს ამ პროგრამისთვის 27 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
აღნიშნულ პროგრამას სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო“ და ა(ა)იპ „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ ახორციელებს. პროგრამის მიზანი სტიქიური უბედურებების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტების რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთათვის და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა რეაბილიტაციის უზრუნველყოფაა.
2. პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა – 210 მლნ ლარი
პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის პროგრამისთვის2024 წელს 210 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 2023 წელს ამ პროგრამაზე დახარჯულ თანხაზე 23 მლნ ლარით მეტია. 2023 წელს 199 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა 187 მლნ ლარი დაიხარჯა. 2024 წლის 6 თვეში გადაუდებელ სამედიცინო დახმარებისთვის 91 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც 89 მლნ დაიხარჯა. 5 წლის წინ, 2019 წელს ამ პროგრამისთვის 71 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
აღნიშნულ პროგრამას სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“, სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო“ და ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ ახორციელებს. პროგრამის მიზანი სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, სოფლად პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება და სპეციალურ დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდებაა.
1. მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა – 1.035 მლრდ ლარი
მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის 2024 წელს 1,035 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც ჯანმრთელობის დაცვისთვის გამოყოფილი ჯამური თანხის 64%-ია. 2023 წელს ამ პროგრამაზე 27 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე წელს არის გამოყოფილი. თუმცა 2023 წელს თავდაპირველად 980 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და ფაქტობრივმა ხარჯმა 1,062 მლნ ლარი შეადგინა. 2024 წლის 6 თვეში საყოველთაო ჯანდაცვისთვის 596 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, რომელიც სრულად დაიხარჯა. 5 წლის წინ, 2019 წელს ამ პროგრამისთვის 829 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.
აღნიშნულ პროგრამას სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს. პროგრამის მიზანია მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით: გეგმური და გადაუდებელი ამბულატორიული, გადაუდებელი სტაციონარული და გეგმური ქირურგიული მომსახურების, ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიისა და სხივური თერაპიის, მშობიარობისა და საკეისრო კვეთის სერვისების დაფინანსება, ბენეფიციართა გარკვეული ჯგუფების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება, მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, ინფექციური და პარაზიტული დაავადებების მქონე ავადმყოფთა სტაციონარული სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა.