დღეს ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა, Tesla-მ, კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. მესამე კვარტალის შედეგებმა Wall Street-ის ანალიტიკოსთა პროგნოზს გადააჭარბა და 2024 წელს პირველად ზრდა დააფიქსირა. ამის ფონზე, ამერიკული საფონდო ბირჟების გახსნამდე Tesla-ს აქციების ფასი 12%-ით გაიზარდა.
მესამე კვარტალის მონაცემებით, Tesla-მ $2.51 მილიარდის წმინდა შემოსავალი მიიღო, ანალიტიკოსები კი $2.01-ს მილიარდს ვარაუდობდნენ. მთლიანმა შემოსავალმა ამ პერიოდის განმავლობაში $25.18 მილიარდი შეადგინა, რაც მცირედით ნაკლებია პროგნოზირებულ $25.47 მილიარდზე.
კვარტალური ანგარიშის თანახმად, ზედიზედ ოთხჯერ უარყოფითი შედეგების დაფიქსირების შემდეგ, კომპანიამ გაყიდვებისა და წმინდა შემოსავლის 8%-იანი წლიური ზრდა დააფიქსირა.
გარდა ამისა, Tesla-ს განცხადებით, წლის ბოლოსთვის მატება ელექტრომობილების მიწოდების მიმართულებითაც იქნება, რაც კომპანიისათვის ასევე დადებითი სიახლეა. ფინანსური ანალიტიკოსები 2024 წელს ავტომობილების მიწოდების 1.81 მილიონიდან 1.78 მილიონამდე შემცირებას პროგნოზირებდნენ.
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ავტომობილების მიწოდების 25-30%-ით ზრდას აანონსებს და იმედოვნებს, რომ კომპანიის ახალი რობოტაქსის სერვისი ტეხასსა და კალიფორნიაში 2025 წლიდან გაეშვება.