ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე აქციების საჯაროდ განთავსების შემდეგ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი ჩინური კომპანიის, Midea Group-ის აქციათა ფასი 9.5%-ით გაიზარდა. კომპანიამ ბოლო საინვესტიციო რაუნდით დამატებით $4 მილიარდი მოიზიდა, რაც გასული ოთხი წლის განმავლობაში ჰონგ-კონგში დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
Midea-ს აქციები ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე 54.80 ჰონგკონგურ დოლარად შეფასდა. განთავსებიდან მალევე კი ერთი აქციის ღირებულება 9.5%-ით, 60.00 ჰონგკონგურ დოლარამდე გაიზარდა. დღევანდელი მოცემულობით, აღნიშნულ საფონდო ბირჟაზე ყველაზე აქტიურად სწორედ Midea-ს აქციები ივაჭრება.
ფინანსური ანალიტიკოსები და ბანკირები იმედოვნებენ, რომ Midea-ს მიერ აქციების საჯაროდ სწორედ ჰონგ-კონგის ბირჟაზე განთავსება აღნიშნულ ბირჟას ახალ სიცოცხლეს შესძენს და უფრო აქტიურს გახდის. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ჰონგ-კონგის ბირჟაზე აქციებით ვაჭრობის მაჩვენებელი სულ უფრო მცირდება.
დიდი მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ, Midea-მ გასაყიდად ხელმისაწვდომი აქციების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა. ჯამში ჩინურმა მწარმოებელმა 565.9 მილიონი ერთეული აქცია გაყიდა.
წელს ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე, Midea-ს ჩათვლით $6.5 მილიარდის ღირებულების IPO განხორციელდა. შარშან, იმავე პერიოდისთვის აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ $2.7 მილიარდი გახლდათ. რეკორდულ, 2021 წელს კი ჰონგ-კონგის ბირჟაზე სავაჭროდ $35.7 მილიარდის ღირებულების აქციები განთავსდა.